საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-689-655-2015 08 ივლისი, 2015 წელი
ას-689-655-2015-ნ-ი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი მოპასუხე დ. ნ-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრა დ. ნ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით დ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა განახლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ბ-ის უფლებამონაცვლის ხ. დ-ის სარჩელი მოპასუხე დ. ნ-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინებით დ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ნ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინების ასლი 2015 წლის 12 ივნისს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს (ბიძაშვილს) - ბ. დ-ეს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ს.ფ. 221). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 24 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. ნ-ის კერძო საჩივარი შეტანილია 2015 წლის 26 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 223).
2015 წლის 26 ივნისს დ. ნ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ 2015 წლის 24 ივნისს კერძო საჩივარი შეცდომით წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საკასაციო სასამართლოში განუმარტეს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ. ნ-ის მიერ კერძო საჩივრის, კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლოსათვის წარდგენის ფაქტი. დ. ნ–ის განცხადება, რომელსაც თან ერთვის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2015 წლის 26 ივნისს (ს/ფ 223). 2015 წლის 24 ივნისს სასამართლოში წარდგენის დამადასტურებელი შტამპი კერძო საჩივარზე არ არის (ს/ფ 224). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 26 ივნისს, დ. ნ-ის განცხადებასთან ერთად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში დ. ნ-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი