Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-666-632-2015 23 ივლისი, 2015 წელი,

ას-666-632-2015 ა-ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ე.ტერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დ. ჩ-ის მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 01 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369, 2591, 60.2, 61.2, 63 მუხლები.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–20–30 დღის ჩათვლით პერიოდში სასამართლოში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებას, საიდანაც აითვლება მისი გასაჩივრების თოთხმეტდღიანი ვადა, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისათვის ადგენს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30–ე დღის მომდევნო დღიდან გასაჩივრების ვადის დენის ავტომატურად დაწყებას.

6. პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

7. საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმით პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი თ. ტ-ი. ამდენად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დენა მოსარჩელე მხარისათვის დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს, 2015 წლის 16 აპრილიდან და ამოიწურა 2015 წლის 29 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილი იქნა 2015 წლის 11 მაისს (ფოსტის მეშვეობით).

8. აპელანტმა - ე. ა-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 01 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

9. სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა ის გარემოება, რომ მხარეს არ მიუმართავს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად. მხარემ 2015 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების ასლის მიღება, მაგრამ იგი 2015 წლის 27 აპრილამდე არ ჩაბარებია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 02 ივლისის განჩინებით ე. ა-ის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, თვლის, რომ ე. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე დარღვეულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. ამავე კოდექსის კოდექსის 2591-ე თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

17. განსახილველ შემთხვევაში მხარემ განცხადებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თხოვნით 2015 წლის 20 აპრილს (ტ. 1, ს.ფ. 226), გადაწყვეტილების ასლი კი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ჩაიბარა 2015 წლის 27 აპრილს. (ტ. 1, ს.ფ. 227)

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეს, მიუხედავად მოთხოვნისა, სასამართლოს გადაწყვეტილება, არ ჩაბარდა 2015 წლის 27 აპრილამდე, მას გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა დაეწყოს.

19. მხარემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 11 მაისს, ე.ი. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. ა-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე