საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-664-630-2015 30 ივლისი, 2015 წელი,
ას-664-630-2015 ბ-ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 05 ნოემბერს შპს ”ბ-სა” და ნ. მ-ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №..., რომლის თანახმად მსესხებელზე, ნ. მ-ეზე გაიცა სესხი 1 020 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 48%-ად (თვეში 4%), სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში კი განისაზღვრა პირგასამტეხლო ნარჩენი სესხის თანხის 0,2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა მოპასუხე ნ. მ-ეს უნდა განეხორციელებინა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით 2013 წლის 05 ნოემბრამდე.
2. ნ. მ-ემ დაარღვია გადახდის გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადები.
3. შპს ”ბ-მა“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. მ–ის მიმართ და მოითხოვა, სესხის ძირი თანხის - 950 აშშ დოლარის, სესხის გადაუხდელი პროცენტის 243 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) – 980 აშშ დოლარის, სულ 2173 აშშ დოლარის დაკისრება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ”ბ-ის” სარჩელი ნ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. მ-ეს შპს ”ბ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1 393 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა - 950 აშშ დოლარი, პროცენტი 243 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 200 აშშ დოლარი.
5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-3 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
6. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 403-ე, 303-ე, 417-420-ე მუხლებზე.
7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 980 აშშ დოლარს, იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც შეამცირა იგი 200 აშშ დოლარამდე.
8. შპს ”ბ-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნია, მაშინ როცა ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული მისი ოდენობა და მხარეს პროცენტი დაეკისრა მხოლოდ სესხით სარგებლობის ვადაში. ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლო ხელს უწყობს კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურებას.
10. სასამართლომ უსაფუძვლოდ, 5-ჯერ, შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც არ უწყობს ხელს პატიოსან გადამხდელ მსესხებელთა ჩამოყალიბებას, პირიქით მსესხებლები ყველანაირად შეეცდებიან გაწელონ საქმეები. სასამართლოს ამგვარი მიმართულების ჩამოყალიბება არასწორია. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, პირგასამტეხლოს შემცირება განსაკუთრებულ გარემოებებში უნდა მოხდეს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
13. სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე და დამატებით მიუთითა:
13.1. პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
13.2. სასამართლომ, მოქმედებდა რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში, მხარის მითითების საფუძველზე იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, სწორად მიიღო მხედველობაში ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე სწორად გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებდა და მართებულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - 200 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს
14. შპს ”ბ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15. კასატორი მიუთითებს შემდეგზე:
15.1. მოთხოვნა კანონშესაბამისია, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად. სესხი იყო თვეში ოთხ პროცენტიანი, შესაბამისად, მიყენებული მინიმალური ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, შეადგენს თვეში ოთხ პროცენტს.
15.2. სასამართლომ პირგასამტეხლო დაადგინა თვეში 1,2%, რაც მინიმალურ ზიანსაც (მიუღებელი საპროცენტო სარგებელი) ვერ ფარავს. სარჩელის შემოტანის დღიდან კასატორს არ მოუთხოვია არც პროცენტი და არც პირგასამტეხლო. 2014 წლის 5 ივნისიდან (სესხის დაანგარიშების პერიოდი) სესხს არანაირი თანხა არ დამატებია.
15.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად, განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.
15.4 გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 08 ივლისის განჩინებით შპს ”ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს ”ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
23. მოცემული დავა ეხება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას. აღნიშნულ საკითხზე კი არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარი პრაქტიკა. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ას-1157-1103-2014; ას-275-259-2014) .
24. კასატორმა ვერ მიუთითა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობაზე.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ბ-ს“ (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 06 ივლისი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე