საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
9 ივლისი, 2015 წელი,
№ას-659-625-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ--ი ფ--ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ--ა რ--ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე მ--ა რ--ე და მ--ე ნ--ი ფ--ძე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ შვილი დ-ი, დაბადებული 20-- წლის -- თებერვალს.
უკანასკნელ ხანს, მეუღლეთა ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა მათ შორის არსებული გამწვავებული [კონფლიქტური] ურთიერთობის გამო და ისინი დაცილდნენ ერთმანეთს.
დ--ი დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
მამა, მოპასუხე ნ--ი ფ--ძე, არ ასრულებდა ბავშვის რჩენის ვალდებულებას [სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილი], რაც გახდა მ--ა რ--ის მიერ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისა და ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძველი.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მასა და მ--ა რ--ს შორის 20-- წლის -- აგვისტოს #-- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 16 მარტს ერთ წარმოებად განიხილა ორივე სარჩელი.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214-ე მუხლების საფუძველზე ნ--ი ფ--ძეს არასრულწლოვანი შვილის, დ--თ ფ--ძის სასარგებლოდ სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად, დაეკისრა ალიმენტის, 90 ლარის გადახდა.
ასევე დაკმაყოფილდა ნ--ი ფ--ძის შეგებებული სარჩელი და მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი იქნა სამოქალქო კოდექსის 1122-ე მუხლის საფუძველზე.
ნ--ი ფ--ძემ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ალიმენტის, 65 ლარის დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი].
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 365-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, რადგანაც დავის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ--ი ფ--ს წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან საქმე განეკუთვნება არა ქონებრივ-სამართლებივ, არამედ საოჯახო-სამართლებრივ დავას. შესაბამისად, საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 352-356 მუხლების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ--ი ფ--ძის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 780 ლარს (64x12).
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას მისი ღირებულებიდან გამომდინარე.
ის, რომ მხარეთა შორის არსებული დავა მიეკუთვნება საოჯახო საქმეთა კატეგორიას, სამართლებრივ ვითარებას ვერ შეცვლის, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებების გათვალისწინებით, რასაც სსსკ 352-356-ე მუხლები შეიცავენ. აღნიშნული ნორმები კი რაიმე სახის გამონაკლისს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილ ზოგად წესთან მიმართებაში არ ითვალისწინებენ.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ--ი ფ--ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი