საქმე №330210014516609
საქმე №ას-597-565-2015 22 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ქ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ.-ის მიმართ დავალიანების – 16 609.78 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 378.72 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 10 228.98 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 5003 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2010 წლის 11 ოქტომბერს სს „ს. ბ.-სა“ და დ. ქ.-ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელმა 60 თვის ვადით მიიღო სესხი 24 840 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 16%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ს ოდენობით.
მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანების ძირითადი თანხაა 1 378.72 აშშ დოლარი, პროცენტი – 10 228.98 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 50 000 აშშ დოლარი, სულ – 61 638.76 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დარიცხული პირგასამტეხლო შეამცირა 90%-ით და პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 5 003 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად გაზარდა გაურკვეველი დიდი პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. მხარემ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ხელშეკრულება დაირღვა 2011 წლის 15 მარტიდან. ამასთან, სესხის უზრუნველსაყოფად გირაოთი დატვირთული ავტომანქანის რეალიზაცია ბანკმა განახორციელა არასამართლიან ფასში, ვინაიდან მისი ღირებულება გაცილებით მეტი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ქ.-ეს სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 116.82 აშშ დოლარის, პროცენტის – 4 110.63 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 500.3 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით აპელანტ დ. ქ.-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 189.11 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
2015 წლის 13 მარტს დ. ქ.-ემ წარადგინა განცხადება სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადების ან ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დ. ქ.-ე სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჰყავს პენსიონერი დედა, რომელიც არის ინვალიდი და ოჯახს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფინანსური რესურსი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
სააპელაციო პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით აპელანტ დ. ქ.-ის წარმომადგენლის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა 7 დღით გაუგრძელდა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2015 წლის 14 აპრილს აპელანტმა განმეორებით მიმართა სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადების ან ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის შესახებ შუამდგომლობებზე აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 მარტის განჩინებით უარი ეთქვა უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებით განმეორებით მიმართვა წარმოადგენდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელაობას და, რადგან იმავე საფუძვლით აპელანტის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს ერთხელ უკვე ეთქვა უარი, ამდენად, წინამდებარე შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება ხარვეზის შევსების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები განემარტა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ქ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
მხარემ განმარტა, რომ დ. ქ.-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რა დროსაც აპელანტმა მიმართა სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა აღსანიშნავია, რომ დ. ქ.-ეს არ ჰქონდა ფინანსური რესურსი, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რადგან თავად დ. ქ.-ე და მისი ძმა – ი. ქ.-ე მსჯავრდებულები არიან და ჰყავთ ინვალიდობის მქონე დედა. იმის გამო, რომ ძმები ვერ უზრუნველყოფენ ოჯახს მატერიალურად, მათი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს დედის პენსია. ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოს წარედგინა. ამასთან, დ. ქ.-ემ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის გამო, ვერ განახორციელა მტკიცებულებების მოპოვებისათვის საჭირო ქმედებები. მის დედას კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ინვალიდობის გამო, არ შესწევს უნარი, აქტიურად ჩაერთოს მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში.
მხარემ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესი სასამართლო ხარჯების გადახდის ან მათი ოდენობის შემცირებისათვის მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ არ შეიძლება, მივიჩნიოთ ყველაზე მაღალი იერარქიული აქტით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლების ხელყოფის საფუძვლად. აღნიშნული უფლების უგულებელყოფა არ შეიძლება, მოხდეს პირის ფინანსური მდგომარეობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქმეზე ს/კ „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (№38736/04). აპლიკანტი მიუთითებდა, რომ „სასამართლო ინსტანციებში წარმოებული საქმეების განხილვისას არსებული მაღალი გადასახადების გამო, კლუბი „მრეტები“ აღმოჩნდა ფინანსურ კოლაფსში“, რის გამოც კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ყველასათვის უზრუნველყოფს უფლებას, ნებისმიერი საჩივრით მიმართოს სასამართლოს განმცხადებლის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებით. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, თავის იურისდიქციაში უზრუნველყონ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონვენციის მე-6 მუხლის ფუნდამენტური გარანტიები სააპელაციო სასამართლოებში, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოებში. შესაბამისად, აპლიკანტს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლება, რომ მისი საქმე განეხილა უზენაეს სასამართლოს – 2004 წლის 30 იანვრისა და 15 მარტის გადაწყვეტილებებით შეეზღუდა.
დ. ქ.-ემ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეებზე ბაჟის გადახდის აუცილებლობა საქმის განხილვის დასაწყებად არ შეიძლება, განიხილებოდეს როგორც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების – აპლიკანტის გადახდისუნარიანობისა და განხილვის სტადიის გათვალისწინებით, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა. მეტიც, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.
განსახილველ შემთხვევაშიც მხარემ ჩათვალა, რომ დ. ქ.-ეს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებული უფლება სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინებით შეეზღუდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. ქ.-ეს სს „ს. ბ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 116.82 აშშ დოლარის, პროცენტის – 4 110.63 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 500.3 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა, ამასთან, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ. სს „ს. ბ.-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ. ქ.-ემ თავის სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით დ.ქ.-ის ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე საერთოდ არ უმსჯელია და აპელანტს დაუდგინა 10 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 189,11 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების შესახებ იმ მოტივით, რომ თავად დ. ქ.-ე და მისი ძმა – ი. ქ.-ე იხდიდნენ სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო მხარის დედა სარგებლობდა ინვალიდის სტატუსით. ოჯახის შემოსავალს შეადგენდა დედის პენსია. აპელანტს იმის შესაძლებლობაც არ გააჩნდა, რომ საჯარო და სამეწარმეო რეესტრებიდან გამოეთხოვა ინფორმაცია უძრავი ქონებისა და რომელიმე საწარმოში წილის არქონის შესახებ, რადგან აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
სააპელაციო პალატამ 2015 წლის 31 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით, ხოლო ანალოგიური შინაარსის განმეორებითი შუამდგომლობა სასამართლომ დატოვა განუხილველად დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივართან ერთად.
სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი, რომლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და განუხილველად დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორ დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზის დასასაბუთებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა შუამდგომლობა წარუდგინა სააპელაციო პალატას და მიიჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების წინაპირობები. ასეთად მხარემ მიიჩნია მის ოჯახში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რამაც საშუალება არ მისცა აპელანტს, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
აპელანტმა დ. ქ.-ემ თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ მისი ოჯახი უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია. თავად მხარე და მისი ძმა – ი. ქ.-ე სასჯელს იხდიან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო მათი დედა პენსიონერია, ინვალიდობის მქონე პირია და ოჯახის ერთადერთ შემოსავალს სწორედ მისი პენსია წარმოადგენს.
ზემოთ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მხარემ წარადგინა თავისი დედის – ნ. ქ.-ის საპენსიო წიგნაკის ასლი (ტომი 2, ს.ფ. 29). მოცემული საქმის მასალებიდან (სასამართლო გზავნილებიდან და ა.შ.) ასევე დასტურდება, რომ დ. ქ.-ე იყო მსჯავრდებული და იხდიდა სასჯელს, ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა IV – 100/ა აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ პაციენტი დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, დაძაბვის სტენკოარდიით, არტერიული ჰიპერტენზიით, პროქსიმალური 50% სტენოზით, გადატანილი აქვს სელექციური კორონაროგრაფია, მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობა, ჰემორაგიული შოკი. იგი საჭიროებს მუდმივ მკურნალობასა და მეთვალყურეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან სარწმუნოდ დასტურდება დ. ქ.-ის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობები.
მართალია, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის სრულად გათავისუფლების შესახებ, რომელზეც სააპელაციო პალატას არანაირი რეაგირება არ მოუდენია, თუმცა სავსებით მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოთ მოყვანილი გარემოებების საფუძველზე აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით მხარეს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება შეეზღუდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. ამდენად, მისი გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს და შეაფასოს თანხის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.
სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. სასამართლო სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით მრავალ საქმეზე და, მათ შორის, საქმეებზე: კრეუცი პოლონეთის წინააღმდეგ, იედამსკა და იედამსკი პოლონეთის წინააღმდეგ, გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ, ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და ა. შ. განმარტა შემდეგი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის უფლებას, სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები და მოვალეობები.
სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება „სასამართლოს უფლების“ მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული კომპონენტი კონვენციის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის გარანტიაა. „სასამართლოს უფლება“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი აძლევს რა მხარეებს თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად „სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას“, სახელმწიფოს ამავე დროს აღნიშნული უფლების შეზღუდვის იმ საშუალებათა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ანიჭებს, რომელთა მეშვეობითაც “სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება“ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა ამავე დროს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგიერთ საქმეზე დასაშვებად მიიჩნია ფიზიკურ პირთათვის სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული სახის, მათ შორის, ფინანსური შეზღუდვის დაწესება. აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებით იმ საქმეებს ეხება, სადაც საჩივრის დასაშვებობაზეა საუბარი ან სადაც მართლმსაჯულება მომჩივნისაგან იმ ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს, რომლებიც მეორე მხარემ გასწია. სარჩელის ან საჩივრის დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაგებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად, თუმცა სასამართლოს მიერ გამოყენებულმა შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდოს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება იმ გზით ან იმ ფარგლებში, რაც თვით აღნიშნული უფლების (სასამართლო ხელმისაწვდომობის) არსს ხელყოფს: სასამართლო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობის ჩათვლით; ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალწარმოების ეტაპი, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი არ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოების შექმნას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, მაშინ აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, თუმცა მოცემულ უფლებათა დაცვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნული ინსტანციის სასამართლოების თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას არა თეორიული, ილუზიური უფლებები, არამედ უზრუნველყოს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების განხორციელება და დაცვა, სწორედ ისეთის როგორიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ადგილიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: 1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს; 2. შეზღუდვები შეიძლება ატარებდეს ფინანსურ ხასიათს, რაც მოსარჩელისა ან განმცხადებლისათვის ბაჟის დაკისრებაში გამოიხატება; 3. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში; 4. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა; 5 .თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად; 6. შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის; 7. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის, ფინანსური, არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არაგონივრული.
სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმ ნაწილშიც, რომლითაც სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დ. ქ.-ის მიერ განმეორებით შუამდგომლობის წარდგენა ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. აღნიშნული კუთხით ნიშანდობლივია, რომ დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობა ვერ გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო ამავე საქმის ფარგლებში ისედაც იხილავდა მოწინააღმდეგე მხარის – სს „ს. ბ.-ის“ სააპელაციო საჩივარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ქ.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ქ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე