საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-665-631-2015 21 ივლისი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ--თ ნ--ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ--ი მ--ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 6 ივნისს გ--ი მ--სა და დ--თ ნ--ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც გ--ი მ--მ დ--თ ნ--ეს ასესხა 75000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 10 დღე ანუ 2012 წლის 16 ივნისი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ--თ ნ--ს საკუთრებაში არსებული არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. მარნეული, პ--ს ქ. #--.
ხელშეკრულება აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის [შემდგომში სსკ] 623-625-ე მუხლების მოთხოვნებს.
იპოთეკა რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში [სსკ 289-ე მუხლის პირველი ნაწილი].
დ--თ ნ--მ ხელშეკრულებით ნაკისრ ვადაში სესხი არ დააბრუნა, რის გამოც 2012 წლის 19 ივნისს გაცემულ იქნა #-- სააღსრულებლო ფურცელი და 2012 წლის 25 ივნისს დაიწყო იძულებითი სააღსრულებლო წარმოება.
მხარეთა შეთანხმებით, იმ პირობით, რომ დ. ნ--ე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით სრულად დაფარავდა დავალიანებას, 2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმებით გაუქმდა 2012 წლის 6 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 2012 წლის 22 აგვისტოს უძრავი ქონება გასხვისდა ლ--ა გუ--ზე.
დ--თ ნ--მ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და გ--ი მ--ს დაუბრუნა 36000 აშშ დოლარი.
გ--ი მ--მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: 1) 2012 წლის 6 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმების ბათილად ცნობა; 2) სესხის ძირითადი თანხის - 20000 აშშ დოლარის დაკისრება; 3) დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს დ--თ ნ--ს საკუთრებაში არსებული ქონების მდებარე ქ. მარნეული, პ--ს ქ. #-- იძულებით რეალიზაციაში მოქცევის გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა (სსსკ 230-ე მუხლი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვალის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა დ--თ ნ--ს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით დ--თ ნ--ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული (სსსკ 240.2). აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდა აპელაციის წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით დ--თ ნ--ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში გადაეხადა სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 800 აშშ დოლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული განჩინების თაობაზე დ--თ ნ--ეს ეცნობა 2015 წლის 10 ივნისს, ხოლო ხარვეზი შევსებულ იქნა იმავე წლის 18 ივნისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით დ--თ ნ--ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლის გამო (სსსკ მე-60, 61-ე მუხლები).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ--თ ნ--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაგვიანება შეადგენდა რამოდენიმე საათს და სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა სსსკ 64-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ--თ ნ--ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 11 ივლისს და დასრულდა იმავე წლის 17 ივლისის 24 საათზე. კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი შეავსო 2015 წლის 18 ივლისს ანუ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.
ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში დ--თ ნ--მ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზირებს დავით ნოზაძის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ 64-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაეგრძელებინა საპროცესო ვადა, რადგანაც სსსკ-ის 399-ე, 368.7 მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ კანონმდებელმა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაადგინა საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებისგან (სსსკ-ის 64-ე მუხლი) განსხვავებული წესი, რაც გამორიცხავს სასამართლოს აქტიურ როლს საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, დ--თ ნ--ეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სასამართლოს კი არ ჰქონდა უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა დავით ნოზაძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ--თ ნ--ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი