Facebook Twitter

საქმე №ას-618-585-2015 22 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ჯ.-ვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. კ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. ჯ.-ვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 10,000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 09.12.2009წ.-ს რ. კ.-ესა და დ. ჯ.-ვილს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს სესხად გადაეცა 5000 აშშ დოლარი, რისთვისაც ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადა სარგებელი - 250 აშშ დოლარი. 21.09.2011წ.-ს მხარეთა ზეპირი შეთანხმებით მსესხებელს დამატებით გადაეცა 3000 აშშ დოლარი. ვინაიდან, გასესხებული ძირითადი თანხის მოცულობა გაიზარდა 8000 აშშ დოლარამდე, მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობამ შეადგინა 400 აშშ დოლარი. მსესხებელმა 09.12.2009წ.-ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე 15-ჯერ შეიტანა სარგებლის სახით 250 აშშ დოლარი, ხოლო 21.09.2011წ.-ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი, 12-ჯერ შეიტანა 400 აშშ დოლარი, ერთჯერ შეიტანა 320 აშშ დოლარი და თითოჯერ 480 აშშ დოლარი და 100 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით მსესხებლის ვალდებულებას შეადგენს გამსესხებლისათვის 10,000 აშშ დოლარის დაბრუნება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელია 2000 აშშ დოლარი.

მოპასუხე დ. კ.-ემ სარჩელი ცნო სესხის სახით 5000 აშშ დოლარის მიღების ნაწილში და განმარტა, რომ აღნიშნულ თანხაზე შეთანხმებული სარგებლის ოდენობა - ძირითადი თანხის 100% (5000 აშშ დოლარი) მთლიანად აქვს გადახდილი. დამატებით 3000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე რ. კ.-ის სარჩელი და დ. ჯ.-ვილს რ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5,150 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით, ხოლო სესხის პროცენტი - 2,150 აშშ დოლარით.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ.-ვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში. დ. ჯ.-ვილის სააპელაციო საჩივარზე კანონით დადგენილ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ. კ.-ემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით დ. ჯ.-ვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რ. კ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიცნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ რ. კ.-ესა და დ. ჯ.-ვილს შორის 09.12.2009წ.-ს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, რომლის თანახმად დ. ჯ.-ვილმა რ. კ.-ისაგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 5%-ით, კერძოდ 250 აშშ დოლარით. დ. ჯ.-ვილს რ. კ.-ისათვის სესხის სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 10 რიცხვში სს „ს. ბ.-ში“, რ. კ.-ის კუთვნილ ანგარიშზე. დ. ჯ.-ვილს სესხისათვის გათვალისწინებული სარგებლის 250 აშშ დოლარის გადახდა უნდა შეეწყვიტა 2010 წლის დეკემბერში და დაებრუნებინა ძირი თანხა 5000 აშშ დოლარი.

საქმეში წარმოდგენილი რ. კ.-ის საბანკო ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დასტურდება, რომ დ.ჯ.-ვილმა თავისი და ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით შეთანხმებული სესხის პროცენტის - 250 აშშ დოლარი ნაცვლად 12 გადახდისა, გადაიხადა 16-ჯერ.

რ.კ.-ესა და დ.ჯ.-ვილს შორის 21.09.2011წ.-ის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც დ.ჯ.-ვილმა რ.კ.-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი. ასევე ზეპირი შეთანხმებით განისაზღვრა სესხის სარგებელი თვეში 5%-ის ოდენობით.

დადგენილია, რომ დ.ჯ.-ვილს 09.12.2009წ.-ის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა გადაეხადა 8 000 აშშ დოლარი, საიდანაც 5000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, ხოლო 3000 აშშ დოლარი - 12 თვის საპროცენტო სარგებელი. 21.09.2011წ.-ის ზეპირი სესხის ხელშეკრულების თანახმად, დ.ჯ.-ვილს უნდა გადაეხადა სესხის ძირი თანხა 3 000 აშშ დოლარი და მისი 5%, 150 აშშ დოლარი. მთლიანობაში მოპასუხეს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 8000 აშშ დოლარის ოდენობით და სესხის სარგებელი ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 09.12.2009წ.-ის სესხის ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებული იყო ერთი წლის ვადით, შესაბამისად დ. ჯ.-ვილს სესხის სარგებელი 250 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადა 12 თვის განმავლობაში. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის თანახმად რ. კ.-ის პირადი ანგარიშიდან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ.ჯ.-ვილმა მითითებული ხელშეკრულების თანახმად გადახდა განახორციელა 16-ჯერ, ნაცვლად 12 გადახდისა. ასევე, დადგენილ იქნა, რომ დ. ჯ.-ვილმა 21.10.2011წ.-დან 25.04.2013წ.-ის ჩათვლით რ. კ.-ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თავისი და ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით 400 აშშ დოლარი გადაიხადა 12-ჯერ. ამასთან, 25.11.2011წ.-ს გადაიხადა 320 აშშ დოლარი, 26.12.2012წ.-ს - 480 აშშ დოლარი და 25.10.2012წ.-ს - 100 აშშ დოლარი. საბანკო გადახდებით დადასტურებულ იქნა, რომ დ. ჯ.-ვილმა რ. კ.-ის სასარგებლოდ მის საბანკო ანგარიშზე შეიტანა ჯამში, 9700 აშშ დოლარი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ აღიარა მოპასუხისაგან 800 აშშ დოლარის ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით მიღების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ. ჯ.-ვილს მოსარჩელე რ. კ.-ის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა მთლიანობაში, 10 500 აშშ დოლარი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც. 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ორი სასეხო ურთიერთობა, კერძოდ, მხარეებს შორის დადებული იყო სესხის წერილობითი ხელშეკრულება 09.12.2009წ.-ს, ხოლო 21.09.2011წ.-ს წარმოიშვა სესხის ზეპირი ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადახდებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ.ჯ.-ვილმა ჯამში გადაიხადა 10 500 აშშ დოლარი. მითითებული თანხიდან 8000 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო 09.12.2009წ.-ის სესხის ანგარიშში, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 5000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი - 3000 აშშ დოლარი. მის მიერ ზედმეტად 4-ჯერ გადახდილი 250 აშშ დოლარი კი, უნდა ჩათვლილიყო 21.09.2011წ.-ის სესხის ზეპირი ხელშეკრულების პროცენტის თანხის გადახდაში. აღნიშნული თანხის გადახდით დადასტურებულ იქნა, რომ მის მიერ 09.12.2009წ.-ის წერილობითი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა.

ასევე, დადგენილ იქნა, რომ 21.09.2011წ.-ის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დ. ჯ.-ვილის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებელი 31 თვეზე შეადგენდა 4650 აშშ დოლარს, აქედან ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 2500 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოპასუხეს 2011 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირი თანხა 3000 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებლი 2150 აშშ დოლარის (4650 აშშ დოლარს-საბანკო გადარიცხვებით გადახდილი 2500 აშშ დოლარი) ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დ. ჯ.-ვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რ. კ.-ესა და დ. ჯ.-ვილს შორის 21.09.2011წ.-ს არ დადებულა სესხის ზეპირი ხელშეკრულება და განმარტა, რომ ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს და სწორედ საქმეში წარმოდგენილი რ. კ.-ის საბანკო ანგარიშიდან პირადი ამონაწერის საფუძველზე და ასევე, მოწმის ჩვენების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 21.09.2011წ.-ს წარმოიშვა სესხის ზეპირი ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სწორედ საბანკო ამონაწერებში არსებული გადახდებით იქნა დადასტურებული, რომ მოპასუხე დ. ჯ.-ვილი 2500 აშშ დოლარს იხდიდა 20.05.2011წ.-ის ჩათვლით, ხოლო 21.10.2011წ.-ის შენატანი თანხა გაიზარდა და მისმა ოდენობამ შეადგინა ყოველთვიურად 400 აშშ დოლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ.-ვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი სადავოდ ხდის 21.09.2011წ.-ის სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის შესახებ ფაქტობრივ გარემოებას და მისი საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა მხოლოდ მოწმე დ.გ.-ის ჩვენებით, რომელიც არ შესწრებია თანხის გადაცემას, არ შეიძლება დადასტურდეს. კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილგელმა სასამართლომ არასწორად მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა საბანკო გადარიცხვის ამონაწერებს, რადგან აღნიშნული ამონაწერებით არ ირკვეოდა თანხის გადახდის მიზნობრიობა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი სადავოდ ხდის 21.09.2011წ.-ის სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. საკასაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტი იმ გარემოებას ემყარება, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნადვილობა არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხოლოდ მოწმის ჩვენებით, რომელიც არ შესწრებია თანხის გადახდას, ხოლო რ. კ.-ის საბანკო ამონაწერი კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდება, რადგან მასში არ არის მითითებული თანხის გადარიცხვის მიზნობრიობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში, ეს ის ნორმებია რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. ვალდებულებით სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას; ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სადავო 3000 ლარის მოპასუხისათვის სესხად გადაცემისა და შესაბამისად, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის შესახებ მტკიცებულების წარმოდგენის მოვალეობა ეკისრებოდა მოსარჩელეს.

ამასთან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ დავაში ნიშანდობლივია, არამხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესის გათვალისწინება. ასევე, მნიშვნელოვანია მტკიცების სტანდარტის დაცულობა. ეს სტანდარტი კი, იმაში მდგომარეობს, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურებას მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე არ ითვალისწინებს. აღნიშნული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მოწმის ჩვენება ამ შემთხვევაში, მტკიცებულებად საერთოდ არ დაიშვება, არამედ ნორმის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოწმის ჩვენება არასაკმარისი მტკიცებულებაა და სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის (სესხის არსებობა) შემადგენლობას მტკიცებულების სხვა სახესთან ერთობლიობაში იძლევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. მოწმის ჩვენებაც ამავე კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებაა და რაც მთავარია, სამართალწარმოებაში არსებობს პრეზუმფციები, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. პრეზუმფციის საფუძველზე მტკიცების საგანში შემავალი ერთი ნაწილი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

მოცემულ შემთხვევაში, 21.09.2011წ.-ის სესხის ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი რ. კ.-ის საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დადასტურებულია რომ მოპასუხე დ. ჯ.-ვილი 2500 აშშ დოლარს იხდიდა 20.05.2011წ.-ის ჩათვლით, ხოლო 21.10.2011წ.-ის შენატანი თანხა კი, გაიზარდა და მისმა ოდენობამ შეადგინა ყოველთვიურად 400 აშშ დოლარი. სასესხო ურთიერთობის არსებობაზე მიუთითა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა დ.გ.-ემ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას შეეხება და ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ რ.კ.-ის საბანკო ანგარიშზე დ.ჯ.-ვილის მიერ 21.10.2011წ.-დან გაზრდილი ოდენობით თანხის შეტანა ატარებდა სხვა დანიშნულებას ვიდრე ახალი სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება იყო, ეკისრებოდა თანხის გადამხდელს, რომელმაც ეს გარემოება სარწმუნოდ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, მართლზომიერად ამოქმედდა პრეზუმფცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილი ოდენობის თანხის შეტანა სწორედ ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა.

ზემოთმითითებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით კი, მართებულადაა დადგენილი 21.10.2011წ.ის სესხის ხელშეკრულების არსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრით უშუალოდ გადასახდელი თანხის მოცულობა სადავო არ არის, მასზე საკასაციო პალატა დამატებით ვერ იმსჯელებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც შეეხება სასესხო ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულების არსებობის საფუძვლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ დ. ჯ.-ვილს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 604 ლარის 70% – 422.8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ჯ.-ვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ.ჯ.-ვილს დაუბრუნდეს 2015 წლის 19 მაისს №...საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (604 ლარის) 70% – 422.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე