Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-701-667-2015 28 ივლისი, 2015 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ--ი ს--ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ ი--ს მ--ა ქ--ი ო--ა ს--ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ააიპ-მ „ი--ს მ--ა ქ--ი ო--ა ს--ი“ სარჩელი აღძრა შპს „ჩ--ი ს--ს“ მიმართ და მოითხოვა: ა) მოპასუხეზე ზიანის სახით 22379 ლარის დაკისრება; ბ) სასამართლო და არასასამართლო ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს: სახელმწიფო ბაჟს, მგზავრობის, სასტუმროს, კვებისა და ექსპერტის ხარჯებს.

2. 2015 წლის 11 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მოპასუხის გამუცხადებლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 230-ე მუხლი].

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა შპს „ჩ--ი ს--ა “ [სსსკ 236-ე მუხლი].

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ჩ--ი ს--ა“.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით დადგინდა ხარვეზი. შპს „ჩ--ი ს--ს“ დაევალა 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის, 1023.75 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით, შპს „ჩ--ი ს--ის“ განცხადების საფუძველზე, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაგრძელდა კიდევ 7 დღით.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინება შპს „ჩ--ი ს--ის“ თანამშრომელს თ--რ ფ--ს ჩაბარდა 2015 წლის 28 მაისს.

9. შპს „ჩ--ი ს--ის“ მიერ 2015 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით, შპს „ჩ--ი ს--ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (სსსკ 374-ე, 368.5 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის განმავლობაში სრულად არ იქნა შევსებული ხარვეზი, კერძოდ, წარმოდგენილი არ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ჩ--ი ს---მა“.

12. კერძო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით და არა სააპელაციო საჩივრით. შესაბამისად, საჩივრის ფორმა თავისუფალია და უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 236-237 მუხლების მოთხოვნებს, მისთვის სპეციალური ფორმის ნიმუში დადგენილი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჩ--ი ს--ის“ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია:

სსსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე არის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სააპელაციო წესით.

14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსსკ-ის 240.3 მუხლის შესაბამისად, მიღებული განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრება ხდება სააპელაციო საჩივრის და არა საჩივრის წარდგენის გზით. სააპელაციო საჩივარი კი უნდა უპასუხებდეს სსსკ-ის 367- 368-ე მუხლის მოთხოვნებს, ე. ი. შედგენილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის წესების დაცვით. მასში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ჩამოყალიბებული აპელანტის მოსაზრებები საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან და შესაბამის მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შპს „ჩ--ი ს--ის“ თანამშრომელს თ--რ ფ--ს ჩაბარდა 2015 წლის 28 მაისს.

16. სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზის შევსების აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე შპს „ჩ--ი ს--მა“ ხარვეზი სრულად არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით სამართლოსთვის არ მიუმართავს, ხოლო სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს საპროცესო ვადა [სსსკ-ის 368.7 მუხლი]

18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ და საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ჩ--ი ს--ს“ მოესპო შესაძლებლობა განახორციელოს საპროცესო მოქმედება და შეავსოს დადგენილი ხარვეზი.

19. სსსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში არ მოხდება ხარვეზის შევსება, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და იგი განუხილველად დარჩება (სსსკ-ის 374.1)

20. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ--ი ს--ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი