Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-694-660-2015 23 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ--ა თ--ს, მ--ა თ--ს და მ--ი თ--ს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებაზე, საქმეზე ი--ა გ--ს სარჩელისა გამო მ--ა თ--ის, მ--ა თ--ს და მ--ი თ--ს მიმართ სესხის თანხის გადახდევინებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, თუ კერძო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს ავალებს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წაერმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინების თაობაზე იმავე წლის 6 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მ--ი თ--ს რძალს, თ--რ მ--ს.

სსსკ 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ მე-60, 61-ე მუხლების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 7 ივლისს და დასრულდა იმავე წლის 13 ივლისის 2400 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სსსკ 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, მ--ა თ--მ, მ--ა თ--მ და მ--ი თ--მ დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლამდე არ შეავსეს ხარვეზი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ--ა თ--ს, მ--ა თ--ს და მ--ი თ--ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილვევლი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა