საქმე №100210014000624224
საქმე №ას-622-589-2015 22 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნ. ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. კ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ღ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ღ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. კ.-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის, სულ – 200 ლარის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 4 მარტიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ო. კ.-თან.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მათ შორის ქორწინება შეწყდა. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი – 2009 წლის 19 თებერვალს დაბადებული ი. კ.-ი და 2011 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული გ. კ.-ი.
მოსარჩელის მითითებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი. თითქმის ერთი წელია, რაც ნ. ღ.-ი წამოსულია ოჯახიდან და ბავშვებს მარტო ზრდის. ამ დროის განმავლობაში მოპასუხეს ბავშვებისათვის არავითარი მატერიალური დახმარება არ გაუწევია.
მოსარჩელის განმარტებით, იგი უმუშევარია, არ აქვს შემოსავალი, ხოლო მოპასუხე დასაქმებულია, მის ოჯახს აქვს მეურნეობა და გარკვეული შემოსავალი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამჟამად უმუშევარია. მას მოუხდა მოსარჩელის მიერ დატოვებული ვალების დაფარვა. ამასთან, ო. კ.-მა განმეორებით იქორწინა და მეუღლის გარდა მის კმაყოფაზეა დედა და და.
მხარემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 25 დეკემბრის თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებით (მორიგება) მოსარჩელემ უარი თქვა ალიმენტთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე, შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელეს წაერთვა უფლება, სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. კ.-ს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2014 წლის 20 ოქტომბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების – ი. კ.-ისა და გ. კ.-ის სარჩენად ნ. ღ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულ ბავშვზე თვეში 75-75 ლარის, სულ – 150 გადახდა მათ სრულწლოვანებამდე, მდგომარეობის შეცვლამდე, ნ. ღ.-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის გადაწყვეტილებით ო. კ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. ღ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. კ.-ს სარჩელის აღძვრის დღიდან, 2014 წლის 20 ოქტომბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილების ი. კ.-ის და გ. კ.-ის სარჩენად ნ. ღ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულ ბავშვზე თვეში 50-50 ლარის, სულ – 100 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის 4 მარტს ნ. ღ.-ი და ო. კ.-ი დაქორწინდნენ.
მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინების საფუძველზე. ნ. ღ.-ს და ო. კ.-ს ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი – 2009 წლის 19 თებერვალს დაბადებული ი. კ.-ი და 2011 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული გ. კ.-ი.
ამჟამად ნ. ღ.-ი შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, არ მუშაობს და არ გააჩნია შემოსავალი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ.-სა და ო. კ.-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც დარეგულირდა შვილებთან ურთიერთობის საკითხი. მხარეები შეთანხმებულები არიან იმის შესახებაც, რომ მამას უფლება აქვს გარკვეული ხანი ამყოფოს ბავშვები თავის საცხოვრებელ ადგილზე.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოს ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნ. ღ.-ის სარჩელსა თუ მის შუამდგომლობაზე (სარჩელზე უარის თქმის შესახებ) არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია.
ო. კ.-ი ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ შალაურში დედასთან, დასთან და მეუღლე ნ. ფირანიშვილთან ერთად. იგი მუშაობს შპს „ჯ. ე.-ში“ და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 300 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოს ნ. ღ.-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ო. კ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის ირგვლივ რაიმე სახის გადაწყვეტილება (განჩინება) არ მიუღია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ალიმენტის დაკისრებისას ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ დ. ნ.-ისა და ნ. ზ.-ას შვილები არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რაც ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1121-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ, თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის დროს, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტით.
კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს, ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია კანონმდებლის მცდელობით, მაქსიმალურად დააბალანსოს როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (მამის) ინტერესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება მოპასუხის სასარგებლოდ თითოეული ბავშვის სარჩენად თვეში 50-50 ლარის (ანუ მოპასუხის ხელფასის 1/3 ნაწილის) დაკისრება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვტილება ო. კ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ნ. ღ.-მა თელავის რაიონულ სასამართლოში აღძრა სამოქალაქო საქმე სამი მოთხოვნით: ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით; ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; მხარეთა საერთო შვილების სასარგებლოდ ალიმენტების დაკისრება;
მხარის განმარტებით, ასევე არ არის სადავო არც ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ნ. ღ.-მა უარი განაცხადა ალიმენტის მოთხოვნაზე. მოსამართლემ დაუკონკრეტა, აცხადებდა თუ არა იგი უარს ალიმენტის მოთხოვნაზე, თუ იხმობდა სარჩელს მოთხოვნაზე უარის თქმის გარეშე. მოსარჩელემ ადვოკატთან და მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ სასამართლოს განუცხადა, რომ იგი უარს აცხადებდა მოთხოვნაზე და ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ მსგავსი მოთხოვნის დაყენების უფლება მომავალში მას აღარ ექნებოდა.
ო.კ.-ი შუამდგომლობას დაეთანხმა, რის შემდეგაც სასამართლომ იგი თავის საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა.
მხარემ მიუთითა, რომ საბოლოოდ საქმე დასრულდა მორიგებით, მაგრამ სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების მომენტში ალიმენტის მოთხოვნა დავის საგანი აღარ იყო, რაც დასტურდება სასამართლოს განჩინებიდანაც, სადაც დავის საგანში მითითებულია მხოლოდ ორი საკითხი, თუმცა აღსანიშნავია, რომ სასამართლო აღწერილობით ნაწილში ასახავს სასარჩელო მოთხოვნათა შორის თავიდან ალიმენტის მოთხოვნასაც.
მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ განმეორებით მიმართა იმავე მოთხოვნით საჩხერის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნულის გამო, დ.კ.-მა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, თუმცა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ალიმენტის საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იყო გამონაკლისი და ბავშვების ერთი მშობლის უარი ალიმენტზე არ ათავისუფლებდა მშობელს ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტების გადახდის ვალდებულებისაგან.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა, როდესაც არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილს, მაგრამ არ გააუქმა იგი. საპროცესო ნორმების მიხედვით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის კანონიერება უნდა დადგინდეს მისი სამოტივაციო ნაწილიდან, შესაბამისად, თუ სამოტივაციო ნაწილი უკანონოა, უნდა გაუქმდეს მისი სარეზოლუციო ნაწილიც, რაც არ გამორიცხავს იმავე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში სასამართლოს ჯერ უნდა გაეუქმებინა საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინება, ხოლო ამის შემდეგ მიეღო თუნდაც იმავე სარეზოლუციო ნაწილის ახალი გადაწყვეტილება, მაგრამ დაესაბუთებინა თავიდან.
მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ო.კ.-ს უარი ეთქვა სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ არც თელავის რაიონული სასამართლოს აუდიოოქმიდან არ ჩანდა და არც არსებობდა სხვა განჩინება გარდა განჩინებისა, რომლითაც დამტკიცდა მორიგების აქტი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სარჩელზე უარი არ უთქვამს და, შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, ალიმენტის შესახებ მოთხოვნა ხელმეორედ წამოეყენებინა იმავე მხარის წინააღმდეგ, თუმცა სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა, რა ბედი ეწია ალიმენტის მოთხოვნის შესახებ მოთხოვნას საქმის წარმოებისას. ამასთან, თუ საქმის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ განჩინება მორიგების აქტის დამტკიცებამდე არ არსებობდა და ამიტომ ალიმენტის შესახებ მოთხოვნა დავის საგანი იყო, მორიგების აქტის დამტკიცებისას რატომ მიუთითა თელავის რაიონულმა სასამართლომ, რომ ალიმენტი დავის საგანი არ იყო.
მხარემ გაურკვევლად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ თუ ალიმენტის მოთხოვნა მორიგების აქტის გაფორმების მომენტში იყო დავის საგანი, მაშინ რატომ დაიშვება იმავე მხარეებს შორის დავა იმავე საკითხზე, რომელზეც არსებობს მორიგების აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ო. კ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 4 მარტს ნ. ღ.-ი და ო. კ.-ი დაქორწინდნენ.
მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინების საფუძველზე. ნ. ღ.-ს და ო. კ.-ს ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი – 2009 წლის 19 თებერვალს დაბადებული ი. კ.-ი და 2011 წლის 4 ოქტომბერს დაბადებული გ. კ.-ი.
ამჟამად ნ. ღ.-ი შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, არ მუშაობს და არ გააჩნია შემოსავალი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ. ღ.-სა და ო. კ.-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც დარეგულირდა შვილებთან ურთიერთობის საკითხი. მხარეები შეთანხმებულები არიან იმის შესახებაც, რომ მამას უფლება აქვს გარკვეული ხანი ამყოფოს ბავშვები თავის საცხოვრებელ ადგილზე.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოს ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნ. ღ.-ის სარჩელსა თუ მის შუამდგომლობაზე (სარჩელზე უარის თქმის შესახებ) არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია.
ო. კ.-ი ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ შალაურში დედასთან, დასთან და მეუღლე ნ. ფირანიშვილთან ერთად. იგი მუშაობს შპს „ჯ. ე.-ში“ და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 300 ლარს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ო. კ.-ი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ კუთხით, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ნ. ღ.-ის მიერ ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო დარღვევის არსებობა საქმის მასალებიდან არ დასტურდება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის – ერთ-ერთი მეუღლისათვის თავისი არასრულწლოვანი შვილების სარჩენად ალიმენტის დაკისრების შესახებ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ო. კ.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 2 ივლისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ო. კ.-ის (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 2 ივლისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური