Facebook Twitter

საქმე №ას-636-602-2015 24 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ფ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე.ფ–მა მოითხოვა მ.გ–თვის თანხის _ 6 000 აშშ დოლარისა და 2010 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ თანხის 2%-ის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ე.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ.გ–ს ე.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 280,00 ლარის, ასევე, 2011 წლის 14 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 8 280,00 ლარის 11.4%-ის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.გ–მა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით მ.გ–ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე, 2591 მუხლების, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტს გამართულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტი მ.გ. და მისი წარმომადგენელი თ.გ. აპელანტის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ჩაიბარა კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით, 2015 წლის 16 აპრილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 12 აპრილს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს) და ამოიწურა 2015 წლის 25 აპრილს.

4.1.2. სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო 2015 წლის 29 აპრილს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება განახორციელოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მ.გ–ის მიერ არ ყოფილა რეალიზებული კანონით დადგენილ ვადაში, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ასევე, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.გ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით ჩაბარება განპირობებული იყო სასამართლოს მხრიდან დადგენილ ვადაში მისი მოუმზადებლობით, 2015 წლის 8 აპრილს მხარემ დატოვა განცხადება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, შესაბამისად, მას გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა დარღვეულად არ უნდა ჩაეთვალოს. ამავე წლის 16 აპრილს მოსამართლის თანაშემწის სატელეფონო შეტყობინების შემდეგ შეძლო აპელანტმა გადაწყვეტილების ჩაბარება, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით, 2015 წლის 29 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ–ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1.1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. მოცემული საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის სხდომას, როდესაც წინამდებარე საქმეზე საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი;

1.3. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2015 წლის 1 აპრილი, ხოლო 30-ე დღე _ 11 აპრილი;

1.4. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2015 წლის 16 აპრილს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი სასამართლოს წარდეგინა 2015 წლის 29 აპრილს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მხარის მიერ სააპელაციო საჩვრის წარდგენის ვადა დარღვეულად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

1.5. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ დასკვნას იმ საფუძვლით, რომ იგი კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, რაც დასტურება საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 8 აპრილის განცხადებით, თუმცა სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის გამო, მას იგი მხოლოდ 16 აპრილს, მას შემდეგ ჩაბარდა, რაც მოსამართლის თანაშემწემ აცნობა გადაწყვეტილების მზად ყოფნის თაობაზე, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას საპროცესო ვადა არ დაურღვევია.

1.6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის დარღვევის თაობაზე არ ემყარება საქმის მასალების სრულყოფილ კვლევას. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად (ტ. I, ს.ფ. 184), გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მოპასუხე სასამართლოში 2015 წლის 8 აპრილს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30 დღისა (30-ე დღე იყო 11 აპრილი) გამოცხადდა, ხოლო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება 2015 წლის 16 აპრილს განხორციელდა (ტ. I, ს.ფ. 185).

სააპელაციო საჩივარი კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარდგენილია 2015 წლის 29 აპრილს.

1.7. საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ მხარემ კანონით დაკისრებული სასამართლოში დროულად გამოცხადების ვალდებულება შეასრულა, თუმცა მას დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, რაც იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების ვარაუდს, რომ სასამართლოს მართლაც არ ჰქონდა მომზადებული დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამ პრეზუმფციის დაშვებისას საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ასევე საქმეში განთავსებული ე.ფ–ის ხელწერილი, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2015 წლის 17 აპრილს აქვს ჩაბარებული. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასაც (იხ. სუსგ №ას-733-695-2013, 10 დეკემბერი, 2013 წელი).

1.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებითად სწორად დადგენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამდენად, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაუკავშირდეს კანონით გათვალისწინებულ ვადას, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვის ფაქტის გამოკვლევა. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის სუბიექტს ან პატიმრობაში მყოფ პირს, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი და ის კანონით დადგენილ ვადაში - სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდება სასამართლოში, თუმცა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ ხერხდება, ასეთ დროს არ შეიძლება მის მიმართ გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დათქმა გასაჩივრების ვადის დენის 30-ე დღიდან დაწყების თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით არ არსებობს მ.გ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

1.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უტყუარად უნდა გამოარკვიოს საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლთან შესაბამისობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე