საქმე №ას-719-688-2014 3 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ-3“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.შ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, გადახდილი თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.შ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-3-ის“ მიმართ მხარეთა შორის 2008 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის, 9 000 ევროს დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს _ 900 ევროს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი, ორმხრივი ნების არსებობის შემთხვევაში, შეწყდეს ხელშეკრულება, გადახდილი 9 000 ევროს დაბრუნება დაეკისროს სამი თვის განმავლობაში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ თავად დაარღვია ვალდებულება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.შ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოიშალა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და შპს „მ-3-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 000 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 900 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით შპს „მ-3-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ 2008 წლის 22 აპრილს შპს „მ-3-სა“ და ი.შ–ს შორის დადებული განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.შ–ს შპს „მ-3-ის“ მიმართ არსებული ვალდებულება 9 000 ევროს გადახდის შესახებ არ შეუსრულებია.
2008 წლის 22 აპრილს შპს „მ-3-სა“ და ი.შ–ს შორის დაიდო განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ი.შ–ს ბორჯომის რაიონის ..... მდებარე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ სახლში უნდა მიეღო №2 ბინა, საერთო ფართით 31,6 კვ.მ. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 21 966 ევროს ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2009 წლის იანვარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემისა და სახლის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად _ 2009 წლის აპრილი.
2008 წლის 22 აპრილს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მისი დადების დროს მოსარჩელეს ნაწილობრივ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, მას გადახდილი ჰქონდა 5 200 ევრო, რაც ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით იყო აღიარებული.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4 პუნქტით განისაზღვრა დარჩენილი თანხის გადახდის გრაფიკი. მითითებული პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გამყიდველის არჩევანის შესაბამისად.
ამავე ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.5 პუნქტის თანახმად, შპს „კ.ი.დ.ი“ აწარმოებდა სარეკლამო კამპანიას, მოლაპარაკებებს კლიენტებთან მშენებლობის პირობებსა და ვადებზე (თითოეულ კლიენტთან ცალ-ცალკე).
საქმეში წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, დგინდებოდა, რომ 2008 წლის 22 აპრილს შპს „მ-3-სა“ და ი.შ–ს შორის დადებული განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.შ–მ შპს „მ-3-ის“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად, შპს „კ.ი.დ.ს“ გადაუხადა 9 000 ევროს ეკვივალენტი ლარში. კერძოდ, 2008 წლის 29 თებერვალს გადახდილია 12 198.68 ლარი (5 200 ევრო); 2008 წლის 24 ივნისს გადახდილია 6 132 ლარი (2 800 ევრო) და 2008 წლის 15 დეკემბერს _ 2 200 ლარი (1 000 ევრო).
სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, შპს „კ.ი.დ.ი“ წარმოადგენდა უფლებამოსილ სუბიექტს, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლიენტებთან მშენებლობის პირობებსა და ვადებზე და გათვალისწინებით იმისა, რომ ხელშეკრულების დადებამდე ი.შ–ს შპს „კ.ი.დ.ი-თვის“გადახდილი 5 200 ევრო მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შპს „მ-3-მა“ ჩათვალა გადახდილად, არ გამოუთქვამს პრეტენზია თანხის ამგვარად გადახდის გამო და ი.შ. შპს „მ-3-ის“ მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად აგრძელებდა თანხის ეტაპობრივად გადახდას შპს „კ.ი.დ.ი-თვის“, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ამგვარად შეასრულა ვალდებულება აპელანტის მიმართ, რადგან, თანხის გადახდის სხვა წესის შესახებ შპს „მ-3-ს“ მყიდველისათვის არ მიუთითებია.
2008 წლის 22 მაისს საჯარო რეესტრში გაკეთდა ჩანაწერი ი.შ–ს, როგორც მომავალი მესაკუთრის, უფლების რეგისტრაციის თაობაზე მესაკუთრის ვალდებულების გრაფაში.
ი.შ–მ წერილობით მიმართა შპს „მ-3-ის“ დირექტორ კ.ქ–ს და, ვინაიდან, შპს „მ-3-მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება 30 კალენდარული დღის ვადაში, ასევე, მოითხოვა გადახდილი თანხის 10%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
ი.შ–ს 2008 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში უძრავი ქონება არ გადაეცა. ამასთან საცხოვრებელი სახლი, რომელიც უნდა მიეღო, ამჟამადაც მშენებლობის საწყის ეტაპზეა.
შპს „მ-3-სა“ და შპს „კ.ი.დ.ს“ შორის 2007 წლის 30 მარტს დაიდო მოსამზადებელი, მიწის და სხვა სამუშაოების წინარე ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შემკვეთი (შპს „მ-3“) დასახული მიზნის მისაღწევად მენარდეს (შპს „კ.ი.დ.ი“) ავალებდა წინამოსამზადებელი, მიწისა და სხვა სამუშაოების ჩატარებას, საცხოვრებელი კომპლექსის _ კოტეჯების აშენებას და სასტუმროს რეკონსტრუქციას, ხოლო მენარდე იღებდა ვალდებულებას, დავალების დროულად და ხარისხიანი შესრულებისათვის. საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენებულიყო შემდეგი მახასიათებლების მქონე მიწის ნაკვეთებზე, სარეგისტრაციო ზონა: ბორჯომის რაიონი .... საკრებულო, კოდი ..; კვარტლის №..., ნაკვეთის №....; მისამართი ...... უფლება - საკუთრება; ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 2008 წლის 22 აპრილს შპს „მ–3-სა“ და ი.შ–ს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლით და განმარტა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე (გამყიდველი) მოსარჩელეს (მყიდველს) საკუთრებაში გადასცემდა კონკრეტულ უძრავ ქონებას. მოპასუხემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, მხარეები არ დავობდნენ, რომ ამ ვალდებულების შესრულების პერსპექტივა ჯერჯერობით არ არსებობდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ ეტაპობრივად გადაიხადა 9 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება დადგენილი წესით და ვადაში, რადგანაც მხარეთა შეთანხმებით ი.შ–ს ნასყიდობის საგანი უნდა მიეღო არა უგვიანეს 2009 წლის აპრილისა. ხელშეკრულების დასრულების ვადად მიეთითა 2009 წლის იანვარი. ამდენად, აღნიშნული ვადა წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო გონივრულ ვადას. მოცემულ შემთხვევაში კი, ბინა არ იყო აშენებული და ნივთი მოსარჩელეს არ გადასცემია. შეთანხმებული ვადის გასვლის შემდგომ სახლის მშენებლობა საწყის სტადიაზე იმყოფებოდა და მოპასუხე ვალდებულების სრულად შესრულების გონივრული ვადას ვერ უთითებდა.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე, 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. 2008 წლის 22 აპრილის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, შპს „მ-3-ის“ მხრიდან მყიდველისათვის ბინის ჩაბარების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სრულად. აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ იმსჯელა თავად მოსარჩელის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებაზე, არ იქნა გაზიარებული. ამ თვალსაზრისით პალატამ აღნიშნა, რომ 2008 წლის 22 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად, მშენებლობის დასრულება უნდა მომხდარიყო 2009 წლის იანვარში. ი.შ–მ ბოლო გადახდა აწარმოა 2008 წლის დეკემბერში. სარჩელის აღძვრისა და, შესაბამისად, არც 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით მშენებლობა არ დასრულებულა, უფრო მეტიც, მშენებლობა იმყოფებოდა საწყის ეტაპზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან თანხის შემდგომი გადახდების შეწყვეტა ვერ გახდებოდა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაში მოპასუხეს არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება და მისი პოზიციის შესაბამისად, ვალდებულების შესრულება არც მომავალში იყო მოსალოდნელი. ეს გარემოება კი, საფუძვლიანს ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნა ისიც, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს სახით დასაბრუნებელი თანხის 10%-ის გადახდა. ვინაიდან ხელშეკრულების პირობა მოპასუხის მხრიდან დაირღვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა შპს „კ.ი.დ.ი-ის“ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს აღარ გააჩნდა ამ განჩინების გაუქმების იურიდიული ინტერესი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-3-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 4 700 ევროსა და პირგასამტეხლოს _ 900 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ 2008 წლის 22 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, შპს „კ.ი.დ.ი-თვის“ მოსარჩელის მიერ 5 200 ევროს გადახდა მხარეთა მიერ ხელშეკრულების ფარგლებში თანხის გადახდადაა აღიარებული, რადგანაც სასამართლოს დასკვნა ეწინააღმდეგება ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განსაზღვრულ ნასყიდობის ფასის გადახდის წესს. როგორც კასატორისათვის გახდა ცნობილი, მოსარჩელემ შპს „კ.ი.დ.ი-ს“ მოგვიანებით კვლავ გადაუხადა თანხა, თუმცა მოპასუხისაგან შემძენს ამგვარი მითითება არ მიუღია, უფრო მეტიც, ამ ფაქტის თაობაზე მისთვის მხოლოდ სარჩელიდან გახდა ცნობილი. ასევე არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ თანხის გადახდის სხვა წესის შესახებ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ მიუთითებია, რადგანაც თავად ხელშეკრულება, მხარეთა მითითებული რეკვიზიტების ჩათლით, ადგენს თანხის მხოლოდ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვას ან მოპასუხის სალაროში შეტანას და იგი სხვა წესს არ შეიცავს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ადრე მესამე პირს გადასცა თანხა და მოპასუხემ ეს მისთვის მიცემულად ჩაუთვალა, არ ნიშნავს ხელშეკრულების დადების შემდეგ იმავე წესზე შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებაში 3.4 მუხლის ჩაწერა ან რეკვიზიტებში მოპასუხის საბანკო ანგარიშის მითითება მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს.
არასწორია ასევე სასამართლოს მსჯელობა, რომ მესამე პირად შპს „კ.ი.დ.ი-ს“ ჩაბმის მიმართ მოპასუხეს იურიდიული ინტერესი არ გააჩნია და ამის გამო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ, მართალია, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ მიკერძოებულად განმარტა იგი, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 417-ე მუხლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „მ-3-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც მოვალემ დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულება ვერ უზრუნველყო, ამასთანავე, ვერც იმ სავარაუდო თარიღზე მიუთითა, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი მშენებლობის დასრულება. ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა როგორც მხარეთა ორმხრივი რესტიტუციის, ისე მოვალისათვის წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
რაც შეეხება თანხის გადახდის ფაქტს, პალატამ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებზე, ასევე, სახელშეკრულებო პირობაზე (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი) დაყრდნობით დაადგინა მოსარჩელის მიერ 9 000 ევროს გადახდის ფაქტი, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობა მართებულად სწორედ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიიჩნია.
კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს დასკვნას თანხის ნაწილის _ 4 700 ევროს ანაზღაურების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ოდენობის ვალდებულება მოსარჩელემ არაუფლებამოსილი პირის მიმართ შეასრულა, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია და, ასევე, ვერ განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, როდესაც შესაძლებელი იქნება მშენებლობის დასრულება, ეს გარემოება კი, სასამართლომ მართებულად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლად, რაც შეეხება თანხის გადახდის ფაქტს, პალატა, გარდა ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოკვლეული გარემოებისა, დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე დაეთანხმა 9 000 ევროს გადახდის ფაქტს და გამოთქვა მზაობა, სამი თვის ვადაში დაებრუნებინა იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.
საყურადღებოა, რომ 133-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარების გაქარწყლება საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის არგუმენტს სადავო თანხის ნაწილის არაუფლებამოსილი პირითვის გადახდის თაობაზე.
გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.2 პუნქტით მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მშენებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს _ დასაბრუნებელი თანხის 10%-ის გადახდაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ამგვარ საშუალებაზე შეთანხმება სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების მოთხოვნებს, ამასთანავე, რადგანაც დავას არ იწვევს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ქვემდგომმა სასამართლოებმა სრულიად კანონიერად დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას შპს „მ-3-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს კ.ქ–ს მიერ 2014 წლის 24 ივნისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 582 ლარის 70% _ 407,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-3-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „მ-3-ს“ (ს/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) კ. ქ–ს მიერ 2014 წლის 24 ივნისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 582 ლარის 70% _ 407,4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე