საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ივლისი, 2015 წელი,
№ას-688-654-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ს--ო ქ--ს ე--ი ს--ო
მოწინააღმდეგე მხარე – ა--ე ბ--ი.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისში, ფ--ის #--ში/გ--ის [ყოფილი კ--ის ქუჩა #--] მდებარე უძრავი ქონების, 16.24 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის [ს/კ --], ტიტულოვანი მესაკუთრე იყო ა--ე ბ--ი.
2. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა 2005 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და სანივთო უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ, 477-ე, 183-ე და 3111-ე მუხლები].
3. ა--ე ბ--ის მიმართ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა და 2011 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის [„ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. „]
4. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო - 100 000 ლარი. ამ თანხის გადახდამდე, 2011 წლის 21 ნოემბერს, ა--ე ბ--ა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მიატოვა ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება [სსკ 184-ე მუხლი].
5. მიტოვებულ ქონებაზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო [„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 14.4].
6. 2011 წლის 30 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ა--ე ბ--ს შორის. ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. ამავე განაჩენით გაუქმდა გირაო.
7. 2012 წლის 31 დეკემბერს, ა--ე ბ--ის სარჩელი 2011 წლის 21 ნოემბრის ცალმხრივი გარიგების ბათილად ცნობისა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე, წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მანამდე, 2012 წლის 19 ნოემბრისა და 14 დეკემბრის სარჩელები, სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში იმის გამო, რომ არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა სარჩელის მიღების ფორმალურ წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდგომში სსსკ), 178.21 და 186-ე მუხლები].
8. მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი [ხანდაზმულობა] შესაგებელი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--ოს ე--ა და მ--ი გ--ის ს--მ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე კოლეგიას. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა. კერძოდ, არასათანადო მოპასუხე, ს--ოს ე--ა და მ--ი გ--ის ს--ო, არ შეცვალა სათანადო მოპასუხით, სსიპ „ს--ო ქ--ს ე--ი ს--თი“, რითაც დარღვეული იქნა სსსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე ს--ს ე--ა და მ--ი გ--ის ს--ო შ--ა ს--ო მ--თ, სსიპ „ს--ო ქ--ს ე--ი ს--თი“.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბ--ის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების შესახებ გამოვლენილი ნება არ იყო ნამდვილი, რადგანაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან იძულებას, რასაც ადასტურებენ გირაოს გამოყენების, საკუთრების მიტოვებისა და საპროცესო შეთანხმების დადების გარემოებები და ფაქტიურად დროში მათი თანხვედრა [სსკ 85-86-ე მუხლები]. სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც სსკ 89-ე, 138-ე, 140.2 და 141-ე მუხლებზე დაყრდნობით.
14. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ „ს--ო ქ--ს ე--მა ს--მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება შესაგებელში მითითებული საფუძვლებით: სახელმწიფოს მხრიდან იძულებას ადგილი არ ჰქონია და გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულიც იყო.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
16. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, იგი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებას სადავო გარიგების იძულებით დადებულად შეფასებაში (სსკ 85-87 მუხლები), ხოლო მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებად (სსკ 54-ე მუხლი) შეფასება და ამ საფუძვლით მისი ბათილად ცნობა გაზიარებულ იქნა. პალატამ მიიჩნია, რომ ა. ბ--ის მიერ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გამოვლენილი ნება მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება იყო, რადგანაც იგი არღვევდა საზოგადოებაში მიღებულ „საყოველთაო ქცევის სტანდარტებს“. პალატამ მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ” და მიუთითა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების დადების მაპროვოცირებელი გარემოება შეიძლება იყოს.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ს--ო ქ--ის ე--მა სააგენტომ, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსკ 54-ე მუხლით,რადგანაც არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძველი.
18. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის (შემდგომში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ს--ო ქ--ის ე--ი ს--ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე სახის ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ თვლის დამატებით ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე:
22. სსკ-ის 184-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი, უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვება, განხორციელებულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი პირის, ალექსანდრე ბაგრატიონის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება, სამართლებრივად ნამდვილი იქნებოდა, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პირობების დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე ა.ბ--ის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იგი გამოვლენილი იყო არა საკუთრების მიტოვების, არამედ მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით. ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის, რომ იგი 2011 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით იქნა ბრალდებულად ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა შეუსაბამოდ მაღალი გირაო, 100 000 ლარი, რომელიც თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა ამ დანაშაულისათვის სხვა შემთხვევებში გამოყენებული გირაოს საშუალო ოდენობას, 10085 ლარს.
23. გარდა ამისა, ამ ნორმის სანქციით სასჯელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სწორედ პატიმრობის შეფარდების შიში იყო ის ფსიქოლოგიური ფაქტორი [მის წინააღმდეგ იყო სახელმწიფო თავისი იძულებითი ძალაუფლებით], რომელმაც ა. ბ--ი აიძულა მიეღო ქონების მიტოვების გადაწყვეტილება. ამ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ქონების მიტოვებისა და ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის შემდეგ, 2011 წლის 30 დეკემბერს, განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ა--ე ბ--ს შორის. ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. ამავე განაჩენით გაუქმდა გირაო. ამრიგად, სახეზე იყო სსკ 86-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იძულება, რაც ანიჭებდა ბ--ს მის მიერ გამოვლენილი ნების ბათილობის მოთხოვნის უფლებას [სსკ 85-ე მუხლი]. შეცილების უფლება მან კანონით დადგენილ ვადაში, 2011 წლის 21 ნოემბერს სარჩელის წარდგენით განახორციელა [სსკ 89-ე, 138-ე, 140.2 მუხლები].
24. რასაკვირველია, გარიგების დადების მიზნით პირის იძულება იმავდროულად მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაცაა, რადგანაც ამ დროს ირღვევა საჯარო წესრიგი [სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, სსკ 54-ე მუხლი]. მოცემულ შემთხვევაში, შეილახა ა--ე ბ--ს საკუთრების უფლება - მისი კუთვნილი, ქ. თბილისში, ფ--ს #--ში/გ--ის [ყოფილი კე-ს ქუჩა #--] მდებარე უძრავი ქონება, 16.24 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. ამდენად, მართალია, სსკ 54-ე და 85-86 (1)-ე მუხლებით გათვალისწინებული ორივე შემადგენლობა განხორციელებულია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სპეციალური შემადგენლობით, სსკ 85-86(1) მუხლებით, გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი.
25. შეცილების განხორციელების მომენტიდან, ა. ბ--ის მიერ 2011 წლის 21 ნოემბერს გამოვლენილი ცალმხრივი ნების გამოვლენა [ცალმხრივი გარიგება] ითვლება ბათილად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის გაუქმებას, რაც ამ გარიგებას მოჰყვა. შესაბამისად, მიტოვებულ ქონებაზე ა--ე ბ--ის საკუთრების უფლების აღდგენა უნდა დაეფუძნოს სსკ 978 მუხლსა [„პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“] და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას [ „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე..“]. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ს--ო ქ--ს ე--ი ს--ოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ს--ო ქ--ის ე--ი ს--ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი