Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-677-643-2015 28 ივლისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ს--ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ--ლ ჯ--ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჯ--ლ ჯ--ე 2012 წლის დეკემბრიდან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობდა შპს „ს--ი“ და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს.

2. 2014 წლის 25 მაისს, დამსაქმებლის (შპს „ს--ი“) ინიციატივით ჯ. ჯ--ე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გათავისუფლდა სამსახურიდან [საქართველოს „შრომის კოდექსის“ 37-38 მუხლები].

3. ჯ. ჯ--ეს სამსახურიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებისას დამსაქმებელმა არ გადაუხადა კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.

4. ჯ. ჯ--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო ორი თვის კომპენსაციის, 2000 ლარის, დამსაქმებელზე დაკისრება [საქართველოს „შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მეორე ნაწილი].

5. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 7 აგვისტოს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებელის წარმოუდგენლობის გამო და სარჩელი დაკმაყოფილდა [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) მ. 2321].

6. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ს--მა“ [სსსკ-ის 236-ე მუხლი]. საჩივარი დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა შპს „ს--ის“ ბუღალტერს, რომელიც არ წარმოადგენდა კორესპონდენციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „ს--ის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვიტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება და 2014 წლის 7 აგვიტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა შპს „ს---მა“. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან გზავნილი მას არ ჩაბარდა სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით; კერძოდ, სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა შპს „ს--ის“ ბუღალტერს, რომელიც არ იყო კორესპონდენციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი. გარდა ამისა, გზავნილის ქ. ბათუმში ჩაბარების დროს, საწარმოს დირექტორი იმყოფებოდა ქ. თბილისში.

9. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება და 2014 წლის 7 აგვიტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა შპს „ს--მა“.

11. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს--ის“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს--ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%-210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს შპს „ს--ს“ (ს.კ.--) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადასახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე #10, გადახდის თარიღი 10.07.15 პროკრედიტ ბანკი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900,სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი