Facebook Twitter

საქმე №330210014533267 20 ივლისი, 2015 წელი

№ას-581-552-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სარჩელი მოპასუხე რ. ა-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. გ-მა.

კერძო საჩივრის საფუძველი:

საქმეში წარდგენილი სამედიცინო ცნობის მიხედვით, აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას არ შეეძლო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ხსენებული ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია, და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. გ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე: მ-ის რაიონის სოფელ მ-ში (ტომი 1, ს.ფ. 61). სასამართლო გზავნილი 2014 წლის 28 ნოემბერს ჩაიბარა გ. გ-ის შვილმა, ნ.გ-მა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის მიხედვით ითვლება ადრესატისათვის (გ.გ-ისათვის) ჩაბარებად (ტომი 1, ს.ფ. 62).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2014 წლის 29 ნოემბერს და დასრულდა 2014 წლის 12 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით – 2015 წლის 6 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად გ. გ-ის კერძო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ განაპირობებს კერძო საჩივრის ავტორის მითითება სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის (ავადმყოფობის) არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი