საქმე №ას-619-586-2015 17 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ტ.ყ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ყ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები _ ა.ყ., დ.ს.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ.ყ–მ მოითხოვა მის, ტ.ყ–სა და ა.ყ–ის თანასაკუთრებაში არსებული, ქ.ქობულეთში, ....... მდებარე სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფა;
1.2. სახლთმფლობელობის 1/5-ის ფარგლებში ტ.ყ–სა და დ.ს–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა;
1.3. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ყ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთში, ..... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 წილის ფარგლებში მოპასუხეებს: ტ.ყ–სა და დ.ს–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო მოქმედება. ნ.ყ–ს უარი ეთქვა მოპასუხეების: ტ.ყ–სა და ა.ყ–გან ქ.ქობულეთში, ..... მდებარე სახლთმფლობელობიდან საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დანართის 2-ის „ა“ ვარიანტის მიხედვით 48 კვ.მ ოთახების და დანართი 3-ის „ა“ ვარიანტის მიხედვით 420 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალური წილის გამოყოფაზე, ასევე უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხეების თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნული ქონებიდან გამოსახლებასა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის ჩაბარებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ყ–მ, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ტ.ყ–მაც.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ტ.ყ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ.ყ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.ყ–ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ......... მდებარე უძრავი ქონებიდან ნ.ყ–თვის წილის გამოყოფისა და გამოყოფილი ნაწილიდან ტ.ყ–ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ყ–ის სარჩელი ქ.ქობულეთში, .... მდებარე უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ.ყ–ს, ქ.ქობულეთში, ...... მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყო წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად, ნ.ყ–ის სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან ტ.ყ–ის გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ტ.ყ. გამოსახლებულ იქნა ქ.ქობულეთში, ..... მდებარე ნ.ყ–თვის მიკუთვნებული უძრავი ქონებიდან, ნ.ყ–ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ....... მდებარე უძრავი ქონებიდან ტ.ყ–ის „თანმხლები პირების“ გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ.ყ–მ.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, ტ.ყ–ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვალსა და 2015 წლის 2 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობა და მოვალედ დამატებით მიეთითა დ.ს. (პ/N....), მისამართი: ქ.ქობულეთი, ........., ფაქტობრივი მისამართი: ქ.თბილისი, .......
7. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სააღსრულებო ფურცლების გაცემისას გამოტოვებულ იქნა სადავო ქონების მესაკუთრეზე _ დ.ს–ზე, როგორც მოვალეზე, მითითება, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენდა გასაყოფი ქონების მესაკუთრეს.
8. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ტ.ყ–მ და მოითხოვა მისი, როგორც უკანონო განჩინების გაუქმება.
9. კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ყ–ის სარჩელი უძრავი ქონებიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა მხოლოდ ტ.ყ. და გადაწყვეტილებაც მის მიმართაა გამოტანილი, სააპელაციო სასამართლო კი, უკანონოდ ცდილობს დავაში მოპასუხედ დ.ს–ის ჩაბმას და ამ გზით ახალი გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ.ყ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
1.1. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების გამო გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში მოვალედ დ.ს–ის მითითება, თავის მხრივ, ვიდრე საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების საფუძვლიანობას შეამოწმებდეს, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
1.1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის _ უფლების სასამართლოს წესით დაცვის საპროცესო რეალიზაციას წარმოადგენს და დადგენილია, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
1.1.2. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, განიხილოს პირის მოთხოვნა დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების თაობაზე და უპირველესად ადგენს მოთხოვნის მქონე პირის უფლების ნამდვილობას. კანონის ეს უზოგადესი ნორმა ასახულია მთელ რიგ სპეციალურ საპროცესო ნორმებში, თუმცა, სპეციალური რეგულაცია არსობრივად მე-2 მუხლისაგან არ განსხვავდება. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
1.1.3. მას შემდეგ, რაც სასამართლო დარწმუნდება, რომ დაცულია კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის ფორმალური მხარე, ხდება იმის შემოწმება, მოთხოვნის წარმდგენ პირს გააჩნია თუ არა ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარდგენილი მოთხოვნის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სადავო ურთიერთობის უშუალო ადრესატს მხარე არ წარმოადგენს და ეს ურთიერთობა რაიმე გავლენას არ ახდენს მის სამოქალაქო უფლებათა განხორციელებაზე, სასამართლო მხარეს უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმგვარად, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე სადავო სამართალურთიერთობის კანონშესაბამისობას აღარ შეამოწმებს.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა ასევე დ.ს., შესაბამისად, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ის არასათანადო მოპასუხედ არ ყოფილა ცნობილი, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება, როგორც კერძო საჩივრის ავტორის, ისე დ.ს–ის მიმართ შეაფასა. ამ გარემოების წინააღმდეგ კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
1.3. საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ ტ.ყ. დ.ს–ის არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე წარმომადგენელი არ არის.
1.4. სააპელაციო პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით შესწორება შევიდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში და მოვალედ ტ.ყ–თან და ა.ყსთან ერთად დამატებით მიეთითა დ.ს.
1.5. უდავოა ისიც, რომ დ.ს–ის მოვალედ მითითებას რაიმე გავლენა ტ.ყ–ის უფლებების მიმართ არ გამოუწვევია, ამით მას არც რაიმე დამატებითი ვალდებულება წარმოშობია და არც სხვა გზით შეცვლილა მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი. საპირისპირო მტკიცებას წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს.
1.6. სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც სხვა პირებთან ერთად სააღსრულებო ფურცლებში მიეთითა დ.ს–ც, თავად დ.ს–ს არ გაუსაჩივრებია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ.ყ. არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების მიმართ ნამდვილი უფლების მქონე სუბიექტს, რაც ამ განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთანავე, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო არაა უფლებამოსილი, გარდა კერძო საჩივარში მითითებული გარემოებებისა, სხვა მხრივ იმსჯელოს 2015 წლის 8 მაისის განჩინების კანონიერებაზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც, როგორც აღინიშნა, თავად უფლებამოსილი სუბიექტის კერძო საჩივარი არ იმყოფება სასამართლოს წარმოებაში.
1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ.ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე