საქმე №ას-606-574-2015 24 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ქ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1 სასარჩელო მოთხოვნა:
დ.ქ–მ მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 20 იანვრის №კ/23 ბრძანების ბათილად ცნობა, სს „თ–ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „მთაწმინდა-კრწანისის“ ბიზნეს-ცენტრის შემოსავლების უზრუნველყოფის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენა და 2014 წლის 20 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიური ხელფასის _ 700 ლარის გათვალისწინებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სს „თ–თვის“ დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ქ–ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „თ–ის“ გენერალური დირექტორის მიერ 2014 წლის 20 იანვარს გამოცემული №კ-23 ბრძანება დ.ქ–ს თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, მოპასუხეს დ.ქ–ს სასარგებლოდ, 2014 წლის 21 იანვრიდან 2014 წლის 29 ივლისის ჩათვლით დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის _ 700 (შვიდასი) ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით სს „თ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა წარმოება სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, გარდა იძულებითი განაცდურის სახით ორი თვის ხელფასის დაკისრების ნაწილისა.
4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლოს 07.04.2015 წ. სხდომაზე სს „თ–მა“ უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა საქალაქო სასამართლოს 22.10.2014 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, გარდა იძულებითი განაცდურის სახით ორი თვის ხელფასის დაკისრების ნაწილისა.
4.1.2. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე სააპელაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული თანხებიდან ორი თვის ხელფასის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4.1.3. საქმეში წარმოდგენილია სს „თ–ის“ გენერალური დირექტორის მიერ ვ.მ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლითაც რწმუნებულს მიჭებული ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც უნდა შეფასებულიყო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილების მინიჭებადაც.
4.1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, ასევე მე-3 მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დისპოზიციურობის პრონციპის გამოხატულებაა და არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2014 წ. გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღურებისათვის დაკისრებული თანხიდან ორი თვის ხელფასის - ჯამში 1400 ლარის (დარიცხული) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელს ეთქვა უარი (სს „თ–ს“ დაკისრებული ჰქონდა 2014 წლის 21 იანვრიდან 2014 წლის 29 ივლისის ჩათვლით იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის 700 (შვიდასი) ლარის (დარიცხული) ოდენობით 1 400 ლარის (დარიცხული) გამოკლებით), დ.ქ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ.ქ–ს სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში.
5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „თ–მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
5.1.1. სს „თ–მა“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არაერთხელ გამოთქვა მზაობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ, ამასთანავე, არ ეთანხმებოდა საქალაქო სასამართლოს დაკვნებს ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმა განაპირობა იმან, რომ სააპელაციო სასამართლომ შეამცირა იძულებითი განაცდურის ოდენობა (ორი თვის ხელფასი), რადგანაც დ.ქ–ს, სარჩელის აღძვრამდე, ხელშეკრულების თანახმად, კომპენსაციის სახით მიღებული ჰქონდა ორი თვის ხელფასი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სს „თ–ის“ მიერ წარდგენილი პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი საჩივარზე უარის თქმისას იმედოვნებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს აღარ ექნებოდა დავის გაგრძელების სურვილი, თუმცა, დ.ქ–მ საკასაციო სასამართლოს მიმართა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, რის გამოც მხარეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
5.1.2. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელზე უარის თქმა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც გარკვეულწილად, მოწინააღმდეგე მხარის სწორ საპასუხო ქმედებაზეა დამოკიდებული და მისი მხრიდან ნეგატიური ქმედების განხორციელებისას მხარეს ყოველთვის გააჩნია საშუალება, დაიბრუნოს მატერიალურ-სამართლებრივი უფლება მოთხოვნაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „თ–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.2015 წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ქ–ს სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხარეების მიერ, მოსარჩელემ ითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
1.2.2. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტ სს „თ–ის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნაწილობრივ უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, განმარტა, რომ სადავოდ აღარ ხდიდა მოსარჩელის მიმართ სს „თ–ის“ 2014 წლის 20 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე მიკუთვნებული განაცდურის ანაზღაურებას, გარდა ორი თვის ხელფასისა, რადგანაც მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელეს, დამსაქმებლის ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების გამო, ეს თანხა კომპენსაციის სახით ჰქონდა მიღებული.
1.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 08.04.2015 წ. განჩინებით აპელანტ სს „თ–ის“ შუამდგომლობა საფუძვლიანად მიიჩნია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, ასევე 378-ე მუხლზე დაყრდნობით დააკმაყოფილა იგი, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, ასევე დააკმაყოფილა სს თ–ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ორი თვის ხელფასის მოსარჩელისათვის მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგანაც ამ თანხის მოსარჩელის მიერ წინასწარ მიღების ფაქტი დადგენილად ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
1.3. კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ დ.ქ–ს მიერ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო, იგი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა (იმედოვნებდა, რომ მოსარჩელე დავის გაგრძლებას აღარ მოისურვებდა), ხოლო დისპოზიციურობის პრინციპი, მხარის მოსაზრებით, დასაშვებად მიიჩნევს, აღიდგინოს განკარგული მატერიალურ-სამართლებრივი უფლება.
1.4. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და უპირველესად აღნიშნავს, რომ მხარეს კერძო საჩივრის მიმართ იურიდიული ინტერესი აღარ გააჩნია, რადგანაც ის ფაქტობრივი საფუძველი, რომელსაც სს „თ.“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნევდა, აღარ არსებობს, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, საკასაციო პალატის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით, დ.ქ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე განუხილველადაა დატოვებული, თუმცა, საპირისპირო ვითარების არსებობის შემთხვევაშიც კი, პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არ იარსებებდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორინეტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მხარე იმედოვნებდა ამა თუ იმ შედეგის დადგომას, ხოლო მან, უფლების განკარგვის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე მხარისაგან ვერ მიიღო მისთვის სასურველი შედეგი, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „თ–ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე