Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-662-628-2015 30 ივლისი, 2015 წელი,

ას-662-628-2015 დ-ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2012 წლის 08 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თ. პ-მა ნ. დ-ეს ასესხა 90 500 აშშ დოლარი, სარგებელი სესხისათვის განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 4 %-ით. 6 თვის ვადით, 2013 წლის 08 აპრილამდე, სულ სესხი, ექვსი თვის სარგებელთან ერთად შეადგენდა 112 220 აშშ დოლარს. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ბ. ქუჩა 26, ს., ბინა №.. იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

4. მხარეებს შორის 2013 წლის 26 აპრილს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის ძირ თანხად, შეთანხმების გაფორმებამდე დარიცხული სარგებლის გათვალისიწნებით, განისაზღვრა 114 260 აშშ დოლარი. სესხის ვადა გაიზარდა და ამ ვადის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 26 ივნისი.

5. ნ. დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2013 წლის 26 აპრილს ნ. დ-ესა და თ. პ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, როგორც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების საფუძველზე დადებული გარიგების ბათილად ცნობა. ნოტარიუს ს. მ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში და ამ ნაწილში დავალიანების მოცულობის განსაზღვრა 41 000 აშშ დოლარით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ცვლილება შევიდა ნოტარიუს ს. მ-ის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი №...) მითითებული კრედიტორის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის პირველ აბზაცში მოვალე ნ. დ-ისათვის სესხის ძირი თანხის 114 260 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის სახით ნ. დ-ის ვალდებულება კრედიტორ თ. პ-ის წინაშე განისაზღვროს 90 500 აშშ დოლარით.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების 1-4 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

8. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 1) კრედიტორის თ. პ-ის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 28 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 114 260 აშშ დოლარი, გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 27 ივნისიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად. 2) მოვალე ნ. დ-ეს თ. პ-ისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილი აქვს 23 760 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს ანგარიშში 14 480 აშშ დოლარი. 3) წარდგენილი ხელწერილების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალეს კრედიტორ თ. პ-ისათვის გადახდილი აქვს 38 240 აშშ დოლარი, კერძოდ, 2013 წლის 26 ივნისს - 23 760 აშშ დოლარი, 26 აგვისტოს - 3 620 აშშ დოლარი, 26 სექტემბერს - 7 240 აშშ დოლარი და 6 დეკემბერს - 3 620 აშშ დოლარი (ტ. 1, ს.ფ. 29). ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0.15 %. 2013 წლის 26 აპრილის სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა მოვალის მიერ დაირღვა. შესაბამისად, 2013 წლის 26 ივნისის შემდეგ, გადაუხდელ თანხას ყოველ გადაცილებულ დღეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო. გადახდილი 38 240 აშშ დოლარიდან 14 480 აშშ დოლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარშში გადახდილად, ხოლო 23 760 აშშ დოლარი ძირითადი თანხის ანგარიშში.

9. სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმების დასადებად ნ. დ-ის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტი არ დგინდება.

10. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 50-ე, 85-ე, 86-ე, 361-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

11. სასამართლომ განმარტა, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილი იქნეს, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა.

12. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

13. მოცემულ შემთხვევაში, ნ. დ-ე ნების არანამდვილობაზე აპელირებს იმის გამო, რომ ნების ფორმირების დროს ადგილი ჰქონდა იძულებას, შესაბამისად, იგი იძულებული გახდა კაბალური ხელშეკრულებისათვის მოეწერა ხელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. აღსანიშნავია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (იძულება, სახელშეკრულებო პირობების კაბალურობა) დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებით დადგენილი გარემოება, რომ ნ. დ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მეუღლეს შეატყობინებდა კრედიტორი და მიმართავდა იძულებით აღსრულებას მის ქონებაზე, ვერ განიხილება სადავო გარიგების დადების მიზნით მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე რეალურად არ ჩარეულა ნ. დ-ის მიერ ნების გამოვლენაში და საქმის მასალებით არ დგინდება, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა იმ სახისა და ხარისხის იძულება ან მუქარა, რომელსაც შეეძლო რეალურად დაეთრგუნა მისი ნება. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი სადავო გარიგების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი დაიდო იძულებით და მიიჩნია, რომ მხარემ, სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლიდან გამომდინარე, ვერ დაადასტურა, რომ გარიგება დაიდო მართლსაწინააღმდეგო მიზნითა და საშუალებების გამოყენებით . შესაბამისად, არ არსებობს 2013 წლის 26 აპრილის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

16. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი ძირითადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 114 260 აშშ დოლარით. დადგენილია, რომ ძირითადი დავალიანებიდან 23 760 აშშ დოლარი, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, მოვალეს გადახდილი ჰქონდა კრედიტორისათვის. შესაბამისად, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში უნდა განხორციელდეს ცვლილება და ძირითადი დავალიანების მოცულობა უნდა განისაზღვროს 90 500 აშშ დოლარით.

17. ნ. დ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის განჩინებით საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მის მიერ 2012 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი იყო სესხის ძირი თანხის ნაწილი. ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, გადახდების განხორცილებისას გადახდილი თანხა, პირველ რიგში, მოემსახურება პირგასამტეხლოს გადახდას, შემდეგ სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლის გადახდას და ბოლოს სესხის ძირითადი თანხის გასტუმრებას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდის რიგითობაზე, რომლის საფუძველზეც გადახდილი თანხა, პირველ რიგში, უნდა ჩათვლილიყო პირგასამტეხლოში და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი ძირითადი ვალდებულება განისაზღვრა 114 260 აშშ დოლარით, საიდანაც 23 760 აშშ დოლარი ნ. დ-ეს გადახდილი ჰქონდა თ. პ-ისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე. პალატამ მიიჩნია, რომ მოვალის მიერ გადახდილი თანხა 23 760 აშშ დოლარი იყო პირგასამტეხლოს თანხა და, შესაბამისად, 2014 წლის 28 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი დავალიანების მოცულობა უნდა განისაზღვროს 90 500 აშშ დოლარით.

20. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში 2013 წლის 26 აპრილის ცვლილება განხორცილდა იძულებისა და მუქარის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დატკიცება-დასაბუთების ტვირთს. მოცემულ შემთხვევაში, ნ. დ-ე მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს თავის ახსნა-განმატებაზე და მოწმეთა ჩვენებებზე, ის გარემოება, რომ თ. პ-ი ნ. დ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეატყობინებდა მის მეუღლეს და მიმართავდა იძულებით აღსრულებას, არ წარმოადგენს ძალადობის და მუქარის შემცველ ქმედებას. იძულება მხოლოდ მაშინ უნდა ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელი და მართლსაწინააღმდეგოა. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზაცია და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 26 აპრილის ხელშეკრულება გაფორმდა თ. პ-ის მხრიდან იძულებისა და მუქარის საფუძველზე.

21. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 85-ე, 86-ე მუხლებზე.

22. ნ. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის განჩინება. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

23. სააპელაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

23.1. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

23.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებები, რომლითაც ნათლად ირკვეოდა ის გარემოება, რომ 2013 წლის 26 აპრილის ხელშეკრულება დადებული იყო მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის მიმართ განხორციელებელი შანტაჟისა და მუქარის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა დროთა განმავლობაში ძირი თანხის გადახდის ფაქტი, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოწინააღმდეგე მხარის ზეპირ მოსაზრებას და კანონიერად ჩათვალა მეორე ხელშეკრულებისას დაფიქსირებული თანხა.

23.3. სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა 2015 წლის 07 მაისს გამართულ სხდომაზე საქმის გადადების შუამდგომლობა, რითაც მხარე ფაქტიურად დაცვის გარეშე დატოვა. იპოთეკის საგანი სრულად აკმაყოფილებდა თანხის მოცულობას. იპოთეკის საგნის სიაში მოძრავი ქონების დამატება საჭიროებას არ წარმოადგენდა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

გ) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ სესხის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდის რიგითობაზე, რომლის საფუძველზეც გადახდილი თანხა, პირველ რიგში, უნდა ჩათვლილიყო პირგასამტეხლოში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოვალის მიერ გადახდილი თანხა 23 760 აშშ დოლარი მიიჩნია პირგასამტეხლოს თანხად და, შესაბამისად, 2014 წლის 28 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი დავალიანების მოცულობა განსაზღვრა 90 500 აშშ დოლარით. აპელანტმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზაცია და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 26 აპრილის ხელშეკრულება გაფორმდა თ. პ-ის მხრიდან იძულებისა და მუქარის საფუძველზე.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე