საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ივლისი, 2015 წელი,
№ას-645-611-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ--ი ქ--ის
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ--რ ტ--ა, ნ--რ ვ--ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ--ი ქ--ის საკუთრებად ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა--ს ქ. #--, საკადასტრო კოდი #--.
2. 2011 წლის 22 სექტემბერს მ--ი ქ--სა (გამყიდველი) და ჯ--რ ტ--ას (მყიდველი) შორის დადებულ იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ზემოაღნიშნული ქონება აღირიცხა ჯ--რ ტ--ას საკუთრებად. [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 477-ე და 183-ე მუხლები];
3. 2012 წლის თებერვლის ბოლოს მ--ი ქ--მა ჯ--რ ტ--ას მოთხოვნით გაათავისუფლა საცხოვრებელი ფართი.
4. 2013 წლის 16 ოქტომბერს ჯ--რ ტ--ასა (გამყიდველი) და ნ--რ ვ--ეს (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ზემოაღნიშნული ქონება აღირიცხა ნ--რ ვ--ის საკუთრებად [სსკ-ის 477-ე და 183-ე მუხლები];
5. 2014 წლის 3 თებერვალს მ--ი ქ--მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჯ--რ ტ--ზე მიბარებული ნივთების ღირებულების, 2860 ლარის, სოლიდარულად დაკისრება ჯ--რ ტ--სა და ნ--რ ვ--ისათვის, ასევე ჯ--რ ტ--ათვის 300 ლარის დაკისრება მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მ--ი ქ--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დადგინდა მ--ი ქ--ის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების ჯ--რ ტ--ასათვის მიბარების ფაქტი, რაც გამორიცხავდა მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულების არსებობას (სსკ-ის 763-ე მუხლი). ასევე არ დადგინდა მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები, გათვალისწინებული სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა მ--ი ქ--მა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით მ. ქ--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დაგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ--ი ქ--მა. საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მივიდნენ არასწორ დაკვნამდე, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა მიბარების ხელშეკრულება.
12. საქართველოს უზენასი სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით მ--ი ქ--ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის [შემდგომში სსსკ] 391-ე მუხლის მიხედვით
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ--ი ქ--ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ს 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
14. სსსკ 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მეგი ქოქაშვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--ი ქ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი