Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-652-618-2015 16 ივლისი, 2015 წელი,

ას-652-618-2015 მ-ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.2009 წლის 7 დეკემბერს, გ. მ-ესა და ე. მ-ეს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე. მ-ემ, როგორც მარჩენალმა, იკისრა გ. მ-ის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, დ-ი, მ-ლი, კ., ფართი 75 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... (ტ. 1, ს/ფ. 12-15)

2. გ. მ-ე და ე. მ-ე არიან რძალი და მამამთილი. ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მათთან ერთად ცხოვრობენ ე. მ-ის შვილები და გ. მ-ის მეუღლე. მოსარჩელე უვადოდ არის ცნობილი მეორე ჯგუფის ინვალიდად.

3. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ე. მ-ე ანუ მარჩენალი იღებდა ვალდებულებას ერჩინა სარჩენი ანუ გ. მ-ე, გაეწია მისი სამედიცინო მომსახურების, კომუნალური გადასახდელების ხარჯები და უზრუნველეყო ყოველდღიური საკვები პროდუქტებით, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში გაეწია დაკრძალვის ყველა ხარჯი. ე. მ-ე ასევე იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეფორმებინა თავისი ობოლი შვილისათვის, ... წლის .. იანვარს დაბადებული, ვ. მ-ისათვის.

4. გ. მ-ემ სარჩელი აღძრა ე. მ-ის მიმართ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ამ განჩინების პირველ, მეორე და მესამე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

7. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 105-ე და სამოქალაქო კოდექსის 941-ე, 949-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ე. მ-ეს არ დაურღვევია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები.

8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები იყვნენ რძალი და მამამთილი, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ გ. მ-ემ გარკვეული საჭიროებისათვის გასწია ხარჯი, ის ფაქტი, რომ გ. მ-ე პერიოდულად, თუნდაც თავისი სახსრებით (მაგალითად პენსიით) იხდიდა კომუნალურ გადასახადებს ან საჭირო მედიკამენტების თანხას, სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა მიჩნეულიყო მარჩენალის მხრიდან მოვალეობათა დარღვევად.

9. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ე. მ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დასახელებულმა პირმა, გ. მ-ის მეუღლემ, ა-ემ განმარტა, რომ ,,ე. მ-ე არის ძალიან კარგი ადამიანი, რძალს მისი მეუღლისთვის შეურაცხყოფა არასოდეს არ მიუყენებია, გ. მ-ეს არ აკლია არც საჭმელი და არც მოვლა, აქვს პენსიაც - 500 ლარის ოდენობით, საჭმელ-სასმელს რძალი ყიდულობს, ხანდახან ესეც ეხმარება, კომუნალურ გადასახადებს ე. იხდის“ და ა.შ.

10. მოსარჩელე გ. მ-ის შვილმა, მოწმე ე-მა (მ-ემ),განმარტა, რომ „ე-სათვის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო მამამთილი. მან წაიყვანა ე. ნოტარიუსთან და საკუთარი ნებით გადაუფორმა ეს ფართი. ის ე-ს ენდობოდა. მის უკმაყოფილებას მიზეზი არა აქვს. მან არ იცის თავის ოჯახის წევრების ფასი, ოჯახის ყველა წევრთან აქვს პრობლემა“ და ა.შ.

11. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ. მ-ის მითითება, რომ თითქოს ე. მ-ე, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევით, მისი წერილობითი ნებართვის გარეშე აქირავებდა ხელშეკრულებით გადაცემულ ფართს. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილი იყო გ. მ-ის ხელწერილი გაქირავებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

12. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობა, რის გამოც შეუძლებელი იყო სადავო ხელშეკრულების გაგრძელება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის, მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს არ წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველი.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

14. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე ე. მ-ეს არ ჰქონდა დარღვეული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები.

15. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ, მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ე. მ-ე თავს არიდებს კომუნალური გადასახადების გადახდას, ასევე, იმ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია კვებასთან და მედიკამენტებთან. ამასთან, სარჩენს აყენებს შეურაცყოფას და ამყოფებს გაუსაძლის პირობებში.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ. მ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ქვითარი არ არის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება იმისათვის რომ დადგინდეს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. პალატამ განმარტა, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოდავე მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ, არიან რძალი და მამამთილი, სრულიად ბუნებრივია, რომ გ. მ-ემ პერიოდულად, თუნდაც თავისი სახსრებით (მაგალითად პენსიით) გადაიხადოს კომუნალური გადასახადი ან გაიღოს საჭირო მედიკამენტების თანხა. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა და არ დასტურდება, რომ სწორედ გ. მ-ის მიერ, მისი სახსრებით, გარკვეული საჭიროებისათვის იყო გაწეული ხარჯები.

20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შეფასება (პუნქტი 9-10) დამატებით აღნიშნა, რომ მოწმეებმა დაადასტურეს არა თუ მარჩენალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, უფრო მეტიც, მათ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომ მარჩენალი თავის მოვალეობას სანიმუშოდ და დიდი გულისხმიერებით ასრულებდა როგორც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებამდე, ისე ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

21. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლით და 949-ე მუხლის პირველი ნაწილით, და მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის მატერიალულ-სამართლებრივი საფუძვლები.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 06 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

23. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

ა.სასამართლომ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა წარდგენილი კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, იმის მტკიცებულებად, რომ მოპასუხემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება.

ბ.მოპასუხე მუდმივად შეურაცხყოფს და გაუსაძლის მდგომარეობას უქმნის სარჩენს. კასატორი საკუთარი პენსიით ყიდულობს, როგორც საკვებს, ასევე მედიკამენტებს.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა კონკრეტულად რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის სახელშეკრულებო მოვალეობათა შეუსრულებლობა, რის გამოც შეუძლებელია სადავო ხელშეკრულების გაგრძელება. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მოპასუხის მხრიდან მისი შეურაცხყოფის ფაქტის, მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველი.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული დავა ეხება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნულ საკითხზე კი არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ას-1389-1219-2014, ას-1246-1373-04).

31. კასატორმა ვერ მიუთითა ვერც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობაზე.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე