Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-680-646-2015 21 ივლისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა--ი --“

მოწინააღმდეგე მხარე – ს--ის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 3 სექტემბერს ს--ის მუნიციპალიტეტსა [შემდგომში „შემკვეთი“] და შპს „ა--ი ---ს“ [შემდგომში „მენარდე“] შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება # 65, რის საფუძველზეც მენარდეს უნდა განეხორციელებინა ქ. საჩხერეში 10 საქალაქო მნიშვნელობის ქუჩის ასფალბეტონის საფარით მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 629-ე მუხლი]

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 30 ნოემბერი, რაც მოგვიანებით მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა და გაგრძელდა 2013 წლის 20 დეკემბრამდე.

3. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 13.5 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით [სსკ 417, 418 მუხლები].

4. მენარდემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. 2014 წლის 20 თებერვლისათვის მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული არ იყო. აღნიშნულის გამო შემკვეთმა 2014 წლის 9 მარტიდან მოშალა ხელშეკრულება.

5. შემკვეთმა სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა 2013 წლის 3 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მოპასუხეზე პირგასამტეხლოს, 275084,48 [ორასსამოცდათხუთმეტი ათას ოთხმოცდაოთხი] ლარის დაკისრება.

6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსკ 420-ე მუხლის გამოყენებით სასამართლომ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და მენარდეს დაეკისრა96279,57[ოთხმოცდათექვსმეტი ათას ორასსამოცდაცხრამეტი] ლარის გადახდა.

7. სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა მენარდემ. აპელაციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა სსკ 401-ე მუხლი [ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა], 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ [ა. ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა] და „გ“ [ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი“] ქვეპუნქტები.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

9. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ. საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მიერ კასაციის საფუძვლად მითითებულია შემდეგ გარემოებებზე:

ა) სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რამაც განაპირობა შესრულების ვადების დარღვევა. კერძოდ ის, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილი იყო მნიშვნელოვანი დარღვევებით.

ბ) რადგანაც მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევას, შემკვეთის უარი ხელშეკრულებაზე (შეწყვეტა) სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო [ სსკ 405-ე მუხლი მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი].

გ) სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ 420-ე მუხლი. პირგასამტეხლოს ოდენობა გამოიანგარიშა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან 1 741 041 ლარიდან, და არა შეუსრულებელი (დარჩენილი) სამუშაოების ღირებულებიდან, რომლის ოდენობაც შეადგენდა 50 000 ლარს. ასეთი მიდგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს თანხა იქნებოდა არა 96 279 ლარი, არამედ 2765 ლარი.

10. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის, შემდგომში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მენარდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კერძოდ:

12.1 მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად შეფასება და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა სრულად შეესაბამება სსკ-ის 629-ე და მომდევნო მუხლებით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობას. კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დროულად არ აღმოფხვრა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები, და ამის გამო დაირღვა შესრულების ვადები, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია:

ნარდობით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეებმა 2013 წლის 30 ნოემბრით განსაზღვრეს. იმავე წლის 29 ნოემბერს მენარდის მოთხოვნის საფუძველზე ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და შესრულების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 20 დეკემბერი. 2013 წლის 26 ნოემბრის წერილით მენარდე შესრულების ვადის 15-20 დღით გაგრძელებას ითხოვდა და პროექტის ხარჯთაღრიცხვის ღირებულების ფარგლებში თანახმა იყო დაემთავრებინა სამუშაოები. მიუხედავად ვადის გაგრძელებისა, მან მაინც ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შემკვეთმა სსკ-ის 405 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, 2014 წლის 3 და 28 თებერვლის წერილებით, გააფრთხილა მენარდე ვადის გადაცილების სამართლებრივ შედეგებზე. გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, შემკვეთს სრული უფლება ჰქონდა მოეშალა ხელშეკრულება და მოეთხოვა ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა [სსკ-ის 636-ე, 417-ე მუხლები და ხელშეკრულების 13.5 პუნქტი].

12.2 ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონი შემკვეთს, განსხვავებით მენარდისაგან, უფლებას ანიჭებს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე [სსკ-ის 636-ე მუხლი]. მოცემულ შემთხვევაში, მან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვა მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, სამართლებრივად დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი შემკვეთის მხრიდან სსკ-ის 405-ე მუხლი მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის თაობაზე.

12.3 საკასაციო სასამართლოს ასევე დაუსაბუთებელად მიაჩნია, კასატორის მოსაზრება პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშების მართლზომიერებასთან დაკავშირებით. როგორც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთ-ერთ განჩინებაშია აღნიშნული: „სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე..... პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის:

ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ [იხ. საქმე №ას-501-477-2013 24.06.13].

მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების 13.5 პუნქტის მიხედვით მენარდეს სწორად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა არა შეუსრულებელი (დარჩენილი) სამუშაოების ღირებულებიდან, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მენარდის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4814 ლარის 70%-3369,80 ლარი

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა--ი --“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს შპს „ა--ი --“-ის დაუბრუნდეს მის მიერ (ს.კ.--) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4,814 ლარის( საგადასახდო დავალება #11, გადახდის თარიღი 19.06.15 სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო“) 70% – 3369,80 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი