საქმე №200210014600203 28 ივლისი, 2015 წელი
№ას-577-548-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. დ-ი, ჯ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „გ-ომ“ მოპასუხეების – თ. და ჯ. დ-ების მიმართ და მოითხოვა მოპასუხე თ. დ-ისათვის მის სასარგებლოდ 88845.50 ლარის დაკისრება, ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოპასუხე ჯ. დ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თ-ში, ო-ის ქ.№...-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „გ-ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. თ. დ-ს შპს „გ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 88845.50 ლარის ანაზღაურება;
3. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დადგინდა მოპასუხე ჯ. დ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თ.ში, ო-ის ქ.№...-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით:
თ. და ჯ. დ-ების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. და ჯ. დ-ებმა.
კერძო საჩივრის საფუძველი:
ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აპელანტებმა დროულად ვერ წარადგინეს იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ არასაკმარისი დრო მისცა ბაჟის შესატანად, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ბაჟის გადასახდელად აპელანტებს გონივრული ვადა უნდა მიეცეთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ჯ. დ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტებს –თ. და ჯ. დ-ებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, მათ დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1449 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ამავდროულად, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 3-6).
სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ აპელანტებს 2015 წლის 10 მარტს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 9-10).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 11 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 20 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ არასაკმარისი დრო მისცა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოხსენებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დადგენილი 10 დღიანი ვადა ვერ იქნება მიჩნეული არაგონივრულ ვადად, ვინაიდან აპელანტებისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების მომენტიდანვე ცნობილი იყო, რომ მათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოუწევდათ, შესაბამისად, ისინი ამისათვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუ აპელანტებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა საკმარისი არ იყო დავალებული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ამოწურვამდე მიემართათ სასამართლოსათვის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, მოეთხოვათ საპროცესო ვადის გაგრძელება. როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტებს სასამართლოსათვის რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. და ჯ. დ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი