საქმე №110210014611194 20 ივლისი, 2015 წელი
№ას-600-568-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ფ-ე, ნ. კ-ი, ვ. მ-ე, ნ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების - ლ. ფ-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ისა და ნ. გ-ის მიმართ ლ. ფ-ის სახელზე რეგისტრირებული სახლის რეალიზაციისა და გაწეული ხარჯების გადახდის შემდეგ ნამატი თანხის გადაცემის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი აპელანტს კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 16 აპრილს ჩაბარდა და ეს ვადა 2015 წლის 23 აპრილს (ხუთშაბათს) ამოიწურა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამართლებრივად გასაჩივრებული განჩინება დაფუძნებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 368-ე, მუხლზე, 59-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 63-ე მუხლზე.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე მ. კ-მა კერძო საჩივარი შეიტანა.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ თითქოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა მ. კ-ის შვილს, რომელიც თითქოს მასთან ცხოვრობს. სინამდვილეში, ხსენებული განჩინება აპელანტს არ ჩაბარებია. კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, თუ სად ან ვისი თანდასწრებით ჩააბარა კურიერმა წერილი მის შვილს ან კიდევ, საერთოდ ჩააბარა თუ არა იგი მას. მ. კ-ს სახლი აღარა აქვს, თავის შვილთან აღარ ცხოვრობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტ მ. კ-ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში (იხ. ს.ფ. 164-165).
სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინების ასლი 2015 წლის 16 აპრილს ჩაბარდა მ. კ-ის შვილს, ა. კ-ს, აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.ზ-ი, მ-ის ქ.№....
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 17 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 23 აპრილს. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაბარებია, მისთვის გაუგებარია, თუ სად ან ვისი თანდასწრებით ჩააბარა კურიერმა წერილი მის შვილს ან კიდევ, საერთოდ ჩააბარა თუ არა იგი მას.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.
მითითებული ნორმის მიხედვით, უწყების (გზავნილის) მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს არამარტო თავისი სახელი და გვარი, არამედ ადრესატთან მისი დამოკიდებულებაც.
როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტ მ. კ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.ზ-ი, მ-ის ქ.№... დასახელებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაიბარა ა. კ-მა, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა (შვილმა), რასაც ადასტურებს შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე აკაკი კ-მა, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, უნდა დავუშვათ პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს (აპელანტს). ამ უკანასკნელს კი, მითითებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი