Facebook Twitter

საქმე № 101210014549056

საქმე №ას-601-569-2015 22 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი – თ. ს.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. დ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისისა და 30 აპრილის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, შენობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. დ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ს.-ის მიმართ უკანონოდ აშენებული ნაგებობის – საპირფარეშოს დემონტაჟის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები არიან მეზობლები. მოპასუხემ მისი ნაკვეთის მიმდებარედ ააშენა საპირფარეშო. სადავო შენობა არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ პირობებს და ქმნის ანტისანიტარიას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. დ.-ის მფლობელობაში არსებული საპირფარეშოს სასაზღვრო მიჯნიდან გადანაცვლების მოთხოვნით.

საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. დ.-ის სარჩელი თ. ს.-ის მიმართ დაკმაყოფილდა და თ. ს.-ს დაევალა მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით განთავსებული საპირფარეშოს დემონტაჟი, თ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ს. დ.-ეს დაევალა, გადაიტანოს ს. დ.-ის მფლობელობაში არსებული საპირფარეშო თ. ს.-ის კედლის საზღვრიდან ორი მეტრის დაშორებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ს.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ განმარტა რომ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს შენობის დემონტაჟი, რომლის ფასი, სარჩელის თანახმად, შეადგენს 500 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ს.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, როდესაც გაიზიარა მოსარჩელის მიერ დავის საგნის ოდენობად 500 ლარის მითითება. ფაქტობრივად, სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის იმპერატიული დანაწესით და სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებად მიეჩნია 4000 ლარი, რადგან დავის საგნის ფასის განსაზღვრა შეუძლებელია. ამდენად, იგი ბევრად აღემატება 500 ლარს.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში აპელანტად მითითებულია ს. დ.-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარედ – თ. ს.-ი. სარეზოლუციო ნაწილში კი აღნიშნულია, რომ განუხილველად დარჩა თ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი. მითითებული გარემოება განჩინების გაუქმების საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების შესავალ ნაწილში აპელანტად მიეთითა თ. ს.-ი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარედ – ს. დ.-ე.

თ. ს.-მა კვლავ შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ გაასწორა მის მიერ დაშვებული უსწორობა, თუმცა დაუშვა ახალი შეცდომა და განჩინების თარიღად 2015 წლის ნაცვლად, დააფიქსირა 2014 წელი. აღნიშნული უსწორობები ადასტურებს, რომ სააპელაციო პალატას საქმე სიღრმისეულად არ შეუსწავლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებულ შეცდომებს არ დაუშვებდა და არც თ. ს.-ის სააპელაციო საჩივარს განუხილველად არ დატოვებდა. სააპელაციო საჩივრის შესწავლის დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საპირფარეშოს დამოუკიდებელ ნაგებობად, ცალკე ღირებულების მატარებელ საგნად წარმოჩენა შეუძლებელია. იგი პირდაპირ უკავშირდება საცხოვრებელ სახლს და მის გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ამდენად, აღნიშნული დამხმარე ნაგებობის ღირებულება უნდა დადგინდეს ძირითადი სახლის ღირებულებასთან ერთად.

მხარემ ასევე განმარტა, რომ სარჩელში მითითებული საგნის ღირებულების შეფასება ეყრდნობა მოსარჩელის სუბიექტურ შთაბეჭდილებას და არ არის გათვალისწინებული არსებული ნაგებობის დანგრევისა და ტერიტორიის მოსწორების, ახალი ტრანშისა და ორმოს გათხრის, საკანალიზაციო მილების ჩაწყობის, ორმოს ბეტონით დამუშავების, ბეტონისვე იატაკის მოწყობის, ბლოკის კედლების ამოყვანის, შელესვის, პლასტიკატით მოპირკეთებისა და ჭერის მოწყობის ხარჯები, ასევე კედლების შეღებვის, 1000-ლიტრიანი ავზის დამონტაჟებისა და ხელახლი მონტაჟის ღირებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ თ. ს.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

სააპელაციო სასამართლომ სადავო სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 500 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების მითითების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება და ეს ღირებულება უნდა პასუხობდეს არსებულ საბაზრო ფასებს. სასამართლო უფლებამოსილია, არ გაიზიაროს მოსარჩელის მიერ მითითებული, საბაზრო ფასებთან აშკარად შეუსაბამო დავის შეფასება და თავად განუსაზღვროს სადავო საგნის ღირებულება, თუმცა ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელის მხრიდან დავის საგნის შეფასებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, ეს უკანასკნელი ვალდებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ამტკიცოს დავის საგნის რეალური ღირებულება. მითითებული მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო დამხმარე ნაგებობის დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა. ს. დ.-ის სასარჩელო განცხადებით აღნიშნული დავის საგანი შეფასდა 500 ლარად, ხოლო თ. ს.-ს მითითებული ოდენობა სადავოდ არ გაუხდია და ისეთი მტკიცებულების წარდგენის გზით, როგორიცაა თუნდაც აუდიტის დასკვნა სადავო ნაგებობის გადატანისათვის საჭირო ხარჯების აღრიცხვის თაობაზე, მოსარჩელის მიერ დასახელებული დავის საგნის ღირებულებისაგან განსხვავებული შეფასება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მეტიც, არც მისი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესახებ. მხარემ დავის საგნის ფასი სადავოდ გახადა მხოლოდ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, რომლითაც დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ თ. ს.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამოიწვია სააპელაციო პალატის მიერ მოცემული საქმის არასათანადოდ შესწავლამ, რასაც ადასტურებს სააპელაციო პალატის მიერ დაშვებული რიგი უსწორობები, კერძოდ, გასაჩივრებულ განჩინებაში აპელანტად მითითებულია ს. დ.-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარედ – თ. ს.-ი. სარეზოლუციო ნაწილში კი აღნიშნულია, რომ განუხილველად დარჩა თ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი. ამასთან, დასახელებული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა საქმის განხილვის თარიღი – 2014 წელი, 2015 წლის ნაცვლად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდნენ თ. ს.-ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე.

ამდენად, თ. ს.-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ს.-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისისა და 30 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე