Facebook Twitter

საქმე №330210014000497736 20 ივლისი, 2015 წელი

№ას-630-596-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „თ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი შპს „თ-ის“ დირექტორის 2013 წლის 6 სექტემბრის ბრძანება კ. მ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;

3. შპს „თ-ს“ მოსარჩელე კ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე, ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში 3600 ლარი შეადგინა.

4. შპს „თ-ს“ კ. მ-ის სასარგებლოდ დაევალა 2013 წლის ივლისი-აგვისტოს ხელფასის მიუღებელი ნაწილის – 800 ლარის ანაზღაურება.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს „თ-მა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით:

1. შპს „თ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით:

1. შპს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა;

2. აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე ე.ლომიძის მიერ გადახდილი ბაჟი 150 ლარი.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო შპს „თ-ისათვის“ განჩინების გადაცემის მომედვნო დღიდან – 2015 წლის 18 მარტიდან და ამოიწურა 2015 წლის 24 მარტს. აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში განცხადება საპროცესო ვადის დარღვევით – 2015 წლის 25 მარტს წარადგინა, რამაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება შპს „თ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არასწორად დათვალა ხარვეზის შესავსებად მის მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადა და არასწორად მიიჩნია ეს ვადა გაშვებულად. სამართლის დამკვიდრებული ნორმაა, რომ სასამართლოს მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო, ცხადი, გასაგები და არაორაზროვანი იმისათვის, რომ პირმა შეძლოს განჭვრიტოს თავისი ქმედების შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლის წესი გასაგები არ ყოფილა, მხარემ ამ ვადაში 7 სამუშაო დღე იგულისხმა, ხოლო თავად განჩინება აღნიშნულის შესახებ არანაირ მკაფიო მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, მხარეს მოესპო სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გარანტირებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით აპელანტ შპს „თ-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა; ამავდროულად, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ. 147-149).

სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2015 წლის 16 მარტს გაეგზავნა შპს „თ-ს“ და ამავე წლის 17 მარტს ჩაბარდა ხსენებული ორგანიზაციის დირექტორს (ს.ფ. 151).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 18 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 24 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე – სამშაბათი. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება, აპელანტის წარმომადგენელმა, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 25 მარტს (ს.ფ. 152-163).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლის წესი ბუნდოვანი იყო, კერძოდ, მხარემ ამ ვადაში 7 სამუშაო დღე იგულისხმა, ხოლო თავად განჩინება აღნიშნულის შესახებ მკაფიო მითითებას არ შეიცავდა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აპელანტს მოესპო სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გარანტირებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმა არ იცნობს კანონისმიერი თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადების სამუშაო დღეების მიხედვით ათვლის წესს, პირიქით, შეუძლებელია კანონით დადგენილ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეებით გამოსათვლელ ვადაში მხოლოდ სამუშაო დღეები ვიგულისხმოთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვადის უკანასკნელი დღე არასოდეს დაემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, შესაბამისად, აზრი დაეკარგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, კანონით დადგენილ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეებით გამოსათვლელ საპროცესო ვადებში იგულისხმება კალენდარული და არა სამუშაო დღეები, შესაბამისად, სასამართლო არაა ვალდებული აღნიშნულის თაობაზე სპეციალურად მიუთითოს განჩინებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი