საქმე №330210014000544670 31 ივლისი, 2015 წელი
ას-626-592-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. წ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ფ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფ-დი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. წ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ე. ფ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის დავალიანების - 3000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე ე. ფ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა პროცენტის დავალიანების 120 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 150 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სესხის თანხის დავალიანების სახით 3000 აშშ დოლარის, პროცენტის, დავალიანების სახით - 120 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 150 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. წ-იას სარჩელი ე. ფ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 163.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2015 წლის 1 ივლისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 5 დღით.
უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ა. წ-იას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 163.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. წ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში 163.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, 2015 წლის 8 ივლისს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ ა. გ-ეს (მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 115-116), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2015 წლის 8 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივლისს. ამდენად, კასატორს ხარვეზი უნდა შეევსო 2015 წლის 13 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე, ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ა. წ-იამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. წ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე