საქმე №ას-598-566-2015 24 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ც. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „ა–77“ (თავმჯდომარე დ.კ.), ა.ქ., დ.გ., ქ.ჯ., ე.ტ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმებისა და ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.ც–მ მოითხოვა ა.ქ–თვის ქონების გადაცემის ნაწილში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა– 77-ის“ 2011 წლის 20 სექტემბრის №2 და 2011 წლის ნოემბრის კრების ოქმების (თარიღი მითითებული არ არის) ბათილად ცნობა, ასევე, 2011 წლის 2 ნოემბრის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
ბმა „ა–77-მა“ (თავმჯდომარე დ.კ.), ა.ქ–მ, დ.გ–ამ, ქ.ჯ–მა და ე.ტ–მა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.ც–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ა–77-ის“ 2011 წლის 20 სექტემბრის №2 კრების ოქმი და ბმა „ა–77-ის“ 2011 წლის ნოემბრის ოქმი ა.ქ–თვის სადავო ქონების გადაცემის ნაწილში, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ.ც–ის სარჩელი 2011 წლის 2 ნოემბრის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ქ–მ.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ქ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ც–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ც–მ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ლ.ც–ის საკასაციო საჩივარი გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
6. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების მოთხოვნა:
ლ.ც–მ მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძლები:
6.1.1. 2014 წლის 26 სექტემბრის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში ..... არსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ლიტ „ა-ს“, ხოლო ლიტ „ბ“ დამხმარე ნაგებობაა. ამ შემთხვევაში იდეალურ წილზე საერთოდ არაა საუბარი, რადგან ოთახები დანომრილია და გადანაწილებული, ანუ ქონება იდენტიფიცირებულია.
6.1.2. საცხოვრებელი ლიტ „ა“ სახლის 5/18, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, იდეალური წილია თუ არა, არ მოიცავს 28.91 კვ.მ ლიტ „ბ-ს“. მითითებული დასკვნის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ლ.ც–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
7.1. გასაჩვრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1.1. განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან 2014 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებდა, რომ ქ.თბილისში ..... არსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ლიტ „ა-ს“, ხოლო ლიტერ „ბ“, ლიტერ „კ“ და ლიტერ „გ“ დამხმარე ნაგებობებია. ამ შემთხვევაში იდეალურ წილზე საერთოდ არაა საუბარი, რადგან ოთახები დანომრილი და გადანაწილებულია, ანუ ქონება იდენტიფიცირებულია. საცხოვრებელი ლიტ „ა“ სახლის 5/18, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა იდეალური წილია თუ არა, არ მოიცავს 28.91 კვ.მ ლიტ „ბ-ს“.
7.1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ კანონის შემდგომი ნორმებით ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად.
7.1.3. ლ.ც–ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი წარმოადგენდა, რომელიც ახლად აღმოჩენილად ისეთ მტკიცებულებას ან გარემოებას მიიჩნევს, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არსებობს, მაგრამ მხარეს ობიექტური მიზეზით არ შეუძლია ამ მტკიცებულების წარდგენა ან ახალ გარემოებაზე მითითება: მათი არსებობის შესახებ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ინფორმირებული არ არის. სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი წერილობითი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადდა საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ახლად აღმოჩენილად ვერ შეფასდება და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
7.1.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2013 წლის 17 იანვარს იყო მიღებული, ექსპერტიზის დასკვნა კი მომზადდა 2014 წლის 26 სექტემბერს, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
7.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის არსებითი განხილვისას, თუ რომელიმე მხარე მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს სათანადოდ ვერ გასწევს, საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ახალი მტკიცებულებების მომზადება ან მოპოვება საქმის განხილვის შედეგზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
8. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ც–მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
8.1.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს. ლ.ც–მ მიუთითა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებაზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მთლიანად დაკარგა საკუთრების უფლება ...... მდებარე ქონებაზე, მათ შორის ლიტერ „ბ-ზე“, საკუთარი წილის გასხვისებით, რადგანაც მამკვიდრებელ თ.ც–ზე ირიცხებოდა ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის 5/18 იდეალური წილი და ლიტერ „ბ“ ნაგებობა, ისევე, როგორც ლიტერ „ა“ წარმოადგენდა მთლიანი სახლთმფლობელობის შემადგენელ ნაწილს. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა და იმსჯელა იმ საფუძვლებზე, რაც მხარეს არ მიუთითებია _ დავის საგანს წარმოადგენდა კრების ოქმის ბათილად ცნობა და არა ლიტერ „ბ“ ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება.
8.1.2. 2014 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს ლიტ „ა“, ხოლო ლიტ „ბ“ დამხმარე ნაგებობაა, იდეალური წილი არ განიხილება, რადგანაც ქონება იდენტიფიცირებულია. ლიტერ „ა“, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იდეალური წილი, არ მოიცავს ლიტერ „ბ-ს“. აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რომლის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობა სარჩელის შინაარსმა განაპირობა, მისი წარდგენის აუცილებლობა კი, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ც–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.ც–ის სასარჩელო მოთხოვნას ა.ქ–თვის სადავო ქონების გადაცემის ნაწილში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა– 77-ის“ 2011 წლის 20 სექტემბრის №2 და 2011 წლის ნოემბრის კრების ოქმების (თარიღი მითითებული არ არის), ასევე 2011 წლის 2 ნოემბრის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების თანახმად, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით ...... მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში საცხოვრებელი სახლის 5/18 ნაწილი აღრიცხული იყო მოსარჩელის აწ გარდაცვლილი დედის - თ.ც–ის სახელზე. ტექ.ბიუროს არქივში ასევე ინახება 1987 წლის 10 ივლისის „სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულება“, რომლის მიხედვითაც თ.ც. მითითებულია ქონების შემდეგი წილის მესაკუთრედ: ლიტ „ა“- 5/18 ნაწილი; ლიტ „ბ“- ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობა. თ.ც–ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრე ლ.ც–მ მემკვიდრეობით მიიღო ქ.თბილისში, ..... საკუთარი სახლის 5/18 ნაწილი, ლიტ „ა“ და ლიტ „ბ“ დამხმარე სათავსი. 1994 წლის 22 ივნისს ლ.ც–მ თ.ც–გან მემკვიდრეობით მიღებული ქონების - ქ.თბილისში, ..... მდებარე სახლის 5/18 ნაწილი მიჰყიდა მ.ბ–ს, ამ უკანასკნელმა კი, ქონება ა.ქ–ზე გაასხვისა. ლიტ „ბ-ში“ მდებარე ქონებას ფლობს და ამ ქონებით სარგებლობს მოსარჩელე. მოპასუხე ა.ქ–ს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ლიტ „ბ-ს“ საკუთრებად რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ა.ქ–სა და მ.ბ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ლიტ „ბ-ს“ საკუთრებაში გადაცემა არ დასტურდებოდა, შესაბამისად, სადავო ქონებაზე ა.ქ–ის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი გახდა ამხანაგობის კრების გასაჩივრებული ოქმები, რომლითაც ლიტ „ბ“ ნაგებობა გადაეცა ა.ქ–ს, ხოლო 2011 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეებმა გამიჯნეს კუთვნილი თანასაკუთრების ფართები.
1.3. საქმეში წარმოდგენილი ა.ქ–ის შესაგებლის თანახმად, მოპასუხე ამტკიცებდა, რომ ლიტ „ბ“ ნაგებობა წარმოადგენდა ლიტ „ა“ ნაგებობის შემადგენელ ნაწილს და მას საკუთრება სწორედ ნასყიდობის გზით ჰქონდა მოპოვებული, ამდენად, მტკიცების საგანში შემავალ ფაქტს წარმოადგენდა სწორედ ის, ლიტ „ა“ და ლიტ „ბ“ ნაგებობები დამოუკიდებელი უფლების ობიექტები იყო, თუ საზიარო საგნიდან მოსარჩელის კუთვნილი 5/18 იდეალური წილი, რომელიც მან მ.ბ–ს მიჰყიდა.
1.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩვრებული განჩინების მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ მისი, როგორც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება.
1.5. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, რომლის გაუქმებასაც კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1994 წლის ცნობა-დახასიათების თანახმად, თ.ც–ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ.თბილისში, ....... მდებარე სახლთმფლობელობის 5/18 ნაწილი. აღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში მოკლედ იყო გაშიფრული ხსენებული სახლთმფლობელობის მახასიათებლები, კერძოდ: მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი - 586 კვ.მ; ლიტერი „ა“ - სამსართულნახევარი საცხოვრებელი სახლი, გაშენების ფართი - 216 კვ.მ; სასარგებლო ფართი - 487,87კვ.მ; საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - 18; საცხოვრებელი ფართი - 377,88კვ.მ; დამხმარე ფართი - 109,99კვ.მ; სამეურნეო ფართი - 119,11კვ.მ; ლიტერი „ბ“ - დამხმარე სათავსი, გაშენების ფართი - 28 კვ.მ.
1.6. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, 1994 წლის 10 მაისს გარდაცვლილი თ.ც–ის სამკვიდრო ქონება: ქ.თბილისში, .... მდებარე: საცხოვრებელი სახლის 5/18 ნაწილი: ლიტერ „ა“ - სამსართულნახევარი საცხოვრებელი სახლი და ლიტერ „ბ“ - დამხმარე სათავსი, მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა, მოსარჩელე ლ.ც–მ.
1.7. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ 1994 წლის 29 ივნისს ლ.ც–მ მ.ბ–ს 120 000 000 კუპონად მიჰყიდა ქ.თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის 5/18 ნაწილი. 1997 წლის 13 ივნისის ხელშეკრულებით კი, მ.ბ–მა ა.ქ–ს 80 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად მიჰყიდა ქ.თბილისში, .......... მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის 5/18 ნაწილი: სამსართულიანი სახლი სარდაფით ლიტ. „ა“ და ლიტ. „ბ“ დამხმარე სათავსი.
1.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მას არ გაუსხვისებია ქ.თბილისში, ......... მდებარე ლიტერ „ბ“ დამხმარე ნაგებობა და ის საკუთრების უფლებით კვლავ ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი თ.ც–ის სახელზე.
1.9. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ლ.ც. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ასევე, კასატორი უთითებდა სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორად შეფასების გამო, ლიტ „ბ“ ნაგებობის იდეალური წილის შემადგენელ ნაწილად არასწორად მიჩნევას.
1.10. უდავოა, რომ საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ლ.ცხოიძის საკასაციო პრეტენზიები და 2013 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად.
1.11. განსახილველ შემთხვევაში, ლ.ცხოიძე განმარტავს, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ ლიტ „ბ“ ნაგებობა ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს და სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
1.12. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამასთანავე, კანონმდებელი ამომწურავად ადგენს იმას, თუ რა შეიძლება იყოს საქმის წარმოების განახლების წინაპირობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
1.13. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს მიიჩნევს (იხ. განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, კერძო საჩივარი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება ზემოხსენებული საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (სსსკ 423.3).
1.14. დასახელებული ნორმების ანალიზი იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელი მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა.
1.15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მტკიცებულება, რომელიც შექმნილია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებები სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-1556-1459-2012, 4 თებერვალი, 2013 წელი).
1.16. საკასაციო პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება ლ.ც–ის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, ეს გარემოება მხარემ საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას უკვე გახადა სადავო.
1.17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძვლეზე, ლ.ც–ს სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე, ამასთანავე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს შემდეგი: სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, მეორე მხარესთან შედარებით არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ თვლის, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი).
1.18. საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ.ც–ის კერძო საჩვარი უსაფძვლოა და არ ქმნის გასაჩვრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ც–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე