Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-686-652-2015 28 ივლისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ს--ს ფ--ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ--უ ჯ--ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2010 წლის 24 მარტს შპს „ს--ს ფ--ს“ ადმინისტრაციას, ს--ს კ--ს მ--ა პროფესიულ კავშირსა და შპს „ს--ს ფ--ს“ გაერთიანებულ პროფკომიტეტს შორის გაფორმდა კოლექტიური შეთანხმება [საქართველოს შრომის კოდექსის, შემდგომში სშკ, 41-ე მუხლი].

2. ზემოაღნიშნული კოლექტიური შეთანხმების 4.3. პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 4 ივლისს შპს „ს--ს ფ--ა“ (დამსაქმებელი) და ნ--უ ჯ--ს (დასაქმებული) შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება [სშკ-ის 6.1. მუხლი]. ამ უკანასკნელს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ეკავა და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 300 ლარს.

3. შპს „ს--ს ფ--ს“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის #15-01/120 ბრძანების შესაბამისად, ცალმხრივად შეიცვალა კოლექტიური შეთანხმების პირობები დასაქმებულთა საზიანოდ. დირექტორმა შეიმუშავა შრომითი ხელშეკრულების ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით.

4. 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს ნ--უ ჯ--თან გაფორმდა ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები. ამჯერად მან დაიკავა ფინანსური ანგარიშგების სამმართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა და ყოველთვიურმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 687,50 ლარი.

5. 2013 წლის 1 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ--უ ჯ--ძე დაინიშნა კომერციული საბუღალტრო სამსახურის ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 125 ლარით განისაზღვრა.

6. შპს „ს--ს ფ--ს“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 31 იანვრის #15-02/111 ბრძანებით, 2014 წლის 1 თებერვლიდან ნ--უ ჯ--თან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ( სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი).

7. ნ--უ ჯ--ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

ა) ბათილად იქნას ცნობილი შპს ”ს--ს ფ--ის” გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის #15-01/120 ბრძანების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, ფოსტის ადმინისტრაციის მიერ 2012 წლის 27 ნოემბერს და 2013 წლის 01 თებერვალს ნ--უ ჯ--თან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის 5.1 და 5.2. მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა; შპს ”ს--ს ფ--ს” გენერალური დირექტორის 2012 წლის 01 აპრილის გაფორმებული შრომითი კონტრაქტის 3.1. მუხლით დადგენილი შრომის ანაზღაურება; შპს ''ს--ს ფ--ს'' გენერალური დირექტორის 31.01.2014 წლის ბრძანება #15-02/111 ნ--უ ჯ--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ბ). დაევალოს შპს ”ს--ს ფ--ის” ადმინისტრაციას მოსარჩელე აღადგინოს შპს ''ს--ს ფ--ის'' კომერციული დეპარტამენტის საბუღალტრო სამსახურის ბუღალტრის თანამდებობაზე და ზიანის ანაზღაურების სახით გადაიხადოს 2013 წლის 01 აპრილიდან 2014 წლის 01 თებერვლამდე ბუღალტრის და ბუღალტრის ასისტენტის ხელფასს შორის სხვაობა 5675 ლარი და იძულებით განაცდური გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ხელფასის 687,5 ლარის გათვალისწინებით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ--უ ჯ--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

ა). ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ს--ს ფ--ს’’ გენერალური დირექტორის 2014 წლის 31 იანვრის №15-02/111 ბრძანება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ნ--უ ჯ--ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

ბ.) ნ--უ ჯ--ე აღდგენილი იქნა შპს ,,ს--ს ფ--ს’’ კომერციული დეპარტამენტის საბუღალტრო სამსახურის ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე;

გ.) შპს ,,ს--ს ფ--ს’’ ნ--უ ჯ--ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 თებერვლიდან თვეში 125 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს--ს ფ--მ“.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები რეალურად წარმოადგენდნენ განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებებს და მოსარჩელე დამსაქმებელთან 2010 წლის 24 მარტის კოლექტიური შეთანხმების მიხედვით, იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, რადგანაც ადგილი არ ჰქონია ვადის გასვლას, არ არსებობდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს--ს ფ--მ“. საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა 2010 წლის 24 მარტის კოლექტიური შეთანხმებით, ვინაიდან ამ შეთანხმების მოქმედების ვადა უკვე გასული იყო. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციის განვითარებას, რაც უთუოდ გულისხმობს დამსაქმებლის უფლებას თავისი შეხედულებით დაიქირაოს და გაათავისუფლოს თანამშრომლები.

12. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის [შემდგომში სსსკ] 391-ე მუხლის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს--ს ფ--ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

13.1. კასატორის მოსაზრება, რომ 2010 წლის 24 მარტის შპს „ს--ს ფ--ს“ ადმინისტრაციას, ს--ს კ--ის მ--ა პროფესიულ კავშირსა და შპს „ს--ს ფ--ს“ გაერთიანებულ პროფკომიტეტს შორის დადებული კოლექტიური შეთანხმება 2014 წლისათვის ვადაგასული იყო და საფუძვლად ვერ დაედებოდა სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. დადგენილია, რომ კოლექტიური შეთანხმება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდებოდა მონაწილე მხარეებზე [სშკ 43-ე მუხლის პირველი წინადადება]. შეთანხმების 8.2. პუნქტის მიხედვით, მხარეებს ვადის გასვლამდე უფლება არ ჰქონდათ ცალმხრივად შეეცვალათ ან შეეწყვიტათ მასში შეტანილი ვალდებულებები. შპს „ს--ს ფ--ის“ გენერალურმა დირექტორმა კი შეთანხმების ვადის გასვლამდე, 2012 წლის 27 ნოემბერს, ცალმხრივად შეცვალა კოლექტიური შეთანხმების პირობები დასაქმებულთა საზიანოდ. შეიმუშავა შრომითი ხელშეკრულების ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრა ერთი თვით. 2011 წლის 4 ივლისს ნ--უ ჯ--თან განუსაზღვრელი ვადით იყო დადებული ხელშეკრულება და რადგანაც კასატორს არ ჰქონდა უფლება ცალმხრივად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, ამ უკანასკნელის მიერ 2012 წლის 27 ნოემბერს გამოვლენილი ნება სამართლებრივად უვარგისი იყო, რადგანაც იგი მესამე პირებისათვის ზიანის მომტანი იყო და არ იყო დაცული მისი ნამდვილობის წინაპირობები [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ, 51-ე მუხლი].

13.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2012 წლის 27 ნოემბრის, 2013 წლის 1 თებერვლის და 1 აპრილის ხელშეკრულებები სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა განუსაზღვრელი ვადით დადებულად და გააკეთა სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ კასატორმა უსაფუძვლოდ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა ნ--უ ჯ--თან.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სწორად გამოიყენა სშკ-ის 38.8 მუხლი.

13.3. ამასთან, საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს დამატებით განმარტოს შემდეგი: სშკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს შრომის კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. კასატორის უკანონო და ბრალეული მოქმედებით ნ. ჯ--ს მიადგა ზიანი - იგი 2014 წლის აპრილიდან ვერ იღებს კუთვნილ ანაზღაურებას, რაც წარმოადგენს იძულებით განაცდურს. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით: „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განხორციელებული იყო სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 411-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები:

ა) კასატორმა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან უკანონოდ შეწყვიტა, რითაც დაარღვია კოლექტიური შეთანხმების 8.2 პუნქტი. მისი ეს მოქმედება ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ სახეზეა მისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება, ბ) კასატორის ამ მოქმედების გამო ჯიბლაძეს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა, რომ არა კასატორის უკანონო მოქმედება, კასატორს სწორად დაეკისრა ნ. ჯიბლაძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

13.4. საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებელად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის გაუთვალისწინებლობისა და ამ მიზეზით გასაჩივრებული განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით. სამართლის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს და თანაბრად დაიცვას ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესები. რასაკვირველია, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დასაქმებულთა შრომითი უფლებების შელახვის ხარჯზე. როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-2012 5.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი). იხ. საქმე # ას 893-851-2013 , 7.11.2013

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელეად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან [იხილეთ საქმე #№ას-512-485-2014, 10.10.2014 წელი]

18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „საქართველოს ფოსტის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „საქართველოს ფოსტას“ უნდა დაუბრუნდს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%-210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს--ს ფ--ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - შპს „ს--ს ფ--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ --) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #551, გადახდის თარიღი 06.07.15, სს ,,საქართველოს ბანკი“) 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი