Facebook Twitter

საქმე №330210014584915 28 ივლისი, 2015 წელი

№ას-596-564-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ც-ემ მოპასუხე გ. დ-იას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2400 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. მ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გ. დ-იას მ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა;

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ც-ემ.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

გასაჩივრებული განჩინება მოტივირებულია იმით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2015 წლის 14 აპრილს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც 10 აპრილს ამოიწურა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2015 წლის 10-13 აპრილი სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით უქმე დღეებს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლისა და შრომის კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება და მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს, 2015 წლის 28 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 10 აპრილს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2015 წლის 14 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, კერძოდ, გასაჩივრების ვადის ათვლის დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2015 წლის 10-13 აპრილი სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებული უქმე დღეები იყო.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ვადის უკანაკსკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლი განსაზღვრავს უქმე დღეების ჩამონათვალს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უქმე დღეებია სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გადამავალია).

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2015 წლის 10-13 აპრილი იყო სააღდგომო და, შესაბამისად, უქმე დღეები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა მთავრდებოდა 2015 წლის 10 აპრილს, მაგრამ, ვინაიდან ეს დღე იყო უქმე დღე, ხოლო მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე კი - 14 აპრილი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დამთავრების დღედ სწორედ იგი მიიჩნევა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2015 წლის 14 აპრილს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ხოლო 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე მ. ც-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი