Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-709-675-2015 30 ივლისი, 2015 წელი,

ას-709-675-2015 ა-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ი-ო“-ს სარჩელი შპს „გ“-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. შპს "გ"-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის 696.36 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა განჩინების გადაცემიდან 7 დღის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით შპს "გ"-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს "გ"-ის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2015 წლის 13 მაისს.

6. ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 14 მაისს და ამოიწურა 2015 წლის 20 მაისს.

7. აპელანტს მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368.5-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. შპს "გ"-ის უფლებამონაცვლე შპს "ა-მა" კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება შემდეგი საფუძვლით:

9. 2015 წლის 01 მაისს შპს "გ"-ის წილი გაიყიდა და ახალი პარტნიორების მიერ დაინიშნა ახალი დირექტორი, ამავე წლის 07 მაისს საწარმოს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს "ა-ი". ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინება შპს "გ"-ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2015 წლის 13 მაისს. ძველი ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დროულად შეტყობინებული არა მარტო ხარვეზის შესახებ განჩინების, არამედ სასამართლოში წარმოებული დავის თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 08 ივლისის განჩინებით შპს "ა-ი"-ს კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. განსახილველი დავის მხარეებს წარმოადგენენ შპს "გ-ი" და შპს "ი-ო".

13. უდავოდ დადგენილი გარემოებაა და საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ 'სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინება შპს "გ"-ის წარმომადგენელს ჩაბარდა 2015 წლის 13 მაისს. განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ 2015 წლის 01 მაისს გაიყიდა შპს "გ-ი" და 2015 წლის 7 მაისს მას შეეცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს "ა-ი". ამასთან შპს "გ"-ის ადმინისტრაციას უფლებამონაცვლისათვის სასამართლო დავისა და ხარვეზის თაობაზე არ უცნობებია.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეასრულა საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული, მხარის შეტყობინების ვალდებულება. სასამართლოს რაიმე ინფორმაცია მოდავე მხარის უფლებამონაცვლის თაობაზე არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე მუხლის შესაბამისად მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შპს "ა-ის" კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 ივნისის განჩინება.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მომხსენებელი ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე