საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-674-640-2015 30 ივლისი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „P”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 11 სექტემბერს, შპს ,,P”-სა და შპს „ი-ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,P” ვალდებული იყო თბილისში, წ-ს ქ. ...-ში მდებარე შპს ,,ი-ას” კუთვნილი შენობის სახურავზე დაემონტაჟებინა სარეკლამო ბანერი. თავის მხრივ, შპს ,,ი-ას” ვალდებულებას წარმოადგენდა აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 17 980 ლარის ოდენობით. შპს ,,ი-ას” მიერ ავანსის სახით გადახდილი იქნა სამუშაოს ღირებულების ნაწილი - 8 990 ლარი, ხოლო მეორე ნაწილი - 8 990 ლარი მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში.
2. შპს „P“-ის განმარტებით შპს „ი-ა"-მ დაარღვია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პირობა.
3. შპს „P"-მა სარჩელით მოითხოვა მოპასუხე შპს „ი-ასთვის“ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 7 994.19 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 542 ლარის გადახდის დაკისრება.
4. შპს „ი-ა"-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს ,,P”-საგან ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით 10 080 აშშ დოლარისა და მატერიალური ზიანის სახით 500 ლარის გადახდის დაკისრება.
5. შეგებეგული სარჩელის მიხედვით, 2013 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებით შპს „P“-მ იკისრა ვალდებულება, საკუთარი მასალით, ასევე, საკუთარი მოწყობილობებისა და დანადგარების გამოყენებით, შპს „ი-ას“ კუთვნილ შენობაზე მოეწყო და დაემონტაჟებინა სარეკლამო ბანერი. შპს „P“-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. 2014 წლის 31 იანვარს შპს „ი-ამ“ წერილობით აცნობა მენარდეს მათ შორის არსებული ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
6. შპს „P“-ს მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, შპს „ი-ამ“ ვერ გააფორმა ხელშეკრულებები პოტენციურ დამკვეთებთან, კერძოდ, შპს „ი-ამ” ვერ გააქირავა 5 სარეკლამო ბანერი. თითოეული სარეკლამო ფარის ყოველთვიური ქირა შეადგენს 540 აშშ დოლარს. შესაბამისად, თვიური საბაზრო ქირა 5 სარეკლამო ბანერისთვის შეადგენს 2 700 (5*540) აშშ დოლარს, ყოველდღიური ქირა კი - 90 (2 700:30) აშშ დოლარს. შპს „P“-ს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლიდან (2013 წლის 10 ოქტომბერი) შპს „ი-ას“ მიერ ხელშეკრულების მოშლის მომენტამდე (2014 წლის 31 იანვარი) გასულია 112 დღე. ამდენად, 2013 წლის 10 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე შპს ,,ი-ას” მიერ მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 10 080 აშშ დოლარს (90*112=10 080).
7. შპს ,,P”-ს მიერ ასევე ჯეროვნად არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შპს ,,P”-მა არ განახორციელა თუნუქის აღდგენა პარაპეტსა და სახურავზე, მეტალო-კრამიტის სახურავის აღდგენა (ან გამოცვლა). მოპასუხემ ასევე არ აღადგინა: საცრემლურები, თუნუქის საფარი სახურავზე საყრდენი ბოძების ამოსვლის ადგილებში, სამერცხლურები. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, დაზინებული სახურავიდან ჩავიდა წყალი შპს ,,ი-ას” გარემონტებულ ფართში და დააზიანა ჭერი. ჭერის აღდგენისთვის საჭირო ხარჯი შეადგენს 500 ლარს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,P”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს ,,ი-ას” მოსარჩელე შპს ,,P”-ს სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 4 876.24 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ი-ას” მოსარჩელე შპს ,,P”-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 784,07 ლარის გადახდა.
9. შპს ,,ი-ას” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. შპს ,,ი-ამ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა შპს „P“-ს სარჩელზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (ტ. 2, ს.ფ. 132-145).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ი-ას" სააპელაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და შეგებებული სარჩელის 2 016 აშშ დოლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ი-ას" სააპელაციო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრებას, დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის საფუძველია ის გარემოება, რომ ვინაიდან მხარე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას 500 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა (სსსკ-ის 365-ე მუხლი).
14. შპს ,,ი-ას" დირექტორმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.
15. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ხელოვნურად გამოყო ცალკე დავის საგნად შპს "ი-ას" მიერ მატერიალური ზიანის სახით მოთხოვნილი 500 ლარი, მაშიმ როცა დავის საგანი მოიცავს მოპასუხისათვის არა მხოლოდ 500 ლარის გადახდას, არამედ სხვა თანხების დაკისრებას, რომელთა ოდენობაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება 1000 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისს 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
18. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
19. დადგენილია, რომ მოდავე მხარეები იმყოფებიან ნარდობის სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობაში. შემკვეთმა შპს „ი-ა"-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შპს ,,P”-საგან ზიანის, ანაზღაურება. კერძოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით 10 080 აშშ დოლარისა და მატერიალური ზიანის სახით 500 ლარის გადახდის დაკისრება.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი. სასამართლოს მიდგომა ფორმალურია, იგი არ გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან და მიზნიდან.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის ღირებულებას. კანონმდებელმა დაადგინა ქონებრივი ზღვარი-1 000 ლარი, რომლის ზემოთაც დასაშვებია სააპელაციო საჩივრის განხილვა. აღნიშნული ნორმა არა მარტო გასაჩივრების ქონებრივ ზღვარს ადგენს, არამედ მიუთითებს, რომ ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ მოხმობილი ნორმის დანაწესი გულისხმობს მხარის ინტერესის გარკვევას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზომის, ფარგლების მიმართ. კერძოდ, რას მოითხოვს აპელანტი, მოითხოვს მის მთლიანად თუ ნაწილობრივ შეცვლას და რა ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ერთი კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. აპელანტი სააპელაციო საჩივრით (ისევე როგორც შეგებებული სარჩელით) მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მოდავე მხარისგან. ის აკონკრეტებს ზიანის ოდენობას და აზუსტებს, რომ ზიანი მოიცავს, როგორც ფაქტობრივად დამდგარ, ასევე მიუღებელ შემოსავალს. გამომდინარე აღნიშნულიდან აპელანტის სამართლებრივი ინტერესი ზიანის ანაზღაურებაა, რისი მიღწევაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლითა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებითაა შესაძლებელი.
23. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის დანაწესის საწინააღმდეგოდ ხელოვნურად გამოყო დავის საგნიდან მისი ნაწილი და მხარეს არასწორად დაუტოვა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი-ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რომელიც შეეხება მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრებას.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე