საქმე №ას-605-573-2015 22 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ე. ჯ.-ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კლუბი ზ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს.კ.ზ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ე.ჯ.-იას“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
1.ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა აბონენტ N..252-ზე და მასზე გაერთიანებულ მრიცხველებზე - მრიცხველი N...877 - მისამართი ქ.ზ.-ი, ნ.ნ.-ის N28, მრიცხველი N....364 - მისამართი ქ.ზ.-ი, ზ.-ის შენ. საყრდ N1, მრიცხველი N...639 - მისამართი ქ.ზ.-ი, ნ.ნ.-ის ქუჩა N28;
2.ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა აბონენტ N...290-ზე და მასზე გაერთიანებულ მრიცხველებზე - მრიცხველი N...029 - მისამართი ქ.ზ.-ი, ს.-ის N2, მრიცხველი N...791 - მისამართი ქ.ზ.-ი, ს.-ის N2.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზ.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს.კ.ზ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაზე საააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ.ზ.-მა“ და მოითხოვა ზ.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს.კ.ზ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზ.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ს. კლუბი ზ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა) დაევალა სს „ე.ჯ.-იას“ აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება №...252 აბონენტზე და მასზე გაერთიანებულ მრიცხველებზე: მრიცხველი №..877, მისამართი: ქ.ზ.-ი, ნ.ნ.-ის №28; მრიცხველი №..364, მისამართი: ქ.ზ.-ი, ზ.-ის შენ. საყრდ №1; მრიცხველი №..639, მისამართი: ქ.ზ.-ი, ნ.ნ.-ის ქუჩა N28;
ბ) დაევალა სს „ე.ჯ.-იას“ აღედგინა ელექტროენერგიის მიწოდება №..290 აბონენტზე და მასზე გაერთიანებულ მრიცხველებზე: მრიცხველი №..029, მისამართი: ქ.ზ.-ი, ს.-ის №2; მრიცხველი №..791, მისამართი: ქ.ზ.-ი, ს.-ის №2.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „ს.კ.ზ.-მა“ 01.11.2012წ.-ს სს ,,ე.ჯ.-იას” მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, კერძოდ: ქ.ზ.-ში, ნ.-ის ქ.№28-ში მდებარე ბაზაზე 0.380 ვ/ძაბვის საფეხურზე 500 კვტ/სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდება. განცხადებას ერთვოდა მიერთების საფასურის 50%-ის - 25,250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი შესრულდა თუ არა სს „ე.ჯ.-იას“ მიერ მიერთებისათვის აუცილებელი სამუშაოები დააკისრა მოპასუხეს. აღნიშნული ფაქტის დასამტკიცებლად, მოპასუხემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:
- 31.12.2012წ.-ის №..აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ს.კ.ზ.-ის” კუთვნილ ობიექტზე სამუშაოები შესრულებულია გაცემული ტექნიკური პირობებისა და სს ,,ე.ჯ.-იას” მიერ დამუშავებული დიზაინის მიხედვით; ობიექტზე ძაბვის მიწოდება არ მოხდა დამკვეთის 0.4კვ. ქსელის მოუწესრიგებლობის გამო (ს.ფ.54, 55);
- 31.12.2012წ.-ის განწესი-დაშვება №..-ში აღნიშნულია, რომ ობიექტზე განხორციელდა ტრანსფორმატორის მონტაჟი (ს.ფ.56-58);
- 24.12.2012წ.-ისა და 27.12.2012წ.-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოთხოვნის ბარათები (ს.ფ.103-106);
- 31.12.2012წ.-ის ახალი მომხმარებლის ქსელის მიერთებაზე დახარჯული მასალის ჩამოწერის უნომრო აქტი, სადაც აღნიშნულია, თუ რა მასალა იქნა გამოყენებული ობიექტზე სამუშაოების ჩატარებისას (ს.ფ.59).
მითითებულ დოკუმენტებზე წარმოდგენილი მხოლოდ სს ,,ე.ჯ.-იაში” დასაქმებული პირების (გ. კ.-ე, მ. მ.-ი, თ. შ.-ე და ზ. ხ.-ე) ხელმოწერა. შესაბამისად, ეს დოკუმენტები შედგენილი იყო ცალმხრივად, და არა იყო დადასტურებული ობიექტის მესაკუთრე შპს „ს.კ.ზ.-ის” წარმომადგენლის მიერ, არც სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილი ორგანოს (თუნდაც, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) წარმომადგენლის მიერ, რომელსაც არ ექნებოდა არავითარი ინტერესი სადავო ფაქტის დადასტურებისადმი, რის გამოც, საქმის განმხლველმა სასამართლომ ისინი მტკიცებულებად არ შეაფასა და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სს „ე. ჯ.-იას“ მიერთების განსახორციელებლად აუცილებელი სამუშაოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში (ანუ, 31.12.2012წ.-ის ჩათვლით) არ შეუსრულებია.
ხოლო რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებს (ს.ფ.112-117), რომლებიც გამოწერილი იყო 2012 წლის 20-31 დეკემბრის პერიოდში და რომლებშიც მითითებული იყო, რომ სს ,,ე.ჯ.-იას” მიერ განხორციელებულია გარკვეული სამშენებლო-სამონტაჟო მასალების (რკინა-ბეტონის დგარი, სამფაზიანი მრიცხველი, კრონშტეინი და სხვ) შიდა გადაზიდვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი და სხვ) ქ.ზ.-ში, სს ,,ე.ჯ.-იას” ოფისსა და მომსახურების ცენტრში, საპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არც ამ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ სს ,,ე.ჯ.-იამ” სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნული მასალები გამოიყენა შპს ,,ს.კ.ზ.-ის” კუთვნილ ობიექტზე ტრანსფორმატორის მონტაჟისათვის.
საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო მიმოწერა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას, შპს ,,ს.კ.ზ.-სა” და სს ,,ე. ჯ.-იას” შორის (ს.ფ.142-157), რომლებშიც, უბრალოდ, აღწერილი იყო მხარეთა მოსაზრებები სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ამ მიმოწერაში განთავსებული იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის (აღმასრულებელი დირექტორის) 31.10.2013წ.-ის №6/02-7/358-2847 წერილი (ს.ფ.152-153), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით 29 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გაირკვა, რომ მომხმარებელს - შპს ,,ს.კ.ზ.-ს” ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა. ადგილზე დათვალიერდა ქსელი, შემოწმდა მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დადგინდა, რომ ახალი მომხმარებლის მიერთებისათვის აუცილებელი სამუშაოები არ იყო დასრულებული 31.12.2012წ.-ს, რადგან არ იყო გაცემული შესაბამისი ნებართვები; აღნიშნულის თაობაზე, განაწილების ლიცენზიანტს (ანუ, სს ,,ე.ჯ.-იას”) არ უცნობებია განმცხადებლისათვის, რის გამოც მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის შეჩერებაც არ მომხდარა. შესაბამისად, წერილის ავტორმა ჩათვალა, რომ განმცხადებელს აღარ ევალებოდა მიერთების საფასურის დარჩენილი 50%-ის გადახდა და სს ,,ე.ჯ.-იას” უნდა უზრუნველეყო მისთვის ელექტროენერგიის დაუყოვნებლივი მიწოდება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-13 მუხლებზე; ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 28.02.2012წ.-ის №2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ 31.10.2013წ.-ის №..2847 წერილი მართლაც არ წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც უპირობოდ მიენიჭებოდა შესასრულებლად სავალდებულო ძალა; თუმცა ეს წერილი, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც შედგენილი იყო სახელმწიფოს შესაბამისი ოფიციალური ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს „ე.ჯ.-იას” შპს „ს კ.ზ.-ის”, როგორც ახალი მომხმარებლის მიერთებისათვის აუცილებელი სამუშაოები, კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, სამონტაჟო სამუშაოებისათვის აუცილებელი ნებართვების მოპოვებით) და დადგენილ ვადაში, არ დაუსრულებია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, შპს ,,ს.კ.ზ.-მა” წარმოადგინა სს ,,ე.ჯ.-იასა” და საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან მიმოწერის ამსახველი წერილები (ს.ფ.91-97), კერძოდ:
- სს ,,ე.ჯ.-იას” 2013 წლის 10 იანვრის №20/148-13 და 2013 წლის 1 თებერვლის №...13 წერილები ზ.-ის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი, სადაც სს „ე.ჯ.-ია” ითხოვს შპს „ს.კ.ზ.-ის” ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის გამგეობამ შეითანხმოს ქალაქის ტერიტორიაზე 6კვ. ელექტროგადაცემის ხაზის ტრასა, განცხადებას თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რისთვისაც ასევე აუცილებელია - მიწის ნაკვეთი, სადაც ტრასა უნდა განთავსდეს, დარეგისტრირდეს ზ.-ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და აღნაგობის უფლებით გადაეცეს სს „ე. ჯ.-იას” (ს.ფ.91, 92);
- ზ.-ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 20 თებერვლის №428 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გამგეობა აძლევს უფლებას სს „ე.ჯ.-იას” განახორციელოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ხაზის გეგმის შეთანხმების შემდეგ; რაც შეეხება მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემას, ამისათვის აუცილებელია გაირკვეს მიწის ნაკვეთის დანიშნულება (არასასოფლო-სამეურნეოა, თუ სასოფლო-სამეურნეო), რის შემდგომაც განისაზღვრება მიწის ნაკვეთის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო (ს.ფ.93);
- სს „ე.ჯ.-იას” 2013 წლის 28 თებერვლის №..13 წერილი ზ.-ის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი, სადაც სს „ე. ჯ.-ია” ითხოვს - შპს „ს.კ.ზ.-ის” ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის გამგეობამ მიწის ნაკვეთი, სადაც ტრასა უნდა განთავსდეს, დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცეს სს ,,ე. ჯ.-იას” (ს.ფ. 94); ამ მიმართვაზე ზ.-ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 მარტის №.. წერილით სს „ე.ჯ.-იას” განემარტა, რომ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა და მუნიციპალიტეტი მას რაიმე ფორმით ვერ განკარგავს (ს.ფ. 95);
- სს „ე.ჯ.-იას” 2013 წლის 28 მარტის №..13 და 2013 წლის 4 ივნისის №..-13 წერილები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი, სადაც სს „ე.ჯ.-ია” ითხოვს - შპს „ს.კ.ზ.-ის” ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა განთავსდეს 6/0.4 კილოვოლტიანი ქვესადგური, დარეგისტრირდეს სახელმწიფოს საკუთრებად და შემდგომში გადაეცეს სს ,,ე.ჯ.-იას”; მანამდე კი, მიეცეს უფლება - განათავსოს მიწის ნაკვეთზე კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური (ს.ფ. 96, 97).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ე.ჯ.-იას”, კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი პროცედურების დაცვით (შესაბამისი ნებართვების მიღებით), არ განუხორციელებია შპს „ს.კ.ზ.-ის” ელექტრომომარაგების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი აუცილებელი სამუშაოების შესრულება.
უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ დღეის მდგომარეობით შპს ,,ს. კლუბ ზ.-ს”, მისთვის კუთვნილ ორივე აბონენტზე (№..252 და №..290) გაერთიანებულ ხუთივე მრიცხველზე (მრიცხველი №..877, მისამართი: ქალაქი ზ.-ი, ნ. ნ.-ის №28; მრიცხველი №..364, მისამართი: ქ.ზ.-ი, ზ.-ის შენ. საყრდ №1; მრიცხველი №...639, მისამართი: ქ.ზ.-ი, ნ. ნ.-ის ქუჩა N28; მრიცხველი №..029, მისამართი: ქ.ზ.-ი, ს.-ის №2; მრიცხველი №..791, მისამართი: ქ.ზ.-ი, ს.-ის №2) შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ.-ის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-4 დანართის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე 0.380 ვ/ძაბვის საფეხურზე 500 კვტ/სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით მიერთების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს 60 კალენდარული დღის ვადაში, რისთვისაც მომხმარებელი იხდის მიერთების საფასურს 50,500 ლარის ოდენობით; ხოლო „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50%-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ სს „ე.ჯ.-იას” ზემოთ აღნიშნული მიერთების განსახორციელებლად აუცილებელი სამუშაოები, განცხადებით მიმართვიდან (2012 წლის 1 ნოემბერი) 60 კალენდარული დღის ვადაში (ანუ, 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), არ შეუსრულებია.
თუნდაც გაზიარებული ყოფილიყო მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მან აუცილებელი ნებართვების გარეშე, დაასრულა ამ სამუშაოთა წარმოება 21.12.2012წ.-ს, ეს მაინც ვერ ჩაითვლებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; თავად მოპასუხის წარმომადგენელმა - ტარიელ შვანგირაძემაც განმარტა, რომ ტრანსფორმატორი, რომელიც განთავსებულია უნებართვოდ, შესაძლებელია - ნებისმიერ მომენტში იქნეს აღებული, როგორც კანონდარღვევით დამონტაჟებული, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის მიერ (იხ., სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი). ამდენად, ასეთ პირობებშიც კი, შპს „ს.კ.ზ.-ის” წინაშე სს „ე.ჯ.-იას“ ვალდებულება ვერ ჩაითვლებოდა ჯეროვნად (ანუ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ხარვეზის გარეშე) და კეთილსინდისიერად შესრულებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს ,,ე. ჯ.-იამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი პრეტენზიას აცხადებს სემეკის მიერ მიღებული დადგენილებით განსაზღვრული საფასურის სრულ გადახდაზე. კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ შეაფასა კომპანიის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის ის მოთხოვნები, რომლითაც შპს „ს.კ.ზ.-ი“ ვალდებული იყო ელექტროენერგიის მიღებისათვის შეესრულებინა რიგი სამუშაოები, კერძოდ, ობიექტის 0,380/0,220კვ. ძაბვის შიდა ელექტროქსელის მონტაჟი და ობიექტის მიერთება კვების წყაროზე. იზოლირებული ელქტროსადენის მონტაჟი ობიექტიდან სს „ე.ჯ.-იას“ მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ელექტროენერგიის მრიცხველის კარადამდე. შიდა ქსელი შპს „ს.კ.ზ.-ოს“ ბაზაზე დღესაც მოუწესრიგებელია.
კასატორი არ ეთანხმება საქმის განმხილველი სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანსფორმატორი, რომელიც განთავსებულია უნებართვოდ, შესაძლებელია - ნებისმიერ მომენტში იქნეს აღებული, როგორც კანონდარღვევით დამონტაჟებული, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის მიერ. კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ.-ის N57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება პირველი კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევით, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას. დღეის მდგომარეოით კომპანიას დარეგისტრირებული აქვს ის მიწის ნაკვეთიც და მასზე არსებული სატრანსფორმატორო პუნქტიც, რომლის მონტაჟიც განხორციელდა 31.12.2012წ.-ს და არა არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს, მისი როგორც უნებართვოდ აგებულის დემონტაჟი.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 31.12.2012წ.-ით დათარიღებული N.. აქტი და შეაფასა ის გარემოება მიუძღოდა თუ არა ბრალი კომპანიას, რომ მისი ობიექტის ქსელში ჩართვა ვერ განხორციელდა 31.12.2012წ.-ს. აგრეთვე, კასატორის მითითებით 31.12.2012წ.-ის N..განწესი-დაშვება, რომლითაც დასტურდება ობიექტზე ტრანსპორმატორის მონტაჟი; ასევე 2012 წლის 24 და 27 დეკემბრის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოთხოვნის ბართები და 31.12.2012წ.-ის ჩამოწერის აქტი წარმოადგენს შიდა ორგანიზაციულ დოკუმენტს და მასზე სხვა კომპანიის წარმომადგენლების ხელმოწერა ვერ იქნებოდა.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ შეაფასა სემეკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის 14.08.2013წ.-ის წერილი, რომლითაც შპს „ს.კ.ზ.-ის მოთხოვნა 25,250 ლარის ჩამოწერის შესახებ არ დაკმაყოფილდა ვინაიდან თანხის დარიცხვა სრულად შეესაბამებოდა 18.09.2008წ.-ის N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 26-ე, 261 მუხლებისა და დანართ N4-ის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით არასწორია რომ მოსარჩელეს კუთვნილ ორივე აბონენტზე შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან 2014 წლის 14 და 16 ივლისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ, ზ.-ის რაიონული სასამართლოს 12 და 15 ივლისს გაცემული N..და .. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მომართა სს „ე. ჯ.-იას“ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაევალა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და ამჟამად, მოსარჩელეს ელექტროენერგია მიეწოდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის პოზიცია შპს „ს.კ.ზ.-ის“ მხრიდან ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიის მიერთების დარჩენილი საფასურის - 25,250 ლარის (მთლიანი საფასურის 50%) გადახდის ვალდებულებას ემყარება. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან 31.12.2012წ.-სათვის შესრულებული იყო ყველა ის სამუშაო, რომელიც ტექნიკური პირობის თანახმად უნდა შეესრულებინა სს ,,ე.ჯ.-იას”, რის გამოც არ არსებობდა მომსახურების საფასურის 50%-მდე შემცირების საფუძველი.
კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიის მიერთებისათვის აუცილებელი სამუშაოები შესრულდა 31.12.2012წ.-მდე, რის გამოც არ არსებობდა საფასურის 50%-მდე შემცირების საფუძველი ეკისრებოდა სს „ე.ჯ.-იას“, რომელმაც სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც მის მიმართ მართლზომიერად დადგა არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. სახელდობრ, საქმის განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეაფასა სს „ე.ჯ.-იას“ მიერ დადგენილ ვადაში სამუშაოს შესრულების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტები: 31.12.2012წ.-ის №... აქტი; 31.12.2012წ.-ის განწესი-დაშვება №34; 24.12.2012წ.-ისა და 27.12.2012წ.-ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოთხოვნის ბარათები; 31.12.2012წ.-ის ახალი მომხმარებლის ქსელის მიერთებაზე დახარჯული მასალის ჩამოწერის აქტი და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარმოადგენდნენ ცალმხრივად შედგენილ და ხელმოწერილ დოკუმენტებს არ მიანიჭა სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებითი მნიშვნელობა, რასაც საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს და განმარტავს, რომ დოკუმენტისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება პირველ რიგში, განპირობებულია მისი უტყუარობის თვალსაზრისით შემოწმებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარის მიერ ცალმხრივად ხელმოწერილი აქტი ბუნებრივია წარმოადგენს მხარის სუბიექტურად შექმნილ დოკუმენტს და ეს დოკუმენტი სადავო ურთიერთობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სს „ე.ჯ.-იას” შპს „ს.კ.ზ.-ის”, როგორც ახალი მომხმარებლის მიერთებისათვის აუცილებელი სამუშაოები, კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, სამონტაჟო სამუშაოებისათვის აუცილებელი ნებართვების მოპოვებით) და დადგენილ ვადაში, არ დაუსრულებია.
კასატორს ასევე, უსაფუძლოდ მიაჩნია მოსარჩელის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კუთვნილ ორივე აბონენტზე შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება, რადგან ზ.-ის რაიონული სასამართლოს 12 და 15 ივლისს გაცემული N..338 და ...12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2014 წლის 14 და 16 ივლისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ მომართა სს „ე. ჯ.-იას“ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაავალა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოსარჩელის კუთვნილ N..252-ზე და N..290-ზე და მათზე გაერთიანებულ მრიცხველებზე.
კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს სამომავლოდ, სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის უზრუნველყოფა და ამდენად, უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რამეთუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები უქმდება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი). შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომ მის მიერ აღსრულებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოსარჩელეს მიეწოდება ელექტროენერგია, არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რადგან მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ზოგადად ელექტროენერგიის შეწყვეტის საფუძვლის იურიდიულად გაქარწყლება და არა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1262.50 ლარის) 70% – 883.75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე. ჯ.-იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - სს „ე. ჯ.-იას“ (ს/კ: ..) დაუბრუნდეს 2015 წლის 28 მაისს №..საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1262.50 ლარის) 70% – 883.75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე