Facebook Twitter

საქმე №ას-616-583-2015 17 ივლისი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ვ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უძრავი ქონების გამიჯვნა და საკუთრებაში გადაცემა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-ის მიმართ უძრავი ქონების გამიჯვნისა და საკუთრებაში გადაცემისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე შეგებებული სარჩელი აღძრა ლ. მ-მა ვ. ს-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ლ. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე ვ. ს-ი, ასევე მოპასუხე ლ. მ-ი და მისი წარმომადგენელი. შესაბამისად, აპელანტისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 2015 წლის 16 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 30 იანვარს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. პალატამ ასევე დაადგინა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მხარემ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი 30 დღის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 30 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 5 თებერვალს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ვ. ს-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგარამ უშედეგოდ. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, გადაწყვეტილება მზად არ იყო. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან წერილობითაც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩააბარა ვადის დარღვევით, რის გამოც ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, საჩივრის წარდგენის ვადა დარღვეული იქნა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიზეზით, რის გამოც არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე ვ. ს-ი (იხ. ს.ფ. 262-263). თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რომ მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 16 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 29 იანვარს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 5 თებერვალს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განცხადებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ მან არა ერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2015 წლის 5 იანვარი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2015 წლის 15 იანვარი) ვ. ს-მა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. საქმის მასალებში არსებული განცხადებით და ხელწერილით ირკვევა, რომ ვ. ს-მა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 30 იანვარს (იხ. ტ. ს.ფ. 281-282), ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი 30 დღის გასვლის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე