საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ას-690-656-2015 14ივლისი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ--ზ ლ--ე
მოწინააღმდეგე მხარე – ბ--ი დ--ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 18 ივნისს, ბ--ი დ--მა სესხის სახით გადასცა მ--ზ ლ--ს 4 500 აშშ დოლარი. მხარეთა შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიალურად.
სესხისათვის სარგებელი ყოველთვიურად შეადგენდა 3%-ს. მისი დაბრუნების ვადა კი სამი თვით, 2013 წლის 18 სექტემბრამდე, განისაზღვრა. ვადის გადაცილების შემთხვევაში, შეთანხმება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.15%-ს გადახდას.
სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის, მ--ზ ლ--ის, კუთვნილი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, კ--ის ქუჩა, კორპუსი #--, ბინა #--, 27 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი:--.
ხელშეკრულება აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის [შემდგომში სსკ] 623-625-ე მუხლების მოთხოვნებს.
იპოთეკა რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში [სსკ 289-ე მუხლის პირველი ნაწილი].
გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის, მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოეხდინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე [ხელშეკრულების პუნქტი 15, სსკ 302-ე 31 მუხლი].
2014 წლის 21 იანვარს, ბ--ი დ--ის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა [ქ--ნ ბ--ი] გასცა სააღსრულებო ფურცელი [რეგისტრაციის #--].
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მ--ზ ლ--ს გადასახდელად დაეკისრა ძირითადი დავალიანება - 4500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 6,75 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გამოწერის საზღაური - 100 ლარი, დღგ-18 ლარი და რეგისტრაციის საზღაური -2 ლარი.
კერძო აღმასრულებელმა [ნ--ა ე--ი] ბ--ი დ--ს მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულების პროცესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინების საფუძველზე შეჩერებული იქნა სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.
2014 წლის 3 ივნისს მ--ზ ლ--მ სარჩელი აღძრა სასამართლოში. მან მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადახდილი აქვს როგორც სამი თვის სარგებელი, ისე ნასესხები თანხის ნაწილი, შესაბამისად, გადასახდელი თანხა უნდა შემცირებულიყო 2570$-მდე [სსკ 427, 429-ე მუხლები].
გარდა ამისა, მან მოითხოვა 8 თვის პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირება 60 $-მდე [სსკ 420-ე მუხლი].
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ--ზ ლ--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შევიდა შესაბამისი ცვლილება სააღსრულებო ფურცელში და მისი ვალდებულება კრედიტორ ბ--ი დ--ს მიმართ განისაზღვრა 2705 $-ით. ასევე შემცირებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და საბოლოოდ განისაზღვრა 200 $-ით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--ზ ლ--მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით მ. ლ--ს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად [სსსკ 374-ე მუხლი].
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ძირი თანხის 135$-ისა და პირგასამტეხლოს - 140$-ის, სულ 275 აშშ დოლარის ნაწილში, რაც არ აღემატებოდა 1000 ლარს [სსსკ 365-ე მუხლი].
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, რადგანაც დავის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ--ზ ლ--მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მსგავს საქმეებზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, გადასახდელი თანხის შემცირება 620 ლარით მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი იმყოფება მატერიალურად უმძიმეს მდგომარეობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ--ზ ლ--ს კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, მხარე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას 275 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით შეადგენს 618 ლარს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას მისი ღირებულებიდან გამომდინარე.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--ზ ლ--ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი