საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ივლისი, 2015 წელი,
№ას-653-619-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ--ლ მ--ი
ე--ა ჯ--ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა--მ შ--ე
ე--ე ს--ე
ა--ლ დ--ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება და 2015 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება; ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ--ლ მ--ი და ე--ა ჯ--ი რეგისტრირებულნი არიან მისამართზე ქ. თბილისი, ძ--ი კ--ს (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #--. მ--ლ მ--ი აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია 1985 წლის 12 ივლისიდან, ხოლო ე--ა ჯ--ი 1984 წლის 24 ივნისიდან.
2. ქ. თბილისი, ძ--ი კ--ს (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #--ში არსებული უძრავი ქონება (ს/კ --) ირიცხება ა--ლ დ--იძის, ე--ე ს--ისა და ა--მ შ--ს თანასაკუთრებად.
3. მ--ლ მ--ი და ე--ა ჯ--ი ფლობენ ქ. თბილისი, ძ--ი კ--ს (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #--ში არსებულ 44,3 კვ.მ. ფართს. აღნიშნული ფართი აუდიტორული დასკვნით შეფასებულია 109 642,5 ლარად.
4. ქ. თბილისი, ძ--ი კ--ს (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #--ში არსებული უძრავი ნივთი 2007 წლის 4 დეკემბრიდან დატვირთულია იპოთეკით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ, 289 (1) მუხლი] სს „საქართველოს სახალხო ბანკის“ სასარგებლოდ.
5. მ--ლ მ--მა და ე--ა --მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს:
ა) ა--მ შ--სათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ ცნობილი ყოფილიყვნენ ქ. თბილისი, ძ--ი კ--ის (ყოფილი ლ--ის ქ.) ქ. #--ში არსებული 44,3 კვ.მ. ფართის თანამესაკუთრეებად; მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 მუხლის მეორე მესამე, მეექვსე-მეშვიდე პუნქტები.
ბ). ა--მ შ--სათვის თანხის გადახდა განხორციელდეს უძრავი ნივთის (ქ. თბილისი, ძ--ი კ--ის (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #-) უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ.
6. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოთხოვნა თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეების უძრავი ნივთის თანამესაკუთრებად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა - თანხის გადახდა განხორციელდეს უძრავი ნივთის (ქ. თბილისი, ძ--ი კ--ის (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #-) უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 251-ე და 263-ე მუხლებზე.
8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლისაგან გათავისუფლების თაობაზე, მ--ლ მ--ა და ე--ა ჯ--მა გაასაჩივრეს აპელაციის წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-489 მუხლებზე, ვინაიდან ეს ნორმები არეგულირებენ ნასყიდობის ხელშეკრულების ურთიერთობებს, ხოლო აღნიშნული დავა არ გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე არ შეიძლება მოაზრებულ იქნას გამყიდველად და შესაბამისად, გამყიდველის ვალდებულების მატარებელ სუბიექტად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება და საოქმო განჩინება, რომლითაც კასატორებს უარი ეთქვათ მტკიცებულებათა მიღებაზე, საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ--ლ მ--მა და ე--ა ჯ--მა.
12. საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
ა) სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ ნაწილში არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სახეზე იყო მისი მიღების ყველა ის წინაპირობა, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ 2321 მუხლით: მოწინააღმდეგე მხარემ არ წარმოადგინა შესაგებელი და მოთხოვნა უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლისაგან გათავისუფლების თაობაზე იურიდიულად ამართლებდა სარჩელს.
ბ) სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მათი მოთხოვნა აბესალომ შავგულიძისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ ცნობილი ყოფილიყვნენ ქ. თბილისი, ძ--ი კ--ის (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #--ში არსებული 44,3 კვ.მ. ფართის თანამესაკუთრეებად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და აქედან გამომდინარე, მათი მეორე სასარჩელო მოთხოვნა - უძრავი ნივთის უფლებრივი ნაკლისაგან გათავისუფლების თაობაზე - იურიდიულად დასაბუთებული იყო.
გ) საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება: შეწყდა სადავო საგანზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. განხორციელდა მოთხოვნის დათმობა და ძველი კრედიტორის ჩანაცვლება მოხდა ახალი კრედიტორით. პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე და ამას შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
დ) სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 487-ე - 489-ე და სსსკ 251-ე მუხლები.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მიხეილ მრელაშვილის და ეკა ჯავახიშვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ თვლის დამატებით ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე:
18. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოწესრიგებული ურთიერთობა. კასატორები მესაკუთრისათვის 7551 ლარის გადახდის სანაცვლოდ ცნობილნი არიან ქ. თბილისი, ძ--ი კ--ს (ყოფილი ლ--ს ქ.) ქ. #--ში არსებული 44,3 კვ.მ. ფართის თანამესაკუთრეებად; გადაწყვეტილება ამ ნაწილში ძალაშია შესული. შესაბამისად, დადგენილია ა--მ შ--ის ვალდებულება გადასცეს დავის საგანზე საკუთრების უფლება კასატორებს, ხოლო კასატორები ვალდებულნი არიან გადაუხადონ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა მესაკუთრეს.
19. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას - მ--ლ მ--სა და ე--ა ჯ--ს მიერ ა--მ შ--სათვის საკუთრებაში გადასაცემი საგნის უფლებრივად უნაკლო და ყოველგვარი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისაგან ან რაიმე ვალდებულებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში მოყვანის შემდგომ თანხის -7551 ლარის - გადახდას, დაუსაბუთებელია, რადგანაც არ არსებობს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა საიდანაც ასეთი შედეგი გამომდინარეობს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სპეციალური ურთიერთობაა და იგი ექვემდებარება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებით მოწესრიგებას. ეს კანონი კი ამ სახის მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს კასატორებს.
ამ ურთიერთობაზე ვერც სამოქალაქო კოდექსის ნორმები [სსკ 487-ე და 489-ე] გავრცელდება, რადგანაც უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და არა მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის არსებული ურთიერთობიდან; გარდა ამისა, ამ სახით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყოფს იმ შედეგს, რისი მიღწევაც კასატორებს სურთ, რადგანაც ისინი დამოკიდებულნი იქნებიან მესაკუთრის კეთილ ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება იძულებით ვერ აღსრულდება! თუმცა, კასატორებს შეუძლიათ ისარგებლონ სსკ-ის 371-ე ან 372-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით და მესაკუთრის კრედიტორის დააკმაყოფილების გზით თავის თავზე გადმოიტანონ მოთხოვნა. ამრიგად, რადგანაც სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 2321-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სწორად არ მიიღო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო პალატამ ასევე სწორად არ დააკმაყოფილა კასატორების შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვისა და მტკიცებულებათა კვლევის ეტაპიდან საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ის ფაქტი, რომ სადაო საგანზე შეწყდა დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოება და მოთხოვნის დათმობის შედეგად, ძველ კრედიტორს ახალი კრედიტორი ჩაენაცვლა, კასატორებისათვის სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლიდა, რადგანაც ამ შემთხვევაში, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ [სსკ-ის 198-ე მუხლი პირველი ნაწილის ბოლო წინადადება]. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მიხეილ მრელაშვილის და ეკა ჯავახიშვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--ლ მ--ის და ე--ა ჯ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი