Facebook Twitter

საქმე №ას-624-591-2015 22 ივლისი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ. ქ-ი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი – შპს „ე-ა ..." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს აღიარება და ავანსიდან გამოქვითვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ნ. ქ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ე-ა ...-ის" მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს აღიარება და ავანსიდან გამოქვითვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ. ქ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა შპს „ნ. ქ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაო ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ 486 78 ლარზე დღგ-ს ჩათვლით და გამოიქვითა ავანსიდან, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ. ქ-მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით შეჩერდა შპს „ნ. ქ-ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის წარმოება საქმე №2/ბ-40-15 სამოქალაქო საქმე №2/ბ-954-14-ის გადაწყვეტამდე შპს „ნ. ქ-ის“ სარჩელის გამო, ქ. ფოთის თვითმმართველი მერიისა და მესამე პირის შპს „ე-ა ...-ის“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე მხარეთა შორის, ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობაზე ნაწარმოებია სამოქალაქო საქმე, რომლის განხილვის საგანსაც წარმოადგენს მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, (რომელი ხელშეკრულების შეწყვეტის გამოც ითხოვს შპს „ნ. ქ-ი“ მოპასუხისათვის თანხების დაკისრებას.

იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ერთ, ისე მეორე დავაში ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ, რიგ შემთხვევებში ორივე დავაში სადავოა ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებები, ერთი და იგივე ხელშეკრულებიდან (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №197 ხელშეკრულება) გამომდინარე, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, წინამდებარე დავის შეჩერება მანამ, სანამ არ იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული №2/ბ-954-14წ. სამოქალაქო საქმეზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ნ. ქ-ის” სარჩელით ქალაქ ფოთის თვითმმართველი მერიისა და მესამე პირის შპს „ე-ა ...-ის” მიმართ მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონშესაბამისობის საკითხი. თუ კანონშესაბამისად იქნება მიჩნეული მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა, პალატის აზრით, შპს „ნ. ქ-ის“ სარჩელს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე (ანუ წინამდებარე დავას) გარკვეულწილად საფუძველი გამოეცლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სამოქალაქო საქმე №2/-40-15-ის წარმოების შეჩერება, შპს „ნ. ქ-ის” სარჩელთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის თვითმმართველი მერიის მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საქმე №2/-954-14-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება ზიანს მიაყენებს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ამასთან, ეს დავა არ არის კავშირში იმ სამოქალაქო საქმესთან, სადაც უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის კანონშესაბამისობის საკითხი.

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ე-ა ...-ის“ მიმართ, რომელიც №2/-954-14 სამოქალაქო საქმეში წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს, ასრულებდა სამუშაოებს და საქმეში ჩართული იყო მესამე პირად, აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულად არის ცნობილი.

ამასთან, ქ. ფოთში, სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ახალი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2014 წლის 10 ოქტომბერს. ტენდერი დასრულდა 2014 წლის 31 ოქტომბერს და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ს. კ. კ. ხ-ი“. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 3 დეკემბერს და კომპანია შეუდგა მუშაობას.

ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მერიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ნ. ქ-ის“ წარმომადგენლის გ. ნ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება №2/-954-14 სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე, შპს „ნ. ქ-ის“ სარჩელის გამო, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის შპს „ე-ა ...-ის“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმე შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდედქსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობების დარღვევით შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დავის საგანია შპს „ნ. ქ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ავანსიდან გამოქვითვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული №2ბ/-954-14 საქმის დავის საგანი კი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არის მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება (იხ. ტ. 2. ს.ფ. 211-217). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმის (№2ბ/-954-14) დასრულებამდე უნდა შეჩერებულიყო განსახილველი დავა, ვინაიდან №2ბ/-954-14 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებდა მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული №2ბ/-954-14 სამოქალაქო საქმის განხილვამდე მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვის შეუძლებლობა, რა კავშირია მოცემულ საქმეებს შორის, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან. უფრო მეტიც, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში ნამდვილად არის სამოქალაქო საქმე №2ბ/-954-14. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას (საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე) ერთვის იმავე რიცხვით (2015 წლის 14 მაისით) დათარიღებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ მოსამართლის თანაშემწემ ამავე სასამართლოს მოსამართლე დ. გ-ისაგან გამოითხოვა სამოქალაქო საქმე №2ბ/-954-14 დროებით სარგებლობის მიზნით (იხ. ტ. 2. ს.ფ. 215). ამდენად, გაუგებარია, რა მტკიცებულებას დაეყრდნო სააპელაციო პალატა საქმის წარმოების შეჩერებისას იმ პირობებში, როდესაც განჩინების გამოტანისას მის ხელთ არ იყო რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. შუამდგომლობის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სადავო საკითხის დამადასტურებელ მტკიცებულებათა საფუძველზე უნდა იმსჯელოს წარმოდგენილი საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე და თავისი დასკვნები დაასაბუთოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინება და საქმის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე