Facebook Twitter

საქმე №ას-668-635-2014 16 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ.ტ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.მ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ბინის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ვ.ტ–მა მოითხოვა რ.მ–ის სახელზე 2013 წლის 8 იანვრის გაცემული №..... სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

1.2. ქ.თბილისში, ..... მდებარე მე-12 კორპუსის, №10 ბინის ½ იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა.

2. მოპასუხის პოზიცია:

რ.მ–მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.ტ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ.ტ. ცნობილ იქნა უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ....1/3 წილის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით რ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც, ვ.ტ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2005 წლის 29 ივნისის ცნობის თანახმად, დ.ტ–ზე სამოქალაქო რეესტრის კარტოთეკაში ცნობა არ არსებობს. ასევე, არ იძებნება მონაცემები დ. ტ–ზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის 18 ივნისის ცნობითაც;

5.2. რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, დ.ტ. გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციაში და მისი გარდაცვალების შესახებ მონაცემები დარეგისტრირდა სწორედ რუსეთის ფედერაციის სააქტო ჩანაწერებში;

5.3. დ.ტ–ის გარდაცვალების მოწმობაზე არ არის მითითებული გარდაცვლილის მოქალაქეობის თაობაზე;

5.4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით და ჩათვალა რომ, საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა მოპასუხეს, რადგანაც ფაქტის დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც უთითებს კონკრეტულ ფაქტზე. მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რის გამოც სარჩელი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ტ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ დ.ტ. საქართველოს მოქალაქე არ იყო, თუმცა მტკიცებულებები ამის თაობაზე არ არსებობს. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მეოთხე თავით დადგენილი წესით, ასეთი გადაწყვეტილება (განკარგულება) კი, არ არსებობს.

6.1.2. უძრავი ქონება, მდებარე, ........ ი.მ–ს სახელზე ირიცხებოდა, რომელიც იყო ვ.ტ–ის ბებია. ორდერში ჩაწერილი იყვნენ დ.მ. და მისი ძმა ს.მ. ს–მ მთლიანად თავის სახელზე მოახდინა ბინის პრივატიზაცია, თუმცა სადავო ბინიდან დ.ტ–ს ეკუთვნის წილი, რაზეც აწ გარდაცვლილს უარი არ უთქვამს და არც თანხმობა განუცხადებია პრივატიზაციის თაობაზე. სადავო ბინაზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელი ფართის უფლება მოპოვებული აქვს ბინის პრივატიზაციის დროისათვის. ამდენად, ერთ-ერთი დამქირავებლის სახელზე, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების რეგისტრაციის ფაქტი არ ნიშნავს საკუთრების უფლების მხოლოდ მასზე გასხვისებას. საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებით დანარჩენ ოჯახის წევრებს წარმოეშობათ უფლება, საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ საკუთრების უფლება.

6.1.3. რეგისტრაციის ფაქტით არ დასტურდება მფლობელობის მართლზომიერება. რეგისტრაციის არსებობა არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში ვ.ტ–ს, როგორც დ.ტ–ის კანონისმიერ მემკვიდრეს, საკუთრების უფლება სადავო ბინაზე წარმოეშვა კანონის ძალით. სააპელაციო სასამართლომ კი, არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.

6.1.4. ბინის პრივატიზაციის უფლების რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი. დამქირავებელთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც დამქირავებელი სარგებლობს. საკუთრების უფლების ერთ-ერთ დამქირავებელზე აღრიცხვა არ გამორიცხავს დანარჩენი მოსარგებლეების საკუთრების უფლებას.

6.1.5. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, თითქოს საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთი შეაბრუნა და არასწორად გაანაწილა, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის დ.ტ–ის საქართველოს მოქალაქეობის ფაქტი, რის შემდეგაც მასზე გავრცელდებოდა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტი.

6.1.6. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება, გარდაცვალება და გარდაცვალების მოწმობის სააქტო ჩანაწერის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ასეთი გადაწყვეტილება დ.ტ–თან მიმართებაში არ არსებობს და არც აპელანტის მიერ ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დ.ტ–ის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ.ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ბინაზე მამკვიდრებლის მიერ უფლების მოპოვების დადასტურების მტკიცება მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადოდ, კერძოდ, მან ვერ დაადასტურა, რომ დ.ტ. იყო საქართველოს მოქალაქე და სარგებლობდა სადავო ბინით, რაც „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა. თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ ეს დასკვნა დააფუძნა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2005 წლის 29 ივნისისა და 2013 წლის 18 ივნისის ცნობებს, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემულ ცნობებს.

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკსაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.3.1. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნივთზე მამკვიდრებლის უფლების ფაქტის მტკიცება მოსარჩელეს სავსებით მართებულად დააკისრა, ამასთანავე, ვერ გაიზიარებს ვ.ტ–ის მტკიცებას მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობისა და სხვათა თაობაზე. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ დ.ტ–ის საქართველოს მოქალაქეობის ფაქტის მტკიცების მიზნით მიუთითა გარდაცვალების მოწმობაზე, რომელიც, ამ გარემოებას არ ადასტურებს.

1.4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N... დადგენილების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულია პრივატიზაციის განხორციელების სუბიექტების ცნება, ასევე პრივატიზაციის განხორციელების წესი და ნორმის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამდენად, უპირველესი წინაპირობა ბინაზე უფლების მოპოვებისა, პრივატიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე პირის საქართველოს მოქალაქეობა იყო, გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და განმარტავს, რომ პრივატიზაციის გზით საკუთრების უფლების მოპოვების დამატებით პირობას წარმოადგენდა ასევე ბინაში ცხოვრების ფაქტი (იხ. სუსგ-ებები: #-284-610-05, 26 ივლისი, 2004 წელი; #ას-265-594-05, 14 ივნისი, 2005 წელი; #ას-516-838-05, 14 ნოემბერი, 2005 წელი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ამ კუთხით სარწმუნო მტკიცებულებებსა და გარეოებებზე არ მიუთითებია.

1.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ განსხვავდე მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ.კ–ის მიერ 2014 წლის 12 ივნისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 350 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 1 ივლისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის, სულ 500 ლარის 70% - 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ტ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ვ.ტ–ს (რუსეთის ფედერაციის პასპორტი 72 0959671) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) თ.კ–ის მიერ 2014 წლის 12 ივნისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 350 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 1 ივლისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის, სულ _ 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური