საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-676-642-2015 31 ივლისი, 2015 წელი,
ას-676-642-2015 თ-ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თ-ე, ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ-ა“, ა. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თ-ისა და ა. ს-ის სარჩელი მოპასუხეების სს "ვ-სა" და ა. ქ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თ-ემ და ა. ს-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით ქ. თ-ისა და ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თ-ემ და ა. ს-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში 2 694.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის წლის 03 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში 2 694.25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 07 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელ კ. ჩ-ის თანამშრომელს, მ. გ-ეს (პ/ნ …) (ს.ფ. 307), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორებისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 08 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 14 ივლისს. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2015 წლის 14 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი