Facebook Twitter

საქმე №330210014636765

საქმე №ას-705-671-2015 24 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. თ.-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. თ.-ას მიმართ და მოითხოვეს 2014 წლის 2 ივლისს ნოტარიუს მ. მ.-ის მიერ გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის 11120 აშშ დოლარით შემცირება და სესხის ძირითადი თანხის 12230 აშშ დოლარით განსაზღვრა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 8 მაისს მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ებსა და ი. თ.-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეებს ი. თ.-ამ სესხის სახით გადასცა 23350 აშშ დოლარი სამი თვის ვადით ყოველთვიურად 1% სარგებლის დარიცხვითა და გადახდით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეთა კუთვნილი ქ.თ.-ში, დ.-ის მასივის პირველი კვარტლის №.. კორპუსის №.. ბინა საკადასტრო კოდით №....

2014 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელეებს ჩაბარდათ კერძო აღმასრულებელ მზია სალუქაშვილის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, საიდანაც ირკვეოდა, რომ 2014 წლის 2 ივლისს ი. თ.-ამ მიმართა ნოტარიუს მ. მ.-ეს და მიიღო №... სააღსრულებო ფურცელი. მითითებული დოკუმენტის მიხედვით, კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენდა 23350 აშშ დოლარს.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2012 წლიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით ი. თ.-ას სრულად გადაუხადეს ყოველთვიური პროცენტი და ძირითადი თანხის ნახევარი, სულ – 11220 აშშ დოლარი. შესაბამისად, კრედიტორი მოვალეებს ედავება უკვე მიღებულ თანხას ხელმეორედ მაშინ, როდესაც მას მხოლოდ 12 130 აშშ დოლარის მოთხოვნა გააჩნია.

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა ისარგებლეს მისი ნდობით, კეთილი განწყობით და ყველანაირად ცდილობენ, არ დააბრუნონ სესხად გადაცემული თანხა. მათ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხე იძულებული გახდა მიემართა აღმასრულებლისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 2 ივლისს ნოტარიუს მ. მ.-ის მიერ გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და სესხის ძირითადი თანხა, 23350 აშშ დოლარის ნაცვლად, განისაზღვრა 20150,5 აშშ დოლარით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს რ. გ.-ს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 288.80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

განჩინებით განსაზღვრულ ვადაში – 2015 წლის 22 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა რ. გ.-მა, რომელმაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აპელანტები განიცდიან მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, წარმოადგენენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმა საერთაშორისო კონვენციებით და შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტებით აღიარებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების უზრუნველყოფის მიზნით, აწესებს მთელ რიგ შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, მათ შორის, კანონის ეს დანაწესი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას.

ამასთან, აღნიშნული შესაძლებლობის რეალიზება მეტწილად შუამდგომლობის ავტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, სწორედ მას ევალება სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დასაბუთება და სასამართლოსთვის უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები, რადგან საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ აპელანტები განიცდიან მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, წარმოადგენენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, თუმცა არ წარმოადგინეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად აქვთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე, ისე – სარჩელზე.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენელმა რ. გ.-მა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის (შუამდგომლობის) ავტორს სასამართლოსთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო პალატა უფლებამოსილი არ არის, თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია აპელანტების გადახდისუუნარობის ფაქტი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სასამართლო წესით პირის ინტერესთა დაცვის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. ამდენად, აპელანტებს შეეზღუდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება. მხარეთა მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებულ შეღავათებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.

გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრისათვის განსაზღვრული ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 15 მაისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტებს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 288,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების ჩაბარების შესახებ აქტით დასტურდება და მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტთა წარმომადგენელ რ. გ.-ს 2015 წლის 18 მაისს ჩაბარდა (ს.ფ. 150). ამასთან, რ.გ.-ის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული მინდობილობებით (ს.ფ. 136-145).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 25 მაისის (2015 წლის 23-24 მაისი იყო უქმე, არასამუშაო დღეები), თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად შეუვსია.

2015 წლის 22 მაისს აპელანტების წარმომადგენელმა რ. გ.-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა დარჩენილი თანხის გადახდისაგან მხარის გათავისუფლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელს აქვს ფინანსური სირთულეები, ჰყავს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახი, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება სააპელაციო სასამართლოსათვის არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტებმა ჯერ კიდევ სააპელაციო საჩივარში მიუთითეს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან (ს.ფ. 132), რაც სააპელაციო პალატას ხარვეზის დადგენისას არ შეუფასებია (არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების რომელ წინაპირობებს ითვალისწინებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და სააპელაციო საჩივრის შესაბამისი გრაფა, რომელიც აპელანტებმა მოხაზეს, არ განუმარტავს მხარისათვის შუამდგომლობის დასასაბუთებლად სათანადო მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე), თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას და დასაბუთებულად მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ განახორციელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და მათ ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაში დასახელებული გარემოებების არსებობა (ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და სოციალურად დაუცველია) უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ხარვეზის შეუვსებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აპელანტებს შეეზღუდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სასამართლო წესით პირის ინტერესთა დაცვის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების აუცილებლობა დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მხარის სარჩელისა თუ საჩივრების დასაშვებობის ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, კანონის დანაწესის დაცვა მხარის კანონიერი ინტერესების, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფად ვერ ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ ზემოხსენებული წესის შესაბამისად, ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. მხოლოდ მხარის მითითება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ კანონის ზემოხსენებული დანაწესის გამოყენების საფუძველს არ წარმოადგენდა მით უფრო, რომ მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ებმა სარჩელის აღძვრისას სრულად გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 586 ლარის ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ., მ.-ი, რ. და ჯ. ჩ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე