საქმე №ას-6-6-2015 01 ივლისი, 2015 წელი
№ას-6-6-2015 კ.-ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. კ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. კ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის პერიოდულად გადაცემული თანხების დაკისრება, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში შეადგენდა 8,536.50 ევროს ეკვივალენტ ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო თანხები მას მოსარჩელემ გადასცა საჩუქრად, რის გამოც მათი უკან დაბრუნების საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, თ. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ლ. კ.-ისთვის 8 536.50 ევროს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა თ. ხ.-მა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ. კ.-ეს, მოსარჩელე თ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 536 ევროსა და 50 ევროცენტის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელე თ. ხ.-სა და მოპასუხე ლ. კ.-ეს შორის წლების განმავლობაში ახლო (სასიყვარულო) ურთიერთობის არსებობა, რასაც სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, ის ფაქტიც ამყარებდა, რომ 2011 წლის მაისში, მოპასუხე ლ. კ.-ე სტუმრად იმყოფებოდა იტალიაში მოსარჩელე თ. ხ.-თან მოსარჩელისვე დაფინანსებით.
საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე ლ. კ.-ე, საეკლესიო წესით, დაქორწინდა მ. ზ.-ზე 2011 წლის ნოემბერში.
საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ხ.-ს მოპასუხე ლ. კ.-ისათვის 2009 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში გაგზავნილი ჰქონდა ფულადი თანხა - 8 300 ევროს ოდენობით, ხოლო გზავნილის მომსახურების საფასურად გადახდილი ჰქონდა მთლიანობაში 236.50 ევრო, რომელთა რაოდენობა შეადგენდა 8536.50 ევროს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თანხის გადაცემის შემთხვევაში მოქმედებდა პრეზუმცია თანხის გადამცემის სასარგებლოდ, კერძოდ ივარაუდებოდა, რომ თანხის მიმღებს თანხა უნდა დაებრუნებინა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანხის მიმღები სარწმუნოდ დაადასტურებდა, რომ მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნდა. მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის მტკიცების ტვირთად მიიჩნია მხოლოდ თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რაც პალატის მოსაზრებით, ვალდებულების არსებობას გულისხმობდა (სკ-ის 361-ე მუხ.), მოპასუხეს კი, გადააკისრა თანხის მიღების ფაქტის უარყოფის ან ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი გარემოების დადასტურების ვალდებულება. მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ.-ემ თანხა მიიღო. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული თანხა ჩუქების ან სხვა ისეთი გარიგების საფუძველზე მიიღო, რომელიც გამორიცხავდა მისი მხრიდან აღნიშნული თანხის დაბრუნების საპასუხო ვალდებულებას, რომლის რეალიზება პალატის მოსაზრებით, ლ. კ.-ემ ვერ უზრუნველყო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული კვალიფიკაციის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლებით. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე, იხელმძღვანელა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამ კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. 976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით განიხილა მოცემული საქმე, რაც იმაში გამოიხატა, რომ არასწორად გაანაწილა მხართა შორის მტკიცების ტვირთი, რამაც საერთო ჯამში საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია და აგრეთვე, შეფასების გარეშე დატოვა მოწმე ნ. პ.-ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა სადავო თანხების გადაცემის მიზნობრიობა (სესხი). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ფულადი თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და მოწმე ნ. პ.-ის ჩვენების ერთობლივი შეფასებით თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ. კ.-ემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით განიხილა საქმე, სახელდობრ, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები.
ასევე, კასატორი არ ეთანხმება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობდა ახლო (სასიყვარულო) ურთიერთობა გამორიცხვდა მოსარჩელის მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილების სესხად გადაცემის კვალიფიკაციას. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, თ. ხ.-ის მიერ სარჩელის აღძვრას წინ უსწრებდა 2011 წელს ლ. კ.-ის მიერ ოჯახის შექმნა სხვა ქალბატონთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე თ. ხ.-სა და მოპასუხე ლ. კ.-ეს შორის წლების განმავლობაში არსებობდა ახლო (სასიყვარულო) ურთიერთობა, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, იმ ფაქტითაცაა გამყარებული, რომ 2011 წლის მაისში, მოპასუხე ლ. კ.-ე სტუმრად იმყოფებოდა იტალიაში მოსარჩელე თ. ხ.-თან მოსარჩელისავე დაფინანსებით.
- მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ხ.-ს მოპასუხე ლ. კ.-ისათვის 2009 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში გაგზავნილი ჰქონდა ფულადი თანხები, ჯამში 8 300 ევროს ოდენობით, ხოლო გზავნილის განხორციელების მომსახურების საფასურად გადახდილი ჰქონდა მთლიანობაში 236.50 ევრო, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 8536.50 ევროს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერით.
- დადგენილია, რომ 2011 წლის ნოემბერში მოპასუხე ლ. კ.-ემ, საეკლესიო წესით, იქორწინა მ. ზ.-ზე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. ხ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. კ.-ის მიმართ სესხად გადაცემული ფულადი თანხის - 8 536 ევროსა და 50 ევროცენტის გადახდის მოთხოვნით, რომელიც დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით და ლ. კ.-ეს, მოსარჩელე თ. თ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8 536 ევროსა და 50 ევროცენტის ეკვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ლ. კ.-ემ სადავოდ გახადა თ. ხ.-ის მიერ მისთვის გადაცემული თანხების (8 300 ევროს) მიზნობრიობა და განმარტა, რომ სხვადასხვა დროს თ. ხ.-მა მართლაც გამოუგზავნა (გადასცა) მას თანხა სარჩელში მითითებული ოდენობით, თუმცა თანხა მას გადაეცა არა სესხად, არამედ მხარეთა შორის იმჟამად არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, საჩუქრად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, მოპასუხე ლ. კ.-ესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთიც მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უფრო, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის იტალიიდან გადმოგზავნის გზით ლ. კ.-ისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში მითითება არ არის მხარეთა შორის რაიმე სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, მხოლოდ ლ. კ.-ის სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნისა და ლ. კ.-ის მიერ მისი მიღების ფაქტით არ შეიძლება დადასტურებულიყო მხარეთა შორის ფულადი სასესხო ვალდებულების არსებობისა და ამდენად, გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულებაზე მხარეთა შეთანხმება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ამასთან, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს „თანხის გადაცემის შემთხვევაში, მისი დაბრუნების ვალდებულების არსებობის პრეზუმფციაზე“ სააპელაციო სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს მითითება თანხის გადაცემის შემთხვევაში, მისი დაბრუნების უპირობო ვალდებულების არსებობის (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.4 პუნქტი) თაობაზე უმართებულოა გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე მსგავს მითითებას სამოქალაქო კოდექსი ან/და განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გვაძლევს, ხოლო ნებისმიერი გადაცემისას საპირისპირო შესრულების (დაბრუნება) მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე მსჯელობა მაშინ, როდესაც თანხის გადაცემის შემადგენლობის მატარებელია სხვა სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებებიც, როგორიცაა ჩუქება, ნასყიდობა და სხვ. მტკიცების ტვირთის ერთი მხარიდან მეორეზე გადატანა საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია.
ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გამოთხოვას გამორიცხავს და მოპასუხის პოზიციის სასარგებლოდ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას). რომლის გაბათილებაც მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში, ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია სარჩელი როგორც სახელშეკრულებო, ასევე ვალდებულების გარეშე (სკ-ის 976-ე - 991-ე მუხ.) გადაცემულის მოთხოვნის საფუძვლითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელე თ. ხ.-ს მოპასუხე ლ. კ.-ისათვის 2009 წლის 20 სექტემბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში გაგზავნილი ჰქონდა ფულადი თანხები, ჯამში 8 300 ევროს ოდენობით. დადგენილია, რომ თ. ხ.-ი 2012 წლის 13 ნოემბერს უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებით შეეცადა ლ. კ.-ისათვის პერიოდულად გადაცემული თანხის უკან დარუნებას, რასაც წინ უსწრებდა 2011 წლის ნოემბერში მოპასუხე ლ. კ.-ის მხრიდან მ. ზ.-ზე დაქორწინება (საეკლესიო წესით). მოცემულ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და ლ. კ.-ე სტუმრადაც კი, იმყოფებოდა თ. ხ.-თან უცხოეთში (იტალია).
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ლ. კ.-ემ მართალია დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით თ. ხ.-ისაგან მიღების ფაქტი, თუმცა სადავოდ გახადა მათ შორის შეთანხმება სესხზე და აღნიშნა, რომ თანხის გამოგზავნა მოსარჩელისაგან და მის მიერ ამ თანხის მიღება ატარებდა უსასყიდლო ხასიათს. მოსარჩელის (კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) არგუმენტის საპირისპიროდ არსებობს ასევე ის გარემოებაც, რომ იგი წლების მანძილზე (2009 – 2012წწ.-ში) ისე ახორციელებდა ფულად ტრანზაქციებს მოპასუხის (კასატორი) სასარგებლოდ, რომ ფულადი თანხის გზავნილებში თანხის გამოგზავნის მიზნობრიობად სასესხო ურთიერთობის არსებობაზე არსად მიუთითებია. აღნიშნული კი, იმაზე მეტყველებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა მეგობრული (ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა), რომლის არსებობის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა სადავო თანხები ლ. კ.-ეს სესხად მიეღო. შესაბამისად, სადავო თანხები ლ. კ.-ეს გადაეცემოდა საჩუქრად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.
განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭოროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ჩუქების სამართალურთერთობის თავისებურებებზე:
ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო.
იურიდიული თვალსაზრისით უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან.
ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა. თითოეული ადამიანი თავისი სამართლებრივი სივრცის გამგებელია და მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს ამ სივრცეში შეღწევის უფლება. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს. მართალია, ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და ეს ხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს მას.
საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი.
ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება.
განსახილველი დავის არსის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რა ურთიერთობა აკავშირებდათ მხარეებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს კეთილგანწყობილი ურთიერთობა გააჩნდა მოპასუხესთან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ლ. კ.-ე სტუმრადაც კი იმყოფებოდა იტალიაში თ. ხ.-თან, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე დადასტურებულია, რომ სადავო თანხები ლ. კ.-ეს პერიოდულად ეგზავნებოდა ეტაპობრივად 2009 წლიდა 20 სექტემბრიდან 2012 წლის ივნისამდე.
ყოველივე ზემოთაღნიშნული საკასაციო პალატას აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში და ეფუძნებოდა ახლობლური, თითქმის ოჯახური ურთიერთობების პრინციპს. ამის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. ხ.-ს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, გამოეხატა ლ. კ.-ის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა თუნდაც ჩუქების ხელშეკრულების დადებაში (სკ-ის 524-ე მუხ.), რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და თავისთავად მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმებისა და შესაბამისად, თ. ხ.-ის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ.-ს ლ. კ.-ის სასარგებლოდ უნდა დეკისროს საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების მიზნით, 792 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ. ხ.-ს (პ/ნ:......) დაეკისროს ლ. კ.-ის (პ/ნ:.......) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 792 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე