Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ას-707-673-2015 14 ივლისი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ ე--ი ს--ო ს--ოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებაზე, საქმეზე მ--ა ნ--ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე სსიპ ე--ი ს--ო ს--ს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინების ასლი 2015 წლის 11 ივნისს ჩაბარდა სსიპ ე--ი ს--ო ს--ოს კანცელარიის თანამშრომელს ვ--ა მ--ს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით ( ს.ფ. 181). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების მიხედვით, საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 12 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივნისის 24 საათზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ ე--ი ს--ო ს--ს კერძო საჩივარი საქართველოს ფოსტის მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ჩაბარდა 2015 წლის 29 ივნისს (ს.ფ 183,214). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილ საფოსტო კონვერტებზე (ს.ფ. 213, 244) არ ფიქსირდება გზავნილის ფოსტაში ჩაბარების თარიღი, მათზე შესაბამისად, მითითებულია საქართველოს ფოსტის შტრიხ კოდები --- და ---. სასამართლოს მიერ საქართველოს ფოსტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია გზავნილების საქართველოს ფოსტაში ჩაბარების თარიღის შესახებ და დგინდება, რომ აღნიშნული გზავნილები საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2015 წლის 26 ივნისს ანუ კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ ე--ა ს--ო ს--ომ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ე--ი ს--ო ს--ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა