Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-663-629-2015 28 ივლისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „--“

მოწინააღმდეგე მხარე – გ--ა ს--ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ვალდებულების შესრულებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2010 წლის 2 ნოემბერს გ--ა ს--სა და შპს „--“-ს შორის ნოტარიალურად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

2. იმავე დღეს გამსესხებელმა გ--ა ს--ს ერთი წლის ვადით სესხის სახით გადასცა 14 000 აშშ დოლარი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდგომში სსკ, 623-ე მუხლი]. სესხი სარგებლიანი იყო. მისი ოდენობა განისაზღვრა თვეში 6 %-ით [სსკ-ის 625-ე მუხლი].

3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ. ს--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ტ--ს ქ. #--, ბ. --, ს/კ #--. იპოთეკა იურიდიული ძალის მქონეა, რადგანაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში [სსკ-ის 289-ე მუხლი].

4. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის /ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მერვე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ნივთის იძულებითი რეალიზაციის გზით განეხორციელებინა [სსკ-ის 302.31 მუხლი].

5. 2011 წლის 31 ოქტომბერს, გ--ა ს--მ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, მსესხებელს გადაუხადა საპროცენტო დავალიანება 5550 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის ნაწილი, 4450 აშშ დოლარი; დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ მას გადასახდელი დარჩა 9550 აშშ დოლარი.

6. 2013 წლის 4 აპრილს ნოტარიუსმა გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი [სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #---] 2010 წლის 2 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 9550 აშშ დოლარით (ძირითადი თანხა) და 4614 აშშ დოლარი (დარიცხული პროცენტი).

7. გ--ა ს--მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:

ა) 2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის (6%) შემცირება 4%-მდე;

ბ) მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად და შეწყვეტილად აღიარება;

გ) 2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გ--ა ს--მ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით გ. ს--ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინება და შესაბამისი მითითებებით საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

11. საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა რა თანხა აქვს გადახდილი მოსარჩელეს და დაფარულია თუ არა ძირი თანხისა და პროცენტის ოდენობა, ასევე მართლზომიერი იყო თუ არა 6%-იანი სარგებლის დაკისრება.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს--ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ს--ეს შეუმცირდა სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-მდე და შპს „--“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1320 აშშ დოლარის გადახდა.

13. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „--“-მ.

14. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია; კერძოდ:

ა) გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მატერიალურ-სამართლებრივ ნორმაზე, რომლიდანაც სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის შემცირების სამართლებრივი შედეგი შეიძლება გამომდინარეობდეს;

ბ)სასამართლო ასევე არ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც განახორციელა საპროცენტო განაკვეთის შემცირება.

გ) გ--ა ს--ე არ ითხოვდა სარგებლის ნაწილში დადებული შეთანხმების ბათილობას, მიუხედავად ამისა, სასამართლომ გააკეთა დასკვნა ამ შეთანხმების ბათილობის თაობაზე.

დ) გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესი კოდექსის, (შემდგომში სსსკ) 248-ე მუხლი და კასატორის სასარგებლოდ გ. ს--ს გადასახდელად დააკისრა 1320 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც მის მოთხოვნას წარმოადგენდა სასესხო ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება.

15. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „--“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან მიმართებაში არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ თვლის დამატებით განმარტოს შემდეგი:

18.1. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“

18.2. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების დებულება [1.3 პუნქტი], რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

18.3. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გალინა სხილაძემ შეცილება გააკეთა, იგი სწორედ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე ამყარებდა სარჩელს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც სარგებლის ოდენობა შეამცირა წლიურ 48%-მდე, როგორც ამას მოითხოვდა გ. მსხილაძე.

18.4. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო კასატორის სასარგებლოდ მსესხებლისათვის 1320 აშშ დოლარის დაკისრებით არ გასცდენია მოთხოვნის ფარგლებს; გ--ა ს--ის მოთხოვნას წარმოადგენდა სასესხო ვალდებულების შესრულებულად და შეწყვეტილად აღიარება. სასამართლომ კი დაადგინა, რომ ვალდებულება 1320 აშშ დოლარის ნაწილში არ იყო შეწყვეტილი. გადაწყვეტილება გ. ს--ეს არ გაუსაჩივრებია. ამასთან, რომც დაერღვია სასამართლოს სსსკ 248-ე მუხლის მოთხოვნა, ეს მაინც ვერ გახდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც ასეთ დარღვევას არ მოჰყოლია არასწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „--“-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 377,50 ლარის 70%-264,25 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „--“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს შპს „--“-ის (ს.კ.--) დაუბრუნდეს ვ--ნ გ--ს (--) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (377,50 ლარი, საგადასახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 07.07.15 სს საქართველოს ბანკი) 70% – 264,25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი