საქმე №ას-620-587-2015 17 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ქ. ლ. ქ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ქ. ლ. ქ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით სს „ქ. ლ. ქ-ის“ სააპელაციო შესაგებელი სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ქ. ლ. ქ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ქ. ლ. ქ-ის“ კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საპროცესო ნორმები განსაზღვრავს ყოველ კონკრეტულ პროცესუალურ საკითხთან დაკავშირებით განჩინების გამოტანის, ისევე როგორც მისი გასაჩივრების წესს, კერძოდ, თითეულ შემთხვევაში დადგენილია, შესაძლებელია თუ არა განჩინების გასაჩივრება და, დადებით შემთხვევაში, რა წესით საჩივრდება იგი.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა სს „ქ. ლ. ქ-ის“ სააპელაციო პასუხი (შესაგებელი) მისი დაგვიანებით წარდგენის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, საჩივრდება საჩივრით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო შესაგებლის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებისა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, 187-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას.
იმის გათვალისწინებით, რომ სს სს „ქ. ლ. ქ-ის“ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები გამოვლინდა მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სს „ქ. ლ. ქ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო; სს „ქ. ლ. ქ-ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს ზ. გ-ის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 27 მაისს N399891742 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე