Facebook Twitter

საქმე №190210013000381729

საქმე №ას-627-593-2015 22 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „რ.-ის წ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ი.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ი.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.-ის წ.-ის“ მიმართ და მოითხოვა ზიანის – 32058,91 ლარის ანაზღაურება, ასევე, შპს „რ.-ის წ.-ისათვის“ ქ. გ.-ში, გ.-ის ქ. №..-ის მიმდებარედ არსებული წყალსადენი მილის დაზიანების აღმოფხვრის დავალება და მისი გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის ოქტომბერში ს. ი.-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დაზიანდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალსადენი მილი. მოპასუხე კომპანიამ აღნიშნული დაზიანება ჯეროვნად არ აღმოფხვრა, რის გამოც დაზიანებული წყალსადენი მილიდან წყალი კვლავაც ჟონავს და აზიანებს მოსარჩელის საცხოვრებელ ბინას.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე არსებული დაზიანება დროულად აღმოიფხვრა, რის შემდეგაც შეტყობინება აღარ შესულა, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ს. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარ ზიანში არ შეიძლება განიხილებოდეს, ვიანიდან ის 250 მმ-იანი წყლის მილი, რომელიც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში არ წარმოადგენს მის კუთვნილ წყალმომარაგების მილს და ის არ არის პასუხისმგებელი ს. ი.-ის კუთვნილი სახლის დაზიანებით გამოწვეული ზიანზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელზე და აღნიშნა, რომ მითითებული შესაგებლით მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია დაზიანებული წყალსადენი მილების კუთვნილების საკითხი და ასევე წყალსადენი მილების დაზიანების შედეგად მიმდებარე ტერიტორიის დატბორვისა და მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანების შესახებ გარემოება. მოპასუხე ძირითადად შემოიფარგლა მხოლოდ დაზიანებული სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული თანხის ოდენობის კრიტიკით. მოგვიანებით კი, მოპასუხემ სადავოდ გახადა დაზიანებული მილის, კერძოდ, 250 მმ-იანი წყალსადენის კუთვნილების საკითხი და, რამდენადაც აპელანტი უარყოფს, რომ ამ დიამეტრის მქონე წყალსადენი მილი მის საკუთრებაში იმყოფება, ამ ეტაპზე იგი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს მისი პასუხისმგებლობის საკითხს ს. ი.-ის კუთვნილი ქ.გ.-ში, გ.-ის №..-ში მდებარე სახლის დაზიანებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით. აპელანტის ამგვარი პოზიცია, არადამაჯერებელია.

სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქ.გ.-ში, გ.-ის ქ.№..-თან მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი წყალმომარაგების დაზიანებული მილების დიამეტრის მოცულობების შესახებ საკითხის კვლევის საჭიროება ამ კონკრეტულ დავაში არ არსებობს, ვინაიდან მოპასუხეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არა თუ მტკიცებულება, არამედ მითითებითაც კი, არ ჰქონია, რომ შპს „რ.-ის წ.-ის“ გარდა გ.-ში, კონკრეტულად ამ უბანში წყალმომარაგებას ახორციელებდა სხვა კომპანიაც და ქ.გ.-ში, გ.-ის ქ.№..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (დატბორვის ადგილას) გამავალი ცენტრალური წყალმომარაგების მილები წარმოადგენს სხვადასხვა პირების (წყლის მიმწოდებელ სხვადასხვა კომპანიის) კუთვნილებას. შპს „რ.-ის წ.-ის“ მიერ საკითხის ამ კუთხით დაყენება, კერძოდ, რომ მას ეკუთვნის მხოლოდ 200 მმ-იანი ან/და 100 მმ-იანი მილები და არ ეკუთვნის 250 მმ-იანი მილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მნიშვნელობის მქონე, თუკი იარსებებდა მოსარჩელის კუთვნილ სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ წყალმომარაგების მილებზე სხვადასხვა პირთა მფლობელობის შესახებ ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, აპელანტის მიერ მტკიცება, რომ მას არ ეკუთვნის 250 მმ-იანი წყლის მილი და ამის გამო არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურების შესახებ პასუხისმგებლობა, გაუმართლებელია. ფაქტია, რომ ს. ი.-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერაც მოხდა წყალმომარაგების მილის დაზიანება, ყველა შემთხვევაში ამ მილების შეკეთებითი სამუშაოები აწარმოა შპს „რ.-ის წ.-მა“. შესაბამისად, თუკი დაზიანებული მილი აპელანტს არ მიაჩნდა მის კუთვნილებად, გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნევდა თავს ვალდებულად, ამ მილების სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, საქმეში წარდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის წერილიც, რომელშიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური (ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური) ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე (ს. ი.-ის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორია) არსებული წყალმომარაგების მილები იმყოფება შპს „რ.-ის წ.-ის“ მფლობელობაში. შესაბამისად, მითითებული გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად განიხილა ის მოცემულობა, რომ ქ.გარდაბნის და, კონკრეტულად, ს. ი.-ის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის წყალმომარაგებას ახორციელებს შპს „რ.-ის წ.-ი“ და წყლის მიწოდებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა (არსებული მილები) იმყოფება სწორედ შპს „რ.-ის წ.-ის“ მფლობელობაში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ს.ი.-ის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მომარაგების მილი დაზიანდა, რასაც მოჰყვა მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე წყლის მილების დაზიანებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. მაგალითად: საქმეში წარმოდგენილი ზემოთ მითითებული წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით დადასტურებულია, რომ 2013 წლის იანვრამდე წყლის მილი დაზიანდა, რასთან დაკავშირებითაც შპს „რ.-ის წ.-ის“ მიერ უკვე 2013 წლის 6 იანვარს განხორციელდა ამ დაზიანების სარემონტო სამუშაო. ამის შემდეგ უდავოდ დადგენილია, რომ 2013 წლის იანვარში მილის დაზიანება კვლავ განმეორდა, რასთან დაკავშირებითაც ასევე მოპასუხემ კვლავ განხორციელდა სარემონტო სამუშაო, თუმცა სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დაზიანებების შემდგომ წყალსადენი მილი კვლავ დაზიანდა, რაც დადასტურებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი 2013 წლის 15 ოქტომბრის აქტით, სადაც თავად გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე გასვლით წყლის მილის დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა. ასევე გასათვალისწინებელია 2013 წლის 31 ოქტომბრის წერილი. ე.ი. წყლის მილის ახალი დაზიანება ფიქსირდება, ასევე 2013 წლის ოქტომბერშიც.

მოცემული საკითხის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე მნიშვნელოვნად ჩათვალა საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 26 თებერვლით დათარიღებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ „დღევანდელი მდგომარეობით ს. ი.-ის საცხოვრებელი სახლის ნულოვანი სართულის იატაკი დასველებულია კედლები დანესტიანებულია ...............“.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2014 წლის თებერვლის პერიოდშიც ე.ი. წყალსადენი მილის პირველი დაზიანების დაფიქსირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც სახლის პირველ სართულზე, ასევე კედლებზე შეინიშნებოდა სისველე და სინესტე. ამ ფაქტების საფუძველზე კი, კერძოდ, იქედან გამომდინარე, რომ წყალსადენი მილის პირველი დაზიანება დაფიქსირდა 2013 წლის იანვრამდე (დაახლოებით 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში), ამასთან ის ფაქტი, რომ დაზიანება რამდენიმეჯერ განმეორდა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 2014 წლის თებერვლისათვის, როდესაც საექსპერტო კვლევისას დაფიქსირდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლის პირველი სართული და სახლის კედლები კვლავ იყო სველი და ნესტიანი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური წყალსადენი მილების დაზიანებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის შედეგადაც ხდებოდა გამუდმებით მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

განსახილველ შემთხვევაში ს. ი.-ის ქ.გ.-ში, გ.-ის ქ.№..-ში მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებელი პირის სწორად განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმ საკითხის დადგენა, მოხდა თუ არა შპს რ.-ის წ.-ის მფლობელობაში არსებული მილების დაზიანებებით განვითარებული დატბორვის შედეგად ს. ი.-ის სახლის დაზიანება. ე.ი კვლევის საგანს შეადგენს შპს „რ.-ის წ.-ის“ მფლობელობაში არსებული მილების დაზიანებებით გამოწვეულ დატბორვასა და ს. ი.-ის კუთვნილ სახლის დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრიობა. ამ თვალსაზრისით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებულ 2013 წლის 7 ივნისისა და ამავე საექსპერტო დაწესებულების მიერ 2014 წლის 26 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა შეფასების საფუძველზეც სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. ი.-ის სახლის დაზიანება და, შესაბამისად, ზიანი გამოწვეულია წყალმომარაგების მილის დაზიანებებით.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევა ამ სახლის დაზიანების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით ფაქტობრივად გრძელდებოდა რამდენიმე თვის მანძილზე და ექსპერტები დინამიკაში აკვირდებოდნენ მათ წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშნელოვან პროცესებს.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 7 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, ქ. გ.-ში, გ.-ის ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მის მზიდ კედლებში განვითარებულია მრავლობითი ბზარები, რაც გამოწვეულია შენობიდან 5 მეტრის მოშორებით მოქმედი 250 მმ დიამეტრის წყალსადენი მილის დაზიანების შედეგად, ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბზარები იმ დროისთვის საფრთხის შემცველი არ იყო, თუმცა მათზე დაკვირვების მიზნით, საჭიროდ იქნა მიჩნეული ბზარწარმოქმნის ადგილებში თაბაშირის ყალაურების მოწყობა, ვადით ერთიდან ორ თვემდე.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 26 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქ. გ.-ში, გ.-ის ქუჩა №..-ში მდებარე მოქალაქე ს. ი.-ის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ნულოვანი სართულის იატაკის დაზიანება და კედლებში განვითარებული დამატებითი ბზარები გამოწვეულია შენობის წინ მდებარე მოქმედი 100 მმ-იანი დიამეტრის წყალსადენი მილის დაზიანების შედეგად. როგორც ეტყობა 250 და 100 მმ-იან წყალსადენი მილების დაზიანებული მონაკვეთები სრულად არ არის აღმოფხვრილი, საჭიროა მათი მთლიანი რეაბილიტაცია. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, პროექტის მიხედვით, შენობის გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება.

სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული დასკვნების შინაარსის გათვალისწინებით ყურადღება შეაჩერა იმ ფაქტზე, რომ პირველი საექსპერტო კვლევის დროს – 2013 წლის 7 ივნისისათვის ს. ი.-ის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ხოლო უკვე 2014 წლის 26 თებერვლის დროისათვის, როდესაც გაცემულ იქნა მეორე დასკვნა, სახლის ტექნიკური მდგომარეობა გახდა არადამაკმაყოფილებელი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ ორი დასკვნის საფუძველზე ცალსახად დადასტურებულია ს. ი.-ის სახლის ფუძე-გრუნტის გაწყლოვანებისა და საძირკვლის არათანაბარი ჯდენის შესახებ ფაქტი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მის მიერ წარმოდგენილ „ი. ს. ა.-ის“ მიერ გაცემულ დასკვნაზე, სადაც მისი ავტორები მსჯელობენ, რომ საცხოვრებელ სახლში წყლის ასეთ ხანმოკლე შევარდნას არ შეეძლო, გამოწევია ასეთი დონის ზიანი და სახლს რომ ჰქონოდა უფრო მყარი ფუნდამენტი, ასეთი მოცულობის ზიანი არ დადგებოდა.

სააპელაციო პალატამ მოცემულ განჩინებაში ასახული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ გაიზიარა „ი. ს. ა.-ის“ მიერ გაცემული დასკვნის ავტორები მსჯელობა, კერძოდ, ამ დასკვნის ავტორების მიერ საკითხის შესწავლისას ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ წყლის მილის დაზიანებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი და ყოველი დაზიანების შემდგომ ხდებოდა გამუდმებით მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა (გასათვალისწინებელია, რომ ავტორების მიერ საკითხის კვლევა ადგილზე შესწავლით არ განხორციელებულა), შესაბამისად, მათ მიერ შემოთავაზებული ასეთი მსჯელობა არადამაჯერებელი და არასარწმუნოა. ამასთან, მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ აპელანტი ვერც ამ დასკვნით და ვერც სხვა რაიმე მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლის ფუძე-გრუნტის გაწყლიანება და საძირკვლის არათანაბარი ჯდენა გამოწვეული იყო არა წყალმომარაგების მილების დაზიანების შედეგად, არამედ სხვა მიზეზით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს„ 2013 წლის 7 ივნისისა და ამავე საექსპერტო დაწესებულების მიერ 2014 წლის 26 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეულია წყალსადენი მილის დაზიანებით, რამდენადაც ამ წყალსადენი მილის დაზიანების შედეგად მოხდა სახლის ფუძე-გრუნტის გაწყლიანება და საძირკვლის არათანაბარი ჯდენა. ამ დასკვნების გასაბათილებლად ვერ გამოდგება აპელანტის მიერ წარმოდგენილი „ი. ს. ა.-ის“ მიერ გაცემულ დასკვნა.

სააპელაციო პალატამ აქვე ყურადღება გაამახვილა წინამდებარე განჩინებაში ასახულ მსჯელობაზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური წყალსადენი მილების დაზიანებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის შედეგადაც ხდებოდა გამუდმებით მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 7 ივნისისა და ამავე საექსპერტო დაწესებულების მიერ მომზადებული 2014 წლის 26 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების, ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ მოსარჩელის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი წყალმომარაგების მილების დაზიანებების შედეგად მოხდა სახლის ფუძე-გრუნტის გაწყლიანება და საძირკვლის არათანაბარი ჯდენა, რამაც საბოლოოდ განაპირობა მოსარჩელის სახლის იმგვარი დაზიანება, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა გახდა არადამაკმაყოფილებელი.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის (განსახილველ შემთხვევაში ნივთის დაზიანება) პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით დაზიანების შემთხვევაშიც კი, კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ი.-ის კუთვნილი სახლის დაზიანება გამოწვეულია შპს „რ.-ის წ.-ის“ მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების მილების დაზიანებების შედეგად, შესაბამისად, სახლის დაზიანებით დამდგარი ზიანის ანაზღურებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შპს „რ.-ის წ.-ი“.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თავად ის ფაქტი, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე აპელანტის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების მილების დაზიანება სისტემატურ ხასიათს ატარებს, ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ წყლის მიწოდების ეს მოწყობილობები (მილები), რომლის ტექნიკურ გამართულობაზეც პასუხისმგებელია მისი მფლობელი, საჭიროებს მფლობელის მხრიდან მეტ ყურადღებას მოვლის თვალსაზრისით.

კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტმა საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მიუთითა სათანადო მტკიცებულებაზე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან მოახდინა ამ ქსელის რემონტი იმ თვალსაზრისით, რომ აღმოფხვრილიყო ეს სისტემატური ხასიათის დაზიანებები. მხოლოდ ლოკალური ხასიათის (მაგ: მხოლოდ დაზიანებული წერტილის შეკეთება) სარემონტო სამუშაოს ჩატარება, როგორც ჩანს არ არის საკმარისი, ამ ქსელის გამართული მუშაობისათვის და ნიშანდობლივია, რომ აპელანტს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე გამავალი წყალმომარაგების მილები და სისტემა არ არის ამორტიზირებული და მისი დაზიანება მხოლოდ გარე ზემოქმედების შედეგად შეიძლება მომხდარიყო. ამდენად, დაზიანებების აღმოფხვრისა და წყალმომარაგების მილების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად.

რაც შეეხება სახლის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 25 ოქტომბრის დასკნა ზიანის ოდენობის დასადგენად. ამ დასკვნის თანახმად, სახლზე განვითარებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის და შენობის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 32 058.91 ლარს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მის მიერ საქმეში წარმოდგენილი „ი. ს. ა.-ის“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც ზიანის ოდენობად განისაზღვრა 8600 ლარის ოდენობით თანხა.

კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ოდენობის სწორად განსაზღვრისათვის სააპელაციო პალატამ პირველ რიგში ყურადღება შეაჩერა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ს. ი.-ის დაზიანებული სახლი ექვემდებარება აღდგენას. შესაბამისად, გონივრული და დასაბუთებულია, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასებულიყო დაზიანებული სახლის აღდგენისათვის ე.ი. მისი აღდგენა-გაძლიერებითი, ის კონკრეტული სამუშაოები და მათი ღირებულება, რომელთა ჩატარების შედეგადაც ს. ი.-ის სახლი გახდება ექსპლუატაციისათვის ვარგისი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ კუთხით კვლევა და, შესაბამისად, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა არ უწარმოებია აპელანტის მიერ შემოთავაზებული დასკვნის ავტორებს და, შესაბამისად, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, თუ რატომ შეადგენს ზიანის ოდენობა განსახილველ შემთხვევაში 8600 ლარს. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 25 ოქტომბრის დასკვნა კი ემყარება სწორედ იმ კვლევას, თუ დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით რა აუცილებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელთა შედეგადაც სახლი გახდება ექსპლუატაციისათვის ვარგისი. შესაბამსიდ, ეს დასკვნა შეიცავს დაზიანებების აღმოფხვრისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩამონათვალს და მათ ღირებულებას. ამდენად, ზიანის ოდენობად პირველი ინსტაციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა დაზიანებების აღმოფხვრისათვის და სახლის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო სამუშაოების ღირებულება – 32 058.91 ლარის ოდენობით თანხა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „რ.-ის წ.-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მათ და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხის კუთვნილი 250 მმ–ის დიამეტრის მქონე მილს დაზიანების შედეგად, რაც არასწორია, არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან მოპასუხე კომპანიას ამ ტერიტორიაზე გააჩნია მხოლოდ 200 მმ–ის და 100 მმ–ის დიამეტრის მქონე მილები. შესაბამისად, სასამართლოს მტკიცება ამ ნაწილში არის უსაფუძვლო.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ი.-ის სახლის დაზიანება და, შესაბამისად, სადავო ზიანი გამოწვეულია წყალმომარაგების მილის სისტემატური დაზიანებით, რაც არასწორია, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება მილის სისტემატური დაზიანების თაობაზე.

მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც კომპანიას დაევალა, აღმოფხვრას ქ.გ.-ში, გ.-ის ქ.№..-ის მიმდებარედ არსებული წყალსადენი მილის დაზიანება იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ამ მილის დაზიანების თაობაზე, თუ სად, რა ნაწილშია აღნიშნული მილი დაზიანებული და რა ნაწილში (რამდენი გრძივი მეტრი) უნდა იქნეს იგი აღდგენილი.

კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით შპს „რ.-ის წ.-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „რ.-ის წ.-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ი.-ის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მომარაგების მილი დაზიანდა, რასაც მოჰყვა მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად ჩათვალა, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე წყლის მილების დაზიანებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ასევე დადასტურებულია, რომ 2013 წლის იანვრამდე წყლის მილი დაზიანდა, რასთან დაკავშირებითაც შპს „რ.-ის წ.-ის“ მიერ უკვე 2013 წლის 6 იანვარს განხორციელდა ამ დაზიანების სარემონტო სამუშაო. ამის შემდეგ უდავოდ დადგენილია, რომ 2013 წლის იანვარში მილის დაზიანება კვლავ განმეორდა, რასთან დაკავშირებითაც ასევე მოპასუხემ კვლავ განხორციელდა სარემონტო სამუშაო, თუმცა სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დაზიანებების შემდგომ წყალსადენი მილი კვლავ დაზიანდა, რაც დადასტურებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი 2013 წლის 15 ოქტომბრის აქტით, სადაც თავად გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე გასვლით წყლის მილის დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა. ასევე გასათვალისწინებელია 2013 წლის 31 ოქტომბრის წერილი. ე.ი. წყლის მილის ახალი დაზიანება ფიქსირდება, ასევე 2013 წლის ოქტომბერშიც.

2014 წლის თებერვლის პერიოდშიც ე.ი. წყალსადენი მილის პირველი დაზიანების დაფიქსირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც სახლის პირველ სართულზე, ასევე კედლებზე შეინიშნებოდა სისველე და სინესტე. დაზიანება რამდენიმეჯერ განმეორდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური წყალსადენი მილების დაზიანებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რის შედეგადაც ხდებოდა გამუდმებით მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ი.-ის კუთვნილი სახლის დაზიანება გამოწვეულია შპს „რ.-ის წ.-ის“ მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების მილების დაზიანებების შედეგად, შესაბამისად, სახლის დაზიანებით დამდგარი ზიანის ანაზღურებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შპს „რ.-ის წ.-ი“.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შპს „რ.-ის წ.-მა“ სადავოდ გახადა ის გარემოებები, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანი გამოწვეულია წყალმომარაგების მილის სისტემატური დაზიანებით, ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ამ მილის დაზიანების თაობაზე, თუ სად, რა ნაწილშია აღნიშნული მილი დაზიანებული და რა ნაწილში (რამდენი გრძივი მეტრი) უნდა იქნეს იგი აღდგენილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „რ.-ის წ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 3 ივლისის №17 საგადახდო დავალებით გადახდილი 1603 ლარის 70% – 1122,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ.-ის წ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „რ.-ის წ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 3 ივლისის №17 საგადახდო დავალებით გადახდილი 1603 ლარის 70% – 1122,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური