Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-693-659-2015 30 ივლისი, 2015 წელი,

ას-693-659-2015 გ-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 30 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ლ. გ-ს შორის დაიდო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება 6 თვის ვადით. განისაზღვრა საიჯარო ქირის ოდენობა და ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ქირის 0,1%-ის ოდენობით, სხვა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თითოეულ დარღვევაზე 3 600 ლარის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ლ. გ-მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

2. 2014 წლის 19 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 1 972,5 ლარის გადახდის დაკისრება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. გ-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 986 ლარის ოდენობით; ლ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა- 29.58 ლარის ოდენობით.

4. დასახელებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 1 972.5 ლარს, საიდანაც სასარჩელო მოთხოვნა 986 ლარის ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი დარჩა 986,5 ლარი, რაც შეადგენს სააპელაციო საჩივრის ღირებულებას.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 372-ე, 374-ე მუხლებით მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იგი არ არის დასაშვები განსახილველად.

8. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განსახილველად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავებს შეეხება, განსახილველი დავა კი არ არის ქონებრივ-სამართლებრივი, იგი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისგან წარმოშობილი სამართლებრივი დავაა (ს.ფ.96).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 08 ივლისის განჩინებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1 000 (ერთი ათას) ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

13. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მოთხოვნაა გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის 986,5 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორად განსაზღვრა 986,5 ლარით.

14. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 374.2-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია განსახილველად.

15. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ დავა არ არის ქონებრივ-სამართლებრივი და მასზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება 6 თვის ვადით. განისაზღვრა საიჯარო ქირის ოდენობა და ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ქირის 0,1%-ის ოდენობით, სხვა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თითოეულ დარღვევაზე 3 600 ლარის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

17. აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ქონებრივ-სამართლებრივია. დავაში მხარის სამართლებრივი ინტერესი ქონებრივი სარგებლის მიღებაა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება.

3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე