საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ივლისი, 2015 წელი,
№ას-682-648-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ--ტ ჩ--ა
მოწინააღმდეგე მხარე – ს--ს ე--სა და მ--ი გ--ის ს--ო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ--ტ ჩ--ა ნინოწმინდის რაიონის სოფელ მ--ში მდებარე 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 664 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის [ს/კ --] მესაკუთრე იყო;
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადწყვეტილებით ს--ს ე--სა და მ--ი გ--ის ს--ოს [მოწინააღმდეგე მხარეს] აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა რ--ტ ჩ--ს საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება;
3. ს--ს ე--სა და მ--ი გ--ის ს--მ [ექსპროპრიატორმა] არ დააკმაყოფილა რ--ტ ჩ--ას მოთხოვნა ჩამორთმეული ქონების კომპენსირების შესახებ. ჩაჩავას მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის თანხამ შეადგინა 2 590 000 ლარი [მიწის ღირებულება] და 430 000 ლარი - შენობა-ნაგებობის ღირებულება, სულ -3 020 000 ლარი;
4. რ--ტ ჩ--მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ექსპროპრიატორზე 3 020 000 ლარის დაკისრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებისა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის საფუძველზე;
5. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლის საფუძველზე, ჩ--მ ასევე მოითხოვა სამართალწარმოების ხარჯების [სასამართლო, საექსპერტო და საადვოკატო მომსახურების] – 9 000 ლარის ანაზღაურება;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ექსპროპრიატორს გადასახდელად დაეკისრა 93 352 ლარი და 2800.56 ლარის, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა;
7. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით რ--ტ ჩ--ს სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად, რადგანაც საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა;
9. ს--ს ე--სა და მ--ი გ--ის ს--ო სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად აპელანტი მიუთითებდა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტზე [„1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე“;
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს--ოს ე--სა და მ--ი გ--ის ს--ოს, რ--ტ ჩ--ას სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი, 100 ლარის გადახდა. სასამართლომ თავისი დასკვნა დაამყარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებს და სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათვალისწინებით [3.09%] თანხა 2800.56-დან 100 ლარამდე შეამცირა;
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართალწარმოების ხარჯის დაკისრების ნაწილში რ--ტ ჩ--ამ გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია. კერძოდ: სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლით, რომლის მიხედვითაც: „ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები;“
12. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ--ტ ჩ--ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს;
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით;
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ კასატორის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები და სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათვალისწინებით [3.09%] სწორად შეამცირა თანხა 100 ლარამდე. რაც შეეხება, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლის დანაწესს, მისი გამოყენება უნდა მოხდეს არა დამოუკიდებლად, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესების გათვალისწინებით, რადგანაც იმავე კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა;
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას რ--ტ ჩ--ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70%-210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
ად ა ა დ გ ი ნ ა
1. რ--ტ ჩ--ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს რ--ტ ჩ--ს დაუბრუნდეს გ--ი გ--ის მიერ (---) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ( საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 125.05.15 და საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 06.07.2015, სს თიბისი ბანკი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი