Facebook Twitter

საქმე №ას-614-581-2015 22 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – ხ. გ.-ვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე (თავდაპირველი მოპასუხე) - მ. ს.-ე

მეორე კასატორი - მ. გ.-ვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. გ.-ვილისათვის ყოველწლიურად 5000 აშშ დოლარის 9%-ის დაკისრება 13.08.2012წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, მ. ს.-ისა და მ. გ.-ვილისათვის სოლიდარულად სარგებლის - 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება

მეორე პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მ. გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. გ.-ვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. გ.-ვილისა და მ. ს.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5000 აშშ დოლარის გადახდის; ასევე, სარგებლის 2011 წლის აპრილიდან 2014 წლის მაისამდე და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 06.12.2010წ.-ს ხ. გ.-ვილთან მეზობლად მცხოვრებ მ. ს.-ესთან ერთად მივიდა მ. გ.-ვილი, რომელმაც ერთი წლის ვადით 4%-ად ისესხა 5000 აშშ დოლარი. სასესხო პერიოდის განმავლობაში, ძირი თანხის დაბრუნებამდე, მ. გ.-ვილს მისთვის ყოველი თვის 6 რიცხვში უნდა გადაეხადა სარგებელი 200 აშშ დოლარი. მოპასუხე მ. გ.-ვილი 2011 წლის მარტის ჩათვლით კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის ვალდებულებას და იხდიდა შეთანხმებულ პროცენტს. 2011 წლის დეკემბერში მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე მ. გ.-ვილს და მოსთხოვა კუთვნილი თანხის დაბრუნება, რაზეც მოპასუხემ განუცხადა, რომ თანხით ისარგებლა მოპასუხე მ. ს.-ემ. შსს ზესტაფონის რაიონულ განყოფილების თანამშრომელთან გასაუბრების ოქმებით მოპასუხეებმა აღიარეს თანხის წაღებისა და სესხის პროცენტის გადახდის ფაქტი. მოსარჩელის მითითებით, ორივე მოპასუხე წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს.

მოპასუხე მ. ს.-ემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავოდ გახადა მასსა და მოსარჩელეს შორის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, სახელდობრ, განმარტა, რომ მას თანხა არ უსესხებია ხ. გ.-ვილისაგან.

მოპასუხე მ. გ.-ვილმა სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავოდ გახადა მასსა და მოსარჩელეს შორის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, სახელდობრ, განმარტა, რომ იგი არც მარტო და არც მ. ს.-ესთან ერთად არ ყოფილა ხ. გ.-ვილთან და თანხა არ მიუღია. მანვე განმარტა, რომ მისთვის მ. ს.-ისაგან ცნობილი გახდა, რომ მ. ს.-ემ თანხა ისესხა ხ. გ.-ვილისაგან.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ. გ.-ვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს: მ. ს.-ესა და მ. გ.-ვილს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ხ. გ.-ვილისათვის სესხის თანხის - 5000 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე ხ. გ.-ვილს უარი ეთქვა 2011 წლის აპრილიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით სარგებლის - 7600 აშშ დოლარის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად - 200 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ხ.გ.-ვილმა წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 2011 წლის აპრილიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით სარგებლის - 7600 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად, 200 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხეებისათვის სოლიდარულად. მ.გ.-ვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კი, წარმოადგენდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მ.გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის 2500 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ხ.გ.-ვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ, ხოლო მ. გ.-ვილის სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. ხ.გ.-ვილის სარჩელი მ.გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხ.გ.-ვილის სარჩელი მ.ს.-ის მიმართ პროცენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ.ს.-ეს ხ.გ.-ვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველწლიურად, 5000 აშშ დოლარის 9%-ის გადახდა 2012 წლის 13 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ მ.გ.-ვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, 5000 აშშ დოლარიდან, მხოლოდ, 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მივიდა იმგვარ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება მ.ს.-ისათვის ხ.გ.-ვილის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარისა და მ.გ.-ვილისათვის ხ.გ.-ვილის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, კანონიერ ძალაში იყო შესული.

მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხ.გ.-ვილსა და მ.გ.-ვილს შორის სეხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, სახელდობრ, საქმის მასალებით, არ დასტურდებოდა მ.გ.-ვილის მიერ ხ.გ.-ვილისაგან თანხის სესხად აღების ფაქტი. ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელის ახსნა-განმარტება და საქართველოს შსს-ს მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალები. საქართველოს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალებით კი, აღნიშნული არ დასტურდებოდა, კერძოდ, მ.გ.-ვილს გასაუბრების დროს არ მიუთითებია, რომ მან ხ.გ.-ვილისაგან თანხა ისესხა. აღნიშნული არ გამომდინარეობდა ხ.გ.-ვილის ჩვენებიდანაც. პირიქით, ამ ჩვენებიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელისათვის უცნობი იყო, თუ კონკრეტულად ვისთან დადო სესხის ხელშეკრულება, თუმცა მხარემ განმარტა, რომ თანხა არა მ.გ.-ვილს, არამედ მ.ს.-ეს გადასცა. სხვა მტკიცებულება კი, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ.გ.-ვილისათვის ხ.გ.-ვილის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ნაწილობრივ, საფუძვლიანი იყო ხ.გ.-ვილის სარჩელი საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, სახელდობრ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია არ დასტურდებოდა რომ ხ. გ.-ვილის მიერ გაცემული სესხი იყო სარგებლიანი - მოპასუხეები სესხის არსებობას საერთოდ უარყოფდნენ, მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით მისი პირობების დადგენა კი დაუშვებელი იყო. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო თავად ხ.გ.-ვილის განცხადებიდან გამომდინარეობდა, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო „2010 წლის 6 დეკემბერს...დაახლოებით ერთი წლის ვადით“ და მოვალეს პროცენტი ხელშეკრულების ვადის ფარგლებში უნდა გადაეხადა. განცხადებიდან ირკვეოდა, რომ მოვალე კრედიტორს პროცენტს უხდიდა, პირველი სამი თვის განმავლობაში, ყოველი თვის 6 რიცხვში. შემდეგ ორი თვის განმავლობაში - ყოველი თვის 15 რიცხვში, შემდეგ კი „მრავალგზის შეხსენების შედეგად“ – 6 თვის განმავლობაში (ტ.1. ს.ფ. 20, 21). იგივე განუმარტა გამომძიებელს ხ.გ.-ვილმა გასაუბრების დროს: მარიკას თანხა „2011 წლის დეკემბრის თვიდან...აღარ გადაუხდია“-ო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ სესხის ხელშეკრულება 2010 წლის 06 დეკემბერს ერთი წლის ვადით დაიდო და მოვალეს პროცენტი, მხოლოდ, 2011 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ გადაუხდია, ნათელი იყო, რომ ხელშეკრულების ვადაში მას პროცენტი სრულად გადახდილი ჰქონდა.

ამრიგად, ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, მოთხოვნა 2011 წლის აპრილიდან სარგებლის დარიცხვის თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. ხ.გ.-ვილს არც კი განუმარტავს, რომ ნასესხები თანხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მხარეები პროცენტის გადახდაზე შეთანხმებულები იყვნენ. ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამ ნორმის საფუძველზე, ხ. გ.-ვილს უნდა აუნაზღაურდეს ის მინიმალური მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა მ. ს.-ეს ნასესხები თანხა დროულად რომ დაებრუნებინა. მოცემულ შემთხვევაში, ხ.გ.-ვილი, სულ მცირე, მიღებდა სარგებელს სესხად გაცემული თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებით. ამიტომ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ.ს.-ეს ხ.გ.-ვილისათვის უნდა აენაზღაურებინა მიუღებელი შემოსავალი 5000 აშშ დოლარის წლიური 9%-ის ოდენობით.

ამასთან, რადგან სესხის ხელშეკრულების პირობები და ვადა საქმის მასალებით არ დგინდებოდა, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე, მ.ს.-ეს პროცენტის გადახდა უნდა დაკისრებოდა 2012 წლის 03 აგვისტოდან, ე.ი. ხ.გ.-ვილის მიერ საგამოძიებო ორგანოებისათვის განცხადების მიმართვის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მ.გ.-ვილის მიმართ პროცენტის დაკისრების ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მ.გ.-ვილის მიერ ხ.გ.-ვილისაგან თანხის სესხად აღების ფაქტი არ დადასტურდა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ხ. გ.-ვილს არ მოუთხოვია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. გ.-ვილმა და მ.გ.-ვილმა.

ხ.გ.-ვილმა წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.გ.-ვილისათვის ყოველწლიურად 5000 აშშ დოლარის 9%-ის დაკისრება 13.08.2012წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ასევე, მ.ს.-ისა და მ.გ.-ვილისათვის სოლიდარულად ხუთი თვის სარგებლის - 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ხ.გ.-ვილი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მ. გ.-ვილი არ იმყოფებოდა ხ.გ.-ვილთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში და საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ გარემოებებზე, რაც მითითებული აქვს სარჩელში. ამასთან, დამატებით მიუთითებს დაკითხვის ოქმებზე, სადაც მისი მოსაზრებით, მ.ს.-ე მიუთითებს, რომ სესხი მ.გ.-ვილმა აიღო, ხოლო მ.გ.-ვილი კი, მიუთითებს, რომ იგი მივიდა ხ. გ.-ვილთან და უთხრა, რომ თანხა მ. ს.-ეს ჰქონდა ნასესხები, რა დროსაც მას უთხრა ხ.მ, რომ ეჭვი ეპარებოდა, რომ თანხა მ.ს ჰქონდა ნასესხები. რაც შეეხება ფულის მიწოდებას, კასატორი ადასტურებს, რომ ფული ნამდვილად მ.ს გადასცა, რაც განხორციელდა მ. გრიგლაშვილის მითითებით.

კასატორის მოსაზრებით, მ.გ.-ვილი და მ.ს.-ე წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და პასუხისმგებლობაც სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ.

ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდებოდეს, რომ სესხი იყო სარგებლიანი და აღნიშნავს, რომ თავად მხარეთა განმარტებებითაც ირკვეოდა, რომ გამსესხებელს გადაეცემოდა გარკვეული თვეების სარგებელი. აქვე, კასატორი უთითებს, რომ გამსესხებელმა აღნიშნა, რომ მან მიიღო მხოლოდ 7 თვის სარგებელი, რაც მოპასუხეებს სადავოდ არა გაუხდიათ.

ამასთან, კასატორი მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მ. გ.-ვილსაც უნდა დაეკისროს მიუღებელლი შემოსავლის ანაზღაურება - 5000 ლარის წლიური 9%.

მ.გ.-ვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მ. გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მ.გ.-ვილი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მ. გ.-ვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, 5000 აშშ დოლარიდან, მხოლოდ, 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მ.ს.-ისათვის ხ.გ.-ვილის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარისა და მ.გ.-ვილისათვის ხ.გ.-ვილის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, კანონიერ ძალაში იყო შესული. კასატორის მოსაზრებით, ამგვარი მსჯელობიდან იმ დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ კრედიტორს საბოლოოდ მიეკუთვნა 7500 აშშ დოლარი, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით ხ.გ.-ვილის, ხოლო 02 ივლისს მ.გ.-ვილის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ხ.გ.-ვილი მოითხოვს მ.გ.-ვილის სოლიდარულ მოვალედ აღიარებას და მ.ს.-ესთან ერთად მისთვის თანხის გადახდის დაკისრებას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში, ეს ის ნორმებია რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. ვალდებულებით სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას; ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო 5000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სესხად გადაცემისა და შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მათი სოლიდარული ვალდებულების არსებობის შესახებ მტკიცებულების წარმოდგენის მოვალეობა ეკისრებოდა მოსარჩელეს.

ამასთან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ დავაში ნიშანდობლივია, არამხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის გათვალისწინება, არამედ მტკიცების სტანდარტის დაცულობაც. ეს სტანდარტი კი, იმაში მდგომარეობს, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურებას მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაში შეფასებით შესაძლებელია სადავო სამართალურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა.

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ.გ.-ვილსა და მ.გ.-ვილს შორის სეხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, სახელდობრ, საქმის მასალებით, არ დასტურდებოდა მ. გ.-ვილის მიერ ხ. გ.-ვილისაგან თანხის სესხად აღების ფაქტი. ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელის ახსნა-განმარტება და საქართველოს შსს-ს მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალები. საქართველოს შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალებით კი, აღნიშნული არ დასტურდებოდა, კერძოდ, მ. გ.-ვილს გასაუბრების დროს არ მიუთითებია, რომ მან ხ. გ.-ვილისაგან თანხა ისესხა და მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. აღნიშნული არ გამომდინარეობდა არც ხ. გ.-ვილის ჩვენებიდან. მოსარჩელის განმარტებით კი, თანხა გადაეცა მ. ს.-ეს. სხვა მტკიცებულება კი, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა მ. გ.-ვილისათვის თანხის დაკისრების საფუძველი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მ.გ.-ვილს არ გაუსაჩივრებია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.10.2014წ.-ის გადაწყვეტილება სრულად, ამიტომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. გ.-ვილისათვის ხ. გ.-ვილის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, საკასაციო წესით ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი.

საკასაციო პალატის ზემოთმითითებული მსჯელობიდან გამომდინარეობს მეორე დასკვნაც მ.გ.-ვილის საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე. სახელდობრ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 21.10.2014წ.-ის გადაწყვეტილებით ხ. გ.-ვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს: მ.ს.-ესა და მ. გ.-ვილს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ხ. გ.-ვილისათვის სესხის თანხის - 5000 აშშ დოლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება მ. გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრდა მ.გ.-ვილის მიერ (იხ., სააპელაციო მოთხოვნა - ს.ფ. 142). შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ე.ი მ.გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და მივიდა იმგვარ დასკვნამდე, რომ სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში (ე.ი. მ.გ.-ვილისათვის 2500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილი) უსაფუძვლო იყო და მითითებულ ნაწილში, სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მ.გ.-ვილის საკასაციო პრეტენზია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. როგორც აღინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვა მ.გ.-ვილის სასარგებლოდ დასრულდა და ამდენად, მ.გ.-ვილის პრეტენზია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია იმ ნაწილში, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ „რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2500 აშშ დოლარის მ.გ.-ვილისათვის დაკისრებისა და ამავდროულად იგივე გადაწყვეტილება მ.გ.-ვილისათვის და მ.ს.-ისათვის სოლიდარულად 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შესული იყოს კანონიერ ძალაში“, გასაზიარებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში, გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა ბუნდოვანია, რადგან ამ ლოგიკით შესაძლოა კრედიტორმა ივარაუდოს, რომ მას საბოლოოდ მიეკუთვნა 7500 აშშ დოლარი, რაც არასწორია. თუმცა საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისადმი იურიდიულ ინტერესად მხოლოდ ეს გარემოება ვერ იქნება მიჩნეული. მთავარია, მოვალის ინტერესს პრობლემა არ შექმნას აღსრულების ეტაპზე და კრედიტორის სასარგებლოდ ზუსტად იმ თანხის აღსრულება მოხდეს, რაც მას აქვს მიკუთვნებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით. გარდა ამისა, გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული შედეგის ბუნდოვანების წარმოქმნის შემთხვევაში, ამ საკითხის საპროცესო სამართლებრივ რეგულირებას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება) და ამდენად, ბუნდოვანების აღმოფხვრის ერთადერთ საპროცესო სამართლებრივ გზას საკასაციო საჩივრის წარდგენა როდი წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. გ.-ვილის საკასაციო საჩივარიც დაუშვებელია.

რაც შეეხება ხ. გ.-ვილის მორიგ პრეტენზიას მ.გ.-ვილათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი დავა და მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის (პროცენტის) მოპასუხეებისათვის დაკისრებას შეეხებოდა (იხ., სარჩელის მოთხოვნა ს.ფ. 06). დადგენილია ისიც, რომ საქმის წარმოების არც-ერთ ერთ ეტაპზე მოსარჩელეს მოთხოვნა არც დაუზუსტებია და არც შეუცვლია. შესაბამისად, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მართებულად იმსჯელა მოსარჩელის მხოლოდ აღნიშნულ მოთხოვნებზე და მათგან სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ხოლო სესხისათვის გათვალისწინებული სარგებლის (პროცენტის) ნაწილში სარჩელს უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე, რისი ძირითადი საფუძველიც იმაში მდგომარეობდა, რომ სამოქალაქო კოდექსი სესხისათვის სარგებლის (პროცენტის) დაკისებას მხოლოდ სახელშეკრულებო პერიოდში ითვალისწინებდა (სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა, რადგან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ გამსესხებელს ერთი წლის განმავლობაში მისაღები სარგებელი (პროცენტი) - ყოველთვიურად 200 აშშ დოლარი, მიღებული ჰქონდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, თავისი 14.04.2015წ.-ის გადაწყვეტილებით ხ. გ.-ვილს მიაკუთვნა მიუღებელი შემოსავლი, რაც თანხობრივად 5000 აშშ დოლარის წლიურ 9%-ს მოიცავს. სააპელაციო საამართლოს არგუმენტი ამ ნაწილში იმ მსჯელობას დაემყარა, რომ „ხ. გ.-ვილს ჰქონდა იმ მინიმალური მიუღებელი შემოსავალის მიღების უფლება, რომელსაც იგი მიიღებდა მ. ს.-ეს ნასესხები თანხა დროულად რომ დაებრუნებინა“. ეს ყოველივე კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილ ქცევის წესთან რომლის თანახმად, „სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“ და ამასთანავე, სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპთან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც აღინიშნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოსარჩელეს არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია, იგი მოითხოვდა მხოლოდ ძირითადი თანხისა და სარგებლის (პროცენტის) ანაზღაურებას. თავის მხრივ კი, სარგებლის (პროცენტის) ანაზღაურება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება თვისობრივად სხვადასხვა მოთხოვნებს განეკუთვნებიან. განსხვავებულია მათი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლებიც. სახელდობრ, სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის უფლება განეკუთვნება კრედიტორის პირველად მოთხოვნას (სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილი), და იგი პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული მხარეთა შეთანხმების არსებობაზე. ხოლო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება კი, განეკუთვნება კრედიტორის მეორად მოთხოვნას და უკავშირდება ხელშეკრულების დარღვევის შედეგებს და თავის მხრივ, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ სახედ წარმოგვიდგება და მისი ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მ. ს.-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია და ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალწარმოებაში მოქმედი საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მითითებულ გარემოებას ხ. გ.-ვილის საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაუდებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც შეეხება სასესხო ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულების არსებობის საფუძვლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. გ.-ვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ მ. გ.-ვილს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

კასატორი ხ. გ.-ვილი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასაგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუზველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. გ.-ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. გ.-ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ მ. გ.-ვილს დაუბრუნდეს 2015 წლის 29 ივნისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე