საქმე №ას-595-563-2015 17 ივლისი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ნ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ. ფ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ა. ჯ. ფ-იმ" სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ ნ. მ-ის მიმართ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ. ფ-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 იანვრის საოქმო განჩინებით ი/მ ნ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით ი/მ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ ი/მ ნ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ბ-ის ოჯახის წევრს (მეუღლეს) დ. გ-ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2015 წლის 17 აპრილს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 18 აპრილს და დასრულდა 2015 წლის 27 აპრილს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი/მ ნ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით ისე დააკისრა მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომ არ მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ ნ. მ-მა სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ჯანმრთელობისა და ქონებრივი მდგომარეობის გამო (იხ. ტ. 1. ს.ფ. 96). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი/მ ნ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 1007.57 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 3-5).
დადგენილია ასევე და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, ლ. ბ-ეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2015 წლის 16 აპრილს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 8) და ჩაბარდა 2015 წლის 17 აპრილს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 9). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 აპრილს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა მხარეს წარმოედგინა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ამრიგად, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე და მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეულ მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მხოლოდ შუამდგომლობის ავტორის მითითება სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ, არ წარმოადგენს მხარის სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ) დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი/მ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე