საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-658-624-2015 23 ივლისი, 2015 წელი,
ას-658-624-2015 ქ-ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ქ-ე“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, გადაცემული ქონების დაბრუნება და საიჯარო დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნები შპს „ქ-ეს“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად: შეწყვეტილად იქნა აღიარებული მხარეთა შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. შპს „ქ-ეს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 140 ამერიკული დოლარის გადახდა. გამოთხოვილ იქნა შპს „ქ-ეს“ უკანონო მფლობელობიდან ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: თბილისში, ჯ. ქუჩა … (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი …) და გადაეცა მოსარჩელეს.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ-ე“-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. შპს „ქ-ე“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა შემდეგი გარემოებების გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა - 10 დღე და დაევალა სახ. ბაჟის გადახდა 285 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. ასევე, დაევალა აპელანტის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე ნ. ა-ლის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობის წარდგენა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი აპელანტ შპს „ქ-ე“-ს სახელით შეტანილი იყო წარმომადგენლის ნ. ა-ლის მიერ და საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (იხ. ტ I, ს.ფ. 170), რომლითაც აპელანტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებს ნ. ა-ლს, ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მინიჭებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება, წინააღმდეგ შემთხვევაში - უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
4. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა თ. ნ-ლს (ორგანიზაციის წარმომადგენელს) 2015 წლის 02 მაისს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 7). 2015 წლის 08 მაისს თ. ნ-ლმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა სახ. ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არ წარუდგენია აპელანტის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე ნ. ა-ლის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა და არც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. ამასთან, აპელანტს არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის.
5. შპს „ქ-ე“-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა საპელაციო სასამართლოს განჩინება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამრთლოს განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს-ორგანიზაციის ბუღალტერს, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.8-ე მუხლის მოთხოვნა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30 ივნისის განჩინებით შპს „ქ-ეს“ კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად სწორად დაუდგინა ხარვეზი აპელანტს. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილ 10 დღიან ვადაში აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და ვადის გაგრძელება არ უთხოვია. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, უწყების არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარების თაობაზე და განმარტავს შემდეგს: კანონის დანაწესი ორგანიზაციაში უწყების მიმღები უფლებამოსილი სტრუქტურის ან პირების დაკონკრეტების თაობაზე მიზნად ისახავს ადრესატის ინფორმირებისათვის მაქსიმალური გარანტიების შექმნას. კანონმა დააკონკრეტა უწყების მიმღებ პირთა და სტრუქტურათა წრე, რათა არ მოხდეს გაუგებრობა და უწყების მიმღებ სუბიექტს ვადაში და სწორად ეცნობოს სასამართლოს ნება. თუნდაც არაუფლებამოსილი პირისათვის უწყების ჩაბარება, თუ იგი დროულად გადაეცა ორგანიზაციას და ამ უკანასკნელს დადგენილ ვადაში ჰქონდა განსაზღვრული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა, ნიშნავს, რომ ადრესატმა მიიღო შეტყობინება და მისი უფლება არ შელახულა.
11. კერძო საჩივრის ავტორი საჩივარშივე მიუთითებს, რომ ბუღალტერმა თ. ნ-მა მისივე დავალებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც უდავოდ მოწმობს, რომ ორგანიზაციამ იცოდა ხარვეზის თაობაზე სასამართლო განჩინების შესახებ და ნაწილობრივ აღმოფხვრა იგი. კერძო საჩივარში არაა მითითებული ხარვეზის შეუვსებელი ნაწილის-შესაბამისი მინდობილობის ან ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობის თაობაზე.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქ-ეს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე