Facebook Twitter

საქმე № 330210013356671

საქმე №ას-589-557-2015 22 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ჭ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. დ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჭ.-ის მიმართ სესხის – 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 7 აპრილს რ. დ.-ამ ლ. ჭ.-ეს ასესხა 15 000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. ლ. ჭ.-ემ 2012 წლის 25 დეკემბერს რ. დ.-ას გადაუხადა 9 თვის სარგებელი – 4 000 აშშ დოლარი.

2012 წლის იანვრიდან ლ. ჭ.-ე სარგებელს იხდიდა ნაწილობრივ და 2013 წლის აგვისტოსათვის სარგებლის სახით საერთო ჯამში გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარი. გადაუხდელი სარგებელი შეადგენს 7000 აშშ დოლარს. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. ჭ.-ის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, რისი გათვალისწინებით რ. დ.-ამ მოითხოვა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის – 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – 9 000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ რ. დ.-ასაგან სესხი არ აუღია, არამედ 15 000 აშშ დოლარი მიიღო მისგან საერთო საქმიანობის საწარმოებლად. მხარეები პროცენტზე არ შეთანხმებულან. ლ. ჭ.-ემ მოსარჩელეს 6000 აშშ დოლარი დაუბრუნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით რ. დ.-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ჭ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც დამატებით 900 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. დ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ლ. ჭ.-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დამატებით 900 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც ლ. ჭ.-ემ შეიტანა საჩივარი.

ამავე სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 241-ე მუხლებით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ლ. ჭ.-ის წარმომადგენელ მ. ფ.-ს 2014 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შესახებ უწყება სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე, ქ.თ.-ში, ჯ.-ს ქ. №..-ში გაეგზავნა 2014 წლის 8 ივლისს და 2014 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა მ. ფ.-ის ოჯახის წევრ ლ. ი.-ს (მ. ფ.-ის შვილი პ/ნ ...).

საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2014 წლის 29 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე. მხარეს არ მიუთითებია სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული და, სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებისა და 230-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას, ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად ითვლება.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 7 აპრილს რ. დ.-ამ ლ. ჭ.-ეს ასესხა 15000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. ლ. ჭ.-ემ საქმეში არსებული ხელწერილების შესაბამისად, მოსარჩელეს დაუბრუნა მხოლოდ 5100 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 9900 აშშ დოლარი, საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 9000 აშშ დოლარი, რის გამოც დამატებით დასაკისრებელი თანხა შეადგენს 900 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილად მიჩნეული აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დასახელებული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა საჩივრის ავტორის არგუმენტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მხარის ახსნა-განმარტებაც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს მიეკუთვნება, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეეფასებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარის განმარტებები თანხის ამა თუ იმ ოდენობით გადახდის თაობაზე. კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით, რაც განსახილველ შემთხვევაში სწორადაა დადგენილი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ლ. ჭ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება რ. დ.-ას სააპელაციო საჩივარზე. ფაქტობრივად, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ მხარის გამოუცხადებლობაზე და არ შეაფასა, ამართლებდა თუ არა აპელანტის მოთხოვნა მის მიერ მითითებულ გარემოებებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავად აპელანტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ. ჭ.-ისაგან მიღებული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი და არა 5100 აშშ დოლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ლ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

ანალოგიური პრინციპით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ 2014 წლის 8 ივლისს ლ. ჭ.-ის წარმომადგენელ მ. ფ.-ს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 40), გაეგზავნა 2014 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შესახებ უწყება სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე ქ.თ.-ში, ჯ.-ს ქ. №..-ში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

შპს „სკს-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ 2014 წლის 8 აგვისტოს სასამართლო უწყება ჩაბარდა მ. ფ.-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს – ლ. ი.-ს, რის დასტურად ბარათზე დასმულია მიმღების პირადი №... (ტომი 2, ს.ფ. 21).

შესაბამისად, აპელანტ რ. დ.-ას მოწინააღმდეგე მხარეს – ლ. ჭ.-ეს საქმის განხილვისა და პროცესზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა, თუმცა ეს უკანასკნელი სააპელაციო სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სააპელაციო პალატას არ აცნობა.

ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად რ. დ.-ას მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2011 წლის 7 აპრილს რ. დ.-ამ ლ. ჭ.-ეს ასესხა 15000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით.

საქმეში არსებული ხელწერილების შესაბამისად, ლ. ჭ.-ემ მოსარჩელეს დაუბრუნა მხოლოდ 5100 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 9900 აშშ დოლარი, საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 9000 აშშ დოლარი, რის გამოც დამატებით დასაკისრებელი თანხა შეადგენს 900 აშშ დოლარს.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დადგენილად მიჩნეული აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ერთი მხარე – გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს თანხას ან სხვა გვაროვნულ ნივთს მეორე ხელშემკვრელ მხარეს – მსესხებელს, რომელიც ვალდებულია, მხარეთა შეთანხმებული პირობების დაცვით დაუბრუნოს გამსესხებელს მიღებული ქონებრივი სიკეთე. ამასთან, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ლ. ჭ.-ეს რ. დ.-ას მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, რის გამოც კასატორს მართებულად დაეკისრა ნასესხები თანხის გადაუხდელი ნაწილის – 900 აშშ დოლარის გადახდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა ლ.ჭ.-ემ ვერ დაადასტურა.

ამდენად, ლ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური